„500 ლარით, სამეგობროს ნაჩუქარი ინვენტარით და დიდი ენთუზიაზმით შექმნილი ენების ლაბორატორია“- ელენე ქავთარაძის ისტორია

"ენების ლაბორატორია უცხო ენების შემსწავლელი ცენტრია, სადაც 10-მდე ენა ისწავლება. სწავლება მორგებულია როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ მეცადინეობებზე. თითოეული კურსისთვის პროგრამა სპეციალურად იგეგმება."- ელენე ქავთარაძე.


ბავშვობა

თბილისში დაიბადა და როგორც ყველა ბავშვს ბევრი ოცნება და გარკვეული ამბიციები ჰქონდა.


„ყოველთვის მიყვარდა უცხო ენები და ბავშვობიდან ვფლობდი რამდენიმე  ენას. ზუსტად ვიცოდი, რომ ერთ დღეს მექნებოდა ჩემი საქმე, რომელიც ენებთან იქნებოდა დაკავშირებული. შესაბამისად, ჩემი პროფესიაც ამ მიმართულებით ავირჩიე. მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბისტიკის მაგისტრის ხარისხი და პარალელურად, მეორად პროფესიად გავიარე თსუ-ს ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა.“- გვიყვება ელენე.

 

უნივერსიტეტი


20 წლის ასაკში სრულიად უცხო ქვეყანაში და უცხო გარემოში მოხვდა.


„ჩემი პირველი დამოუკიდებელი გამოცდილება იყო სირიაში სტუდენტურ გაცვლით პროგრამაზე სწავლა. სრულიად უცხო გარემოში, 20 წლის ასაკში ახალი კულტურისა და სხვადასხვა ადამიანების გაცნობა, შედეგად მსოფლმხედველობა მკვეთრად შემეცვალა და ამ გამოცდილებით არამხოლოდ ენა ვისწავლე, არამედ  ბევრი საჭირო უნარიც შევიძინე. ამის შემდეგ დაიწყო ჩემი „ურთიერთობა“ გაცვლით პროგრამებთან და მოგზაურობასთან.“- აღნიშნავს ელენე ქავთარაძე.


საკუთარი საქმე


მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი საქმის მართვა ბავშვობიდანვე უნდოდა ელენეს, მას შემდეგ, რაც მას და მის პარტნიორს, ლელა ჯოყილაძეს საერთო მიზნები და ხედვა აღმოაჩნდათ, 2018 წელს ბიზნესის დაწყებისთვის შესაფერისი დრო დადგა.


„ბევრი წელი ვიმუშავეთ სხვადასხვა სფეროში, როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო და კერძო სექტორში. ჩავთვალეთ, რომ მრავალწლიანი გამოცდილება შეგვეძლო საკუთარი ბიზნესისკენ მიგვემართა. სულ რაღაც 500 ლარით, სამეგობროს ნაჩუქარი ინვენტარით და დიდი ენთუზიაზმით შევქმენით ენების ლაბორატორია, რომელიც დღეს უკვე სხვებსაც ეხმარება.“- განმარტავს ჩვენთან საუბრისას ელენე ქავთარაძე.


ფოტოზე: ელენე ქავთარაძე და მისი ბიზნესპარტნიორი ლელა ჯოყილაძე

 

რა არის ენების ლაბორატორია

ენების ლაბორატორია უცხო ენების შემსწავლელი ცენტრია, სადაც 10-მდე ენა ისწავლება. როგორც ელენე ჩვენთან საუბრისას განმარტავს, სწავლება მორგებულია როგორც ჯგუფურ, ასევე ინდივიდუალურ მეცადინეობებზე. მისივე თქმით, თითოეული კურსისთვის პროგრამა სპეციალურად იგეგმება. 


„ვცდილობთ, დავაფასოთ ყოველი სტუდენტის დრო და კურსი შევქმნათ ისე, რომ მაქსიმალური შედეგი დავდოთ მინიმალურ დროში,  რითიც სლოგანი - „ჩვენთან საუბარს პირველივე დღიდან იწყებენ“ გავამართლეთ.“- აღნიშნავს ელენე.


მიღწევები 


ელენე ქავთარაძე თავისი საქმიანობიდან გამომდინარე წარმატებებს ასე აღწერს:


„ინვესტიციის და ადამიანური რესურსის არქონის გამო, პირველი რამდენიმე თვე  კომპანიის გუნდს მე და ჩემი პარტნიორი შევადგენდით,  ჩვენივე პროფესიიდან გამომდინარე ვასწავლიდით მხოლოდ ორ ენას: არაბულს და ქართულს. ეტაპობრივად გავიზარდეთ, დავამატეთ სხვადასხვა ენა და უკვე შევძელით სხვა პროფესიონალების დასაქმებაც - სწორედ ეს იყო ჩვენი პირველი დიდი წარმატება. ამას მოჰყვა შემდეგი წარმატებული ნაბიჯი. ენების ლაბორატორიის ბაზაზე შევქმენით ტრენინგ ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგებს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისთვის.“


ხელის შემშლელი და ხელის შემწყობი გარემოებები 


ელენეს ცხოვრებაში იყო ბევრი ხელის შემშლელი ფაქტორიც, მაგრამ როგორც თვითონვე აღნიშნავს პოზიტივზე საუბარი ჯობია.


„ხელშემწყობ ფაქტორებზე ვისაუბროთ. პირველ რიგში, ეს არის სწორად შერჩეული ლოკაცია, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ საკმაოდ კრეატიული გუნდი აღმოვჩნდით და ჩვენს სასწავლო სივრცეში ყველაფერი ჩვენი ხელით შევქმენით, სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებული იდეებით დაწყებული, სასწავლო სივრცის კედლების შეღებვა-მოხატვით დამთავრებული.“- აღნიშნავს ელენე ქავთარაძე.

            


 პასუხისმგებლიანი ქალი მეწარმე


ელენე თავის ორგანიზაციასთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტებში.


„ენების ლაბორატორიის დაარსების დღიდან, ჩვენ ვგრძნობთ სოციალურ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რის ფარგლებშიც შევძელით  უფასო სასწავლო პროექტების შეთავაზება სოციალურად დაუცველი პირებისთვის, სტუდენტებისთვის და ბევრი სხვა მსმენელისთვის.  აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტებში. ერთ-ერთი პროეტის დაწყება სექტემბრიდან იგეგმება.“- ამბობს ელენე.

 

სამომავლო გეგმები


ელენე ქავთარაძე თავის სამომავლო გეგმებზეც გვიყვება.


„ამ ეტაპზე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ერთ-ერთ ევროპულ სასწავლო დაწესებულებასთან, რომლის სწავლის მეთოდების დანერგვა იგეგმება ჩვენს სასწავლო ცენტრში. ასევე, ვაპირებთ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას  ეროვნული უმცირესობების, ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდასაჭერად, რაც გულისხმობს მათთვის მიზნობრივი პროგრამების უსასყიდლოდ მიწოდებას. არ ვჩერდებით და ორიენტირებული ვართ განვითარებაზე.“- აღნიშნავს ელენე ქავთარაძე.



საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს ელენე ქავთარაძეს და მის ბიზნესპარტნიორს სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, ზემოთმოყვანილი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.


წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ "ქალი და ბიზნესი“ ტრენინგების სერიის მონაწილეები.

ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.


კომენტარები:

ფართი შოპი