კიდევ ერთი მოწმე - პატრული, რომელიც ადასტურებს ბუტა რობაქიძის და მისი მეგობრების უდანაშაულობას

06 Dec 2017 20:26

ბუტა რობაქიძის საქმის კიდევ ერთ-ერთი მთავარი მოწმე, პატრულის თანამშრომელი - დავით აბუაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიკითხა. 


მოწმის დაკითხვას ბრალდებულების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აბუაშვილი, სწორედ ის პატრულია, რომელმაც  ავტომანქანა, რომელშიც რობაქიძე  მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა, მეწყვილესთან ერთად პირველმა გააჩერა. მოწმემ დეტალურად გაიხსენა 2004 წლის 24 ნოემბერს მომხდარი შემთხვევა. მისი განცხადებით მათ მიერ გაჩერებულ ავტომანქანაში არანაირი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა არ უნახავს, მათ შორის არც მასში მსხდომ ახალგაზრდებს ჰქონიათ რაიმე აკრძალული ნივთი. 


მოწმის თქმით, ბუტა რობაქიძე დამხმარე ეკიპაჟში მჯდომი პატრულის - გრიგოლ ბაშალეიშვილის მიერ დაკავების დროს  გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა. 


დამხმარე ეკიპაჟის გამოძახება პატრულებსა და ახალგაზრდებს შორის წამოშობილმა კონფლიქტმა გამოიწვია.  აბუაშვილი იხსენებს რომ, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ის სტრესულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და საპატრულო მანქანაში ჩაჯდა, რა დროსაც მანქანაში,  მის უკანა სავარძელში  მასთან ჭაღარა თმიანი, შუახნის, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი ჩაჯდა და მითითება მისცა, რომ მას უნდა მიეცა ცრუ ჩვენება და გამოძიებისთვის უნდა ეთქვა რომ, „თითქოსდა ბუტა რობაქიძის მხრიდან მათზე - (პატრულის თამამშრომლებზე) განხორციელდა შეიარაღებული თავდასხმა, რა დროსაც  ორმხრივი სროლის დროს დაიჭრა რობაქიძე, რის შედეგადაც გარდაიცვალა.“  


მოწმე ასევე აღნიშნავს, რომ მაღალჩინოსანი მას დაემუქრა და მისი შვილების და ოჯახის წევრების  უსაფრთხოებაზე მიანიშნა, რის გამოც აბუაშვილი იძულებული გახდა, 2004 წელს გამოძიებისთვის ცრუ ჩვენება მიეცა. აბუაშვილი ასევე იხსენებს ახალგაზრდების ჩხრეკისას პატრულებმა თუ როგორ აღნიშნეს რომ დაკავებულები სუფთები იყვნენ და მათ იარაღი არ ჰქონდათ. მოწმემ პროცესზე ისიც განაცხადა რომ პატრულმა- გრიგოლ ბაშალეიშვილმა მას უთხრა, რომ "ხომ იცი რაც უნდა თქვაო, თითქოსდა თავს დაგვესხნენ და ამიტომ ვესროლეო."  


ბრალდებულების მხრიდან მუქარა და ცრუ ჩვენების იძულება არაერთმა მოწმემ დაადასტურა პროცესებზე.  


საქალაქო სასამართლოში დავით აბუაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებას ბრალდებულების - ირაკლი ფირცხალავას, გურამ დონაძის, და ზურაბ მიქაძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ეპიზოდებში ერთგვარ სურათს ქმნიან, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ, რომ შემთხვევის ადგილას პირველივე წუთებში მათ იარაღი და საბრძოლო მასალები არ უნახავთ. 


ყოფილი მაღალჩინოსნების საქმე, რომლებსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და შემთხვევის ადგილის ფალსიფიცირებას ედავებიან, საქალლაქო სასამართლოშო 8 დეკემბერს 11 საათზე განახლდება.

კომენტარები: