თემირლან მაჩალიკაშვილის ამბავი, არამხოლოდ ოჯახის, არამედ საზოგადოების და ქვეყნის ტრაგედიაა... - გელა სამხარაული

11 Jan 2018 22:07

გელა სამხარაული, ახმეტისა და თელავის მაჟორიტარი დეპუტატი:


_დაღუპულია 19 წლის ახალგაზრდა და ეს არის არამხოლოდ ოჯახის, არამედ საზოგადოების და ქვეყნის ტრაგედია. აი ეს არის ტერორიზმის სახე და შედეგი. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ახალგაზრდები. 


სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთა დაჭრილის სიცოცხლის გადასარჩენად. მჯერა, ახლაც ყველა სტრუქტურის ძალისხმევა მიმართული იქნება იქეთკენ, რომ საქმესთან დაკავშირებულ ყველა კითხვას მალევე გაეცეს დასაბუთებული და ამომწურავი პასუხი. 


ამ ეტაპზე ყველამ უნდა გამოიჩინოს მეტი სიფრთხილე და კეთილგონიერება, ნუ გავცდებით ადამიანურ ჰუმანურ ჩარჩოს. ეს ტრაგედიაა და ის არ უნდა იქცეს პოლიტიკური სპეკულირების საგნად. გამოძიების დასრულებამდე გაკეთებული ყველა ასეთი განცხადება აზიანებს სახლმწიფო ინტერესებს, რომლის დაცვის ნაწილში სახელმწიფო და საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს სრულ თანხვედრაში.


ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების გარანტი, სახელმწიფოსთან ერთად, თავად საზოგადოებაა. აუცილებელია ძალისხმევა, რომ ტერორიზმის ნებისმიერი ფორმით გამოვლინების პრევენცია თავად საზოგადოებამ საწყის ეტაპზევე მოახდინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, შედეგი ტრაგედიის მასშტაბის მიუხედავად, იქნება მძიმე და გარდაუვალი. 


ჩვენ ერთობლივად ვაგებთ პასუხს ქვეყნის და მომავალი თაობის წინაშე. ამიტომ მომავალი შეცდომების თავიდან ასაცილებლად შევეცადოთ ვიყოთ უფრო მობილიზირებულები და კონსოლიდირებულები ისეთი საკითხების ირგვლივ, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის უსაფრთხოებასთან და მომავალთან.

კომენტარები:

ფართი შოპი