თაღლითი თუ ხალხის უფლებების დამცველი?! - ვინ არის ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ჭიჭინაძე (არქივიდან)

არქივიდან 05 Sep 2020 01:22

ეროვნული სტადიონის (დინამოს) ყოფილი გენერალური დირექტორის, ვეტერანი ფეხბურთელის, ნუკრი კაკილაშვილის ნაამბობი ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე, დავით ჭიჭინაძეზე:



_დეპუტატი დავით ჭიჭინაძე წლების წინ გავიცანი. დეპუტატებმა ითამაშეს. მე, მაშინ დინამოს სტადიონის დირექტორი ვიყავი. ის, დეპუტატი გახლდათ „ტრადიციონალისტებიდან“, კაკო ასათიანის პარტიიდან. ამ პერიოდში დავმეგობრდით.


გარკვეული პერიოდის შემდეგ, ერთი წლით ციხეში მოვხვდი. ეს იყო სააკაშვილის დროს. დამაკავეს, არაფრის გამო. მილიონს მთხოვდნენ. არაფერი დანაშაული არ მიმიძღოდა, რაში უნდა გადამეხადა. თანაც არც მქონდა. მილიონი წარმოიდგინეთ რამხელა თანხაა. ვუთხარი მე არ მაქვს და არც მეგობრები მყავს, ვინც გადაიხდიან-თქო. ერთი წელი ასე მამყოფეს და ბოლოს გამომიშვეს. ვერაფერი ვერ დამიმტკიცეს, ვერც მიმატანინეს. რომ მიშვებდნენ მითხრეს - პრეცედენტი არ არსებობს, უფულოდ ვინმე გავუშვათო და სიმბოლურად 50 ათასი უნდა მოიტანოთო. სხვა რა გზა მქონდა. ამ პერიოდში ვალები დამედო.


ციხიდან რომ გამოვედი ვალებს ვალები ემატებოდა. ყველამ იცოდა ჩემი მდგომარეობის შესახებ. ეს, გაიგო დავით ჭიჭინაძემაც. იმ დროს, ის სამშენებლო ბიზნესში იყო ჩართული. ერთ დღეს მოვიდა და მეუბნება - ავლაბარში, ბოდბის 4 ნომერში კორპუსს ვაშენებო და შემომთავაზა ბინა მეყიდა. ძალიან საინტერესოდ წარმოაჩინა წინადადება და დავინტერესდით. ჩვენი ბინა ჩავდეთ ბანკში და საკუთარი ხელით მივეცით 85 ათასი დოლარი.


_როდის მიხვდით, რომ აფიორაში მონაწილეობდით?


_იმ პერიოდში, „მეტეხის ჩრდილი“ რომაა რესტორანი, იმ ტერიტორიაზე მშენებლობა დაიწყო და დაიმედებული ვიყავით, რომ ჩვენი ბინა შენდებოდა. ამ პერიოდს დაემთხვა აგვისტოს ომი, 2008-ში. ბევრი რაღაც დაემთხვა ერთმანეთს და ვერ მოვიკითხეთ დეტალურად. როგორც გითხარით, ვფიქრობდით, რომ უკვე შენდებოდა ჩვენი ბინა.


გარკვეული პერიოდის მერე, როცა უკვე გაგვიჭირდა თანხის გადახდა ბანკისთვის, დავინტერესდით. როგორც გაირკვა, არანაირი მშენებლობა არც კი დაწყებულა. ან როგორ დაიწყებოდა, ბოდბის 4 ნომერში რომ მივედით, დაგვხვდა იტალიურ ეზოში 20 კვადრატული ფართი. როგორც დავასკვენით, ეს აფიორა მოფიქრებული იყო წინასწარ.


_თქვენ გარდა, კიდევ იყვნენ სხვებიც თქვენს დღეში?


_როგორც გავარკვიე ჩემ გარდაც იყვნენ, მაგრამ მათი დასახელებისგან თავს შევიკავებ.


_რა პასუხი გაგცათ? აგიხსნათ რამე?


_რა პასუხი უნდა გაეცა?! ბანკში გაგვყვა და ჩემი ქონება ჩადეთ და მათი სახლი გაათვისუფლეთო. ანუ, ჩანაცვლებას ითხოვდა. უარი უთხრა ბანკმა და ამის მერე დავკარგეთ სახლი. ეს იყო ძალიან დიდი დარტყმა ჩვენთვის.


_ხელშეკრულება თუ გქონდათ რაიმე სახის გაფორმებული, ამ ოდენობის თანხა რომ გადაეცით, გარანტია არ მოითხოვეთ?


_ჩვენ მას ნდობით ვუყურებდით, ვერც კი წარმოგვედგინა მსგავსი რამ. არანაირი ხელშეკრულება არ გაგვიფორმებია. რაღაც ერთი ფურცელი იყო, სადაც ამ თემაზე იყო აღნიშნული და ისიც გამოგვართვა მალევე - რაღაც ოფიციალური მხარე არის მოსაგვარებელი და მაგისთვის მჭირდებაო. სხვა არც არაფერი გვქონდა ხელთ.


_სამართალდამცველებს არ მიმართეთ?


_პროკურატურას მივმართეთ, თუმცა როგორც გვითხრეს, ვერ მიეცემოდა მსვლელობა საქმეს, ვინაიდან არანაირი ხელჩასაჭიდი საფუძველი არ არსებობდა. არანაირი დამადასტურებელი, რომ ფული ნამდვილად გადავეცით. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ბოლოს გვიცხადებდა, არანაირი ფული არ მოგიციათო.


_როგორ დასრულდა ეს ამბავი თქვენი ოჯახისთვის?


_ამ სიტუაციიდან ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიყვანა, მან გადაგვირჩინა ბინა. ბანკი „ქართუს“ მეშვეობით პირობები შეგვიქმნა ისეთი, რომ ბინა შევინარჩუნეთ. მართალია, ისევ ვიხდით თანხას, მაგრამ ჭერი არ დავკარგეთ.


_ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ იცნობთ?


_კი, ვიცნობ.


_თუ მას იცნობდით, როგორ მოხვდა დავით ჭიჭინაძე მის გუნდში? არ იყო ის ამ საქმის საქმის კურსში?


_დიდი ალბათობით არ მას ეს ინფორმაცია არ ჰქონდა.


_არ გიცდიათ მიგეწვდინათ ხმა ამ ამბის შესახებ?


_ფიზიკურად ვერ მოვახერხე მისი ნახვა მას მერე და ხმაც ვერ მივაწვდინე.


_რას აპირებთ?


_რას უნდა ვაპირებდე?! აუცილებლად შევხვდები სადმე  და ექნება გაგრძელება, ისე როგორც ეს კაცებს შეეფერებათ.


_ფიზიკურ ანგარიშსწორებას გულისხმობთ.


_არაფერი არ არის გამორიცხული.


ნუკრი კაკილაშვილთან საუბრის შემდეგ დეპუტატ დავით ჭიჭინაძეს დავუკავშირდი. რამდენიმე მცდელობის შემდეგ მან ჩემ ზარს უპასუხა. როდესაც გაიგო, რომ ჟურნალისტი ვუკავშირდებოდი ტელეფონი გამითიშა. კვლავ გადავურეკე. „მანქანაზე ვზივარ და ტელეფონი  ითიშებაო.“ მორიგ ჯერზე ეს პასუხი გამცა. 

„მაგ ადამიანს მე პასუხს არ გავცემ, თუ რამე უნდა პროკურატურას მიმართოსო“.

ჩემი კითხავა, რა კავშირი ჰქონდა მას ნუკრი კაკილაშვილთან, უპასუხოდ დატოვა, კვლავ ტელეფონი გათიშა.



ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

გაზეთი "ალია"

20.07.2018 წელი 



კომენტარები:

ფართი შოპი