"საქართველოში არ არსებობს ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირი!" - ვასო ურუშაძემ აბრეშუმის გზის ფორუმი შეაფასა

30 Nov 2017 16:16

ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia” აღმასრულებელი დირექტორი  ვასო ურუშაძე:


პირველ რიგში, მინდა ხაზი გაუსვა  თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე გაჟღერებულ მნიშვნელოვან განცხადებებს:


* ვენჩაი ჟანგი, აზიის განვითარების ბანკის ვიცე პრეზიდენტი - "საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს სატრანსპორტო და სავაჭრო რეგიონული ჰაბი."


*  შეიხი ნაჰიანი, არაბთა გაერთიანებული საემიროების ტოლერანტობის მინისტრი - "საქართველოს აქვს შესაძლებლობა შეასრულოს გზაჯვარედინის როლი დასავლეთსა დააღმოსავლეთს შორის. ეს თქვენს ქვეყანას მსოფლიოში საუკეთესოთ წარმოაჩენს, სადაც ასევე უსაფრთხოა ინვესტირება. "


 * ჰენრიკ ჰოლოლეი, ევროკომისიის ტრანსპორტისა და მობილობის გენერალური დირექტორი - "საქართველოში ტრანსპორტის ყველა მიმართულება ინვესტიციებისთვის შესანიშნავშესაძლებლობებს ქმნის."



მაგრამ რას აკეთებს საქართველო იმისთვის, რომ გახდეს რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი?   პასუხი ძალიან მოკლეა, არაფერს!


საქართველოში არ არსებობს ტრანსპორტის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პოლიტიკური თანამდებობის პირი, არც ტრანსპორტის სამინისტრო გვაქვს, არ გაგვაჩნია სატრანსპორტო სექტორის სტრატეგიული განვითარების ხედვა, არც ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.


მეტიც საქართველოს სატრანსპორტო ინდუსტრიაში სრული ქაოსია, განუკითხაობა, არაკორდინირებულობა, მონოპოლია, ხელოვნური ბარიერები, კორუფცია, არაპროფესიონალიზმი,ხოლო თანამდებობრივი გულგრილობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. არანაირი ინიციატივა, არანაირი სიახლე, სურვილიც კი არ ჩანს, რომ ტრანსპორტის პოლიტიკის სფეროშიარსებული პრობლემები ეფექტიანად გადაიჭრას.


ის, რომ საქართველოს სატრანსპორტო პოლიტიკაში არსებობს არაკორდინირებულობა აბრეშუმის გზის ფორუმზე მიღებული გადაწყვეტილებებითაც დასტურდება. ფორუმის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის პანელზე, სადაც იყო წარმოდგენილი აზერბაიჯანის, თურქეთის, პოლონეთისა და სლოვენიის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები, საქართველოს წარმოადგენდა ეკონომიკის მინისტრი, რომელსაც ფორმალურად ექვემდებარება ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პოლიტიკის დეპარტამენტი. არცერთ  პანელზე   სპიკერად არ იყო წარმოდგენილი ინფრასტრუქტურის მინისტრი, იმ ფონზე როცა ის კურირებს ისეთ მნიშვნელოვან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმა წყლოვანი  პორტი, აღმოსავლეთ დასავლეთის ჩქაროსნული საავტომობილო მაგისტრალი და სხვა. წარმოუდგენლად გასაოცარი იყო,  როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „ახალი აბრეშუმის გზის“ პროექტში საქართველოდან წარმომადგენლად დანიშნა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც სტრუქტურულად არანაირი შემხებლობა არა აქვს სატრანსპორტო პოლიტიკასთან და ინფრასტრუქტურასთან. - სწორედ ესეთი არასწორი სატრანსპორტო პოლიტიკის შედეგი ის, რომ არ გაგვაჩნია სატრანსპორტო სექტორის  განვითარების ერთიანი ხედვა  და ვერ ვიყენებთ იმ შესაძლებლობებს რაც გაგვაჩნია გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე.


ამ დროს, მართლაც ძალიან დიდი შესაძლებლობა გაგვაჩნია, რომ გავხდეთ წარმატებული რეგიონული სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბი, რაც შემდგომში მოგვცემს საშუალებასგავხდეთ ასევე სავაჭრო და ბიზნეს ჰაბი, სამრეწველო და ინდუსტრიული ჰაბი, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, სამედიცინო, ტურისტული და მულტიკულტურული ჰაბი. ესყველაფერი კი მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანამ დაიწყოს სწრაფი ეკონომიკური განვითარება, გაჩნდეს ათასობით ახალი სამუშაო ადგილი, გადავჭრათ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და თავი დავაღწიოთ იმ ეკონომიკურ სიდუხჭირეს, რომელშიც დღეს ჩვენი ქვეყანა იმყოფება.

 


კომენტარები: