ვინ და რით კვებავს ქართულ ჯარს? - გიორგი ჩახაიას სკანდალური კვლევა

11 Jan 2018 22:57

ვინ და რით კვებავს ქართულ ჯარს? რატომ მარაგდება ქართული ჯარის კვების ბლოკის უმეტესი ნაწილი იმპორტირებული საკვებით?

„ალიას“ ფინანსისტი გიორგი ჩახაია ესაუბრა:



_თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც ეხებოდა საქონლის (ძროხის) ხორცის შეძენას, კერძო კომპანია შპს „უხვმა“ გაიმარჯვა. გამოცხადდა 2 ტენდერი: ერთი აღმოსავლეთ საქართველოს ობიექტების მომარაგებაზე, ხოლო მეორე კი დასავლეთ საქართველოს. ორივე ტენდერში შპს „უხვმა“ გაიმარჯვა. აღმოსავლეთ საქართველოს შემთხვევაში, საბოლოო ფასით 1 639 890 ლარით, ხოლო, დასავლეთის შემთხვევაში 809 880 ლარით. ჯამში 2 449 770 ლარის ღირებულების. კომპანიის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ კომპანია ხორცს უკრაინიდან შემოიტანს.


_რატომ უკარინიდან? რა საფუძველი უდევს? ადგილობრვ დონეზე შეუძლებელია ამ პროდუქციის მიწოდება?!


_თვითონ ამ გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენლის და თავდაცვის სამინისტროს მხრიდანაც გაკეთდა განცხადება, რომლის თანახმადაც, უკრაინიდან იმიტომ შემოაქვს კომპანიას ხორცი, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული წარმოების ხორცის დეფიციტიაო. ასეთ საოცარ რაღაცას იშვიათად თუ სადმე წაიკითხავს კაცი. ანუ თურმე, ქართულ ხორცზე იმდენად დიდი მოთხოვნა ყოფილა რომ, არსებული წარმოება ვერ უმკლავდებაო.


მაგრამ, ერთი კი არის რომ, ქართული წარმოების შემთხვევაში მისაწოდებელი იყო ახალი ხორცი, ხოლო უკრაინიდან იმპორტირებულის შემთხვევაში არის გაყინული ხორცი.


სულ მაგას ვწუწუნებთ, ზოგადად ჩვენ პროდუქტს ვერ ვასაღებთო და აი, დავუშვათ საქონლის ხორცი, არათუ ექსპორტზე გასატანად, თურმე ადგილობრივ ბაზარზეც კი არ გვყოფნის. არადა, რამდენი ე.წ. პროექტებია თითქოსდა ხელისუფლების ხელშეწყობით -„აწარმოე საქართველოში“ და მისი მსგავსი და, თურმე ძროხის ხორცი ვერ გვიწარმოებია საკმარისად და, საერთოდ რა ადგილობრივი წარმოების განვითარებაზეა საუბარი.


ეგ ჩამონათვალი ცალკე თემაა, ბევრად უარესია დანარჩენი. რაც უკრაინული ხორცით ჩვენი ჯარის მომარაგებაზე ინფორმაცია წავიკითხე, დავინტერესდი თუ ზოგადად რითი იკვებებოდა ჩვენი ჯარი. აღმოჩნდა რომ, ქართული წარმოშობის პროდუქტებთან ერთად ქართული ჯარი იკვებება:


1. ისლანდიური, ნორვეგიული და კანადური თევზეულით;

2. ამერიკული, ჩინური და ბრაზილიური ქათმის ხორცეულით;

3. აზერბაიჯანული და ბელორუსიული რძე პროდუქტებით;

4. უკრაინული ღორის ხორცით. დაგეგმილია უკრაინული საქონლის ხორცის შემოტანა;

5. უკრაინული, რუსული კანფეტებით;

6. უკრაინული კარაქით;

7. რუსული ზეთით;

8. აზერბაიჯანული და ჩინური მწნილებით;

9. აზერბაიჯანული კონსერვებით;

10. თურქული, უკრაინული, სომხური, ჩინური, ბელორუსიული, ყაზახური ბოსტნეულით;

11. ირანული, უზბეკური ქიშმიშით;

12. ინდური, პაკისტანური ბრინჯით;

13. ჩინური წიწიბურათი;

14. ჩინური ლობიოთი.


დარწმუნებული ვარ, სხვა შეიარაღებული ძალების, საპატიმროების, საბავშო ბაღების და ე.წ. უფასო სასადილოების კვებით მომსახურებებშიც, ანუ სადაც ხდება სახელმწიფო შესყიდვები. უხვად არის იმპორტირებული საკვები პროდუქტები.


აქ საუბარია იმაზე რომ, ხდება კვების პროდუქტების დიდი რაოდენობით იმპორტირება ქვეყანაში. არადა, ხელისუფლება თითქოსდა ამბობს რომ, ყველანაირად უწყობს ხელს ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას. თუ ყველანაირად ხელს უწყობ ადგილობრივი წარმოების განვითარებას, მაშინ რატომ შემოდის ქვეყანაში ჩინური ნიორი და ჩინური ლობიო, ან უკრაინული ხორცი და აზერბაიჯანული მწნილი. კიტრის მწნილს, ნიორს და ლობიოს რომ უცხოეთიდან შემოიტან, რა ადგილობრივი წარმოების სახელმწიფო მხარდაჭერაზეა საუბარი. ამ ყოველივეს რომ ზოგადად მცირე მასშტაბები ჰქონდეს, ეგ ნორმალურიცაა მაგრამ, როდესაც ასეთი მასშტაბური სახე აქვს, უკვე ძალიან არანორმალურია. აგრარული ბაზრების და სუპერმარკეტების დახლებზე გაიხედეთ, რამდენი იმპორტირებული საქონელი დევს. რატომ თორემ, კი ბატონო. განა რა უჭირს საქართველოს იმისთანა რომ, ყველაზე ელემენტარული, ნიორი, ლობიო, კიტრი და პომიდორი რომ უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ. აბსოლუტურად ყველანაირი პირობაა საქართველოში ადგილობრივი აგრარული წარმოების განსავითარებლად. უბრალოდ ამას რეალური სახელმწიფო მხარდაჭერა სჭირდება და, არა ისეთი, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს.


_საერთო ჯამში, რამდენი ხანია რაც იმპორტირრბული საკვებით იკვებება ჯარი?


_რა ვიცი, სულ მაგით არ იკვებება?! ანუ ქართული პროდუქტითაც და იმპორტულითაც ერთდოულად. აი ხორცის შემთხვევაში გაკეთდა ერთ დროს, რომ მხოლოდ ქართული წარმოების ყოფილიყო და, მე როგორც ვიცი, ჩვენი ჯარი ზოგადად ქართული ნაწარმით კვებაზე უნდა გადასულიყო. მაგრამ დღესაც რომ გადაათვალიეროთ სატენდერო დოკუმენტები, უხვად აღმოაჩენთ ხელშეკრულებებს, სადაც იმპორტირებული კვების პროდუქტების მიწოდებაზეა საუბარი.


ხელისუფლება თითქოსდა მუხლჩაუხრელად რომ აკეთებს ყველაფერს ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად და ექსპორტზე გასატანად, რომ თითქოსდა მათზე ბევრი რაღაც არაა დამოკიდებული თორემ სულით და გულით ცდილობს, ჯერ ერთი, მსოფლიოს 220 ქვეყანაში რომ ჩვენთან წარმოებული ერთი ბეწო საქონელი ვერ საღდება მაგას ვერანაირად ვერ დავიჯერებ და, მეორე, რა ექსპორტი, რომელი ექსპორტი, მხოლოდ სახელმწიფო ტენდერებში რამდენი ადგილობრივი წარმოების პროდუქტის გასაღება შეიძლება, რომ არაფერი ვთქვათ ზოგადად იმპორტირებული საქონლის ქართული წარმოების საქონლით ჩანაცვლებაზე. ჯარის საკვები პროდუქტებით მომარაგების მაგალითზე ეს ნათლად დავინახეთ.


_გაუგებარია, რატომ უნდა შემოჰქონდეთ ეს პროდუქტები, თუკი ადგილობრივ დონეზე მოიპოვება. ხომ არ  არსებობს გარკვეული ფინანსური ინტერესი და რაღაც კორუფციული სქემა, რომლითაც გარკვეული პირები კარგად ისქელებენ ჯიბეს?! რა ახსნა აქვს ამას?


_შესაძლოა კორუფციული სქემაც არსებობდეს, ჩემი პირადი მოსაზრებით არც ესაა გამორიცხული ამ ხელისუფლების პირობებში.


კონკრეტულად ვინ რა ფინანსურ სარგებელს ხედავს ამ ტენდერებიდან, მართლა არ ვიცი, შესაძლოა ასეც იყოს, ან არც იყოს, ეგ გამოძიების საგანია მაგრამ, აქ გასაოცარი ის არის რომ, როდესაც მთავრობას თითქოსდა დიდი რიხით და ომახიანად რომ აქვს დეკლარირებული ადგილობრივი წარმოების განვითარება, ამის პარალელურად, სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით იმპორტირებული პროდუქციის შემოტანა-გაყიდვას უწყობს ხელს და არა საკუთარის გასაღებას. ფაქტობრივად, საკუთარის ნაცვლად სხვა ქყვეყნების ეკონომიკებს ეხმარებიან.




„ალია“თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. გვაინტერესებდა - რით ხსნიან უწყებაში იმას, რომ ქართული ჯარი უმეტესწილად იმპორტირებული საკვებით იკვებება? რომელი პერიოდიდან (წლიდან) შემოდის აღნიშნული პროდუქტი ამ მასშტაბით და ზოგადად, ქვემოთმოყვანილ საკითხზე რა კომენტარს გააკეთებენ უწყებაში?


„სამხედრო მოსამსახურეთა კვების ორგანიზების მიზნით,  საკვები პროდუქტების შესყიდვა ხორციელდება ტენდერების საშუალებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ამასთან, საკვები პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლები და მათ მიმართ წაყენებული მოთხოვნები უნდა შეესაბამებოდეს საქრთველოში მოქმედ სატადარტებსა და ნორმებს. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ამდენად, შემსყიდველი ორგანიზაცია მოკლებულია შესაძლებლობას შეზღუდოს რომელიმე ქვეყნის წარმოებული პროდუქტის შემოთავაზება, თუკი ის აკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს. ასევე, ავღნიშნავთ,  ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მიერ შემოთავაზებულია ადგილობრივი, ქართული წარმოების პროდუქტები, კერძოდ, ბოსტნეული, არაჟანი, მაწონი, ხაჭო, ყველი, ნატურალური წვენები, მინერალური სასმელები, ტყემლის საწებელი, პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი, კვერცხი, სუნელები, თაფლი, სოსისი, სარდელი, ძეხვი, ბურღულეული, ჩაი, ტომატ-პასტა, ხილის ჯემი და სხვა პროდუქტები.


ტენდერში მონაწილეობა არის მიმწოდებლის უფლება.“- გვითხრა უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნინო თოლორდავამ.



კომენტარები:

ფართი შოპი