თაია მახარაშვილი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

10 Dec 2017 23:13

თაია მახარაშვილი არის ჟურნალისტი, საჯარო პოლიტიკის და კომუნიკაციის სპეციალისტი; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის PR ჯგუფის უფროსი და გახლავთ კახეთის მხარიდან;

 

 

მაღიზიანებს - ფამილარობა, მლიქვნელობა, ფარისევლობა;

ვგრძნობ - ყველაფერი კარგად მექნება;

მეშინია - საკუთარი ინტუიციის;

ვიცი - რამდენი რამ არ ვიცი;

არ ვიცი - საიდან მოვედი და სად წავალ;

შემიძლია - თუ მოვინდომებ; 

არ შემიძლია - შეუძლებელი; 

ვმეგობრობ - მათთან, ვისშიც საკუთარ ნაწილს ვპოულობ;

ვაპატიებ - თუ გულწრფელად მოინანიებს;

ვტირი - ბოლო დროს; 

ვიცინი - პირადი სტატისტიკის მიხედვით დღეგამოშვებით;

ვეძებ - სამყაროში გაბნეულ საკუთარ ნაწილს;

ღირსი ვარ - მეტის. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით;  

ვჩხუბობ - არა, ხმამაღლა ლაპარაკი მჩვევია; 

ვკარგავ - სხივს თვალებში; 

მშურს - არა. შევნატრი ნებისყოფიან ადამიანებს;

ვემალები - დამთრგუნველ ფიქრებს; 

ვემტერები - უტიფრობას და თავხედობას;  

მაინტერესებს -ყველაფერი, რაც განვითარებას უწყობს ხელს; 

არ მაინტერესებს - სხვისი საცვლები; 

მახსოვს - წლინახევრიდან ჩემი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა, თარიღი და ეპიზოდი; 

მრცხვენია - და ვერ ვამბობ; 

უარვყოფ - ფანატიზმს;

ვავადმყოფობ - მხოლოდ მაშინ, თუ ეჭვი შემეპარა საკუთარ ჯანმრთელობაში;

ვმალავ - ძველ ჩანაწერებს; 

ვინახავ - წყვილ პაწაწინა ფეხსაცმელს;

მწამს რომ აუცილებლად მოვიმკით დათესილს; 

მიკვირს -  გაუმაძღრობა და უმადურობა;

მიხარია - როცა ადამიანს დამსახურებულად აღიარებენ; 

ვჭორაობ - სად მცალია საჭორაოდ, როცა ამდენი საინტერესო ადამიანი მიზიარებს საკუთარ აზრებს;

ვდარდობ - მათზე, ვინც აღარ მყავს; 

ვამაყობ - ჩემებით;

ვაკეთებ - ჩემს საქმეს;

ვეფერები - ჩემებურად;

მსიამოვნებს - დადებითი ემოციების მიქსტურის მიღება;  

მესიზმრება -  ფერადი კინო-სიზმრები; 

ვეხმარები - თუ შედეგის მიღწევის იმედი მაქვს; 

ვეწევი - არასამეწარმეო საქმიანობას;  

მწყინს - როცა კარგი რამ (ნივთი, საქმე, იდეა, მიზანი, ადამიანი) ფუჭდება; 

ვხარჯავ - ემოციებს;

ვღალატობ - საკუთარ თავს მავნე ჩვევებთან; 

ვკამათობ - კონსტრუქციულად;

ვუხეშობ - თავხედობას და უსაფუძვლო ამბიციას რომ გადავეყრები;

ვუსმენ - სამყაროს; 

ვყოყმანობ -იშვიათად;

ვკითხულობ - კარგ საკითხავს; 

ვამზადებ - საკუთარ თავს ამაოებასთან შესაგუებლად; 

ვუყურებ - ვასკვლავიან ცას; 

ვკლავ - არაფერს;

ვაფუჭებ - ახლა აღარაფერს, ბავშვობაში საათებს ვშლიდი და შესაბამისად, ვაფუჭებდი კიდეც; 

ვცხოვრობ - წამ-ით ანუ წარსულით, აწმყოთი და მომავლით; 

ვცემ - პატივს, თუმცა არ ვეთაყვანები; 

ვყვირი - ეფექტურად;  

ვმღერი - თუ ცუდად ვარ; 

ვასრულებ - ცხოვრების პირველ მესამედს; 

დავდივარ - ჩქარა და დიდი ნაბიჯებით; 

ვმკურნალობ - საკუთარ ტკივილებს; 

ვერიდები - ყალბ და ზედაპირულ ადამიანებს;

ვთამაშობ - წესების დაცვით; 

ვიტყუები - მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ ტყუილი ადამიანს გულისტკენას აარიდებს;

ვეთაყვანები - არასოდეს. არ მჩვევია თაყვანისცემა; 

ვგიჟდები – ერთმანეთისათვის დაბადებულ, ძალიან შეყვარებულ წყვილებზე; 

მიყვარს - ჩემთვის შექმნილი ადამიანი;

ვოცნებობ - ბევრ შვილზე;

ვფიქრობ - ადამიანის არსებობის მიზანზე;

მძულს - პედოფილები და მანიაკები; 

ვნანობ - ზოგიერთ გადაწყვეტილებას, თუმცა უფრო ვინანებდი, სხვების აზრებით რომ მეცხოვრა; 

კმაყოფილი ვარ - იმით, რაც გამაჩნია, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა;  

მენატრება - ჩემი მეგობარი ნინო, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და დიდი ხანია არ მინახავს. იშვიათად მიჩნდება მძაფრი მონატრების განცდა;  

მსურს - ჩვენი საზოგადოება გახდეს განათლებული, შეგნებული, დახვეწილი და კეთილშობილი. ეს ჰარმონიას მოგვიტანდა; 

ვაგროვებ - ბედნიერ წუთებს და სიცოცხლის დასასრულს კინოლენტივით გავატარებ გონებაში; 

ვიხდი - რაშიც უნდა გადავიხადო. ზოგჯერ ბოდიშსაც;

ვეჭვიანობ - საბაბით; 

ვკაიფობ“ - ტყე-ღრეში ხეტიალით, კარგი ღვინით და სიყვარულით; 

ვიზიდავ - იმას და იმათ, რისი და ვისი მიზიდვაც მინდა;

ვალამაზებ - არაფერს. უნიჭო ვარ გალამაზებაში;

 


გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები: