ზურაბ აბაშიძე: ოკუპაცია „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის მთავარი შედეგია

ინტერვიუ 06 Aug 2020 19:37

2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი სრულდება. მაშინდელი ხელისუფლების ქმედებებზე, რუსული ოკუპაციის შედეგებსა და დაძლევის შესაძლო გზებზე გთავაზობთ ინტერვიუს რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან ინტერვიუს.


– ბატონო ზურაბ, 12 წელი სრულდება აგვისტოს ომიდან. როგორ შეაფასებდით ჩვენს უახლეს ისტორიაში ამ ტრაგიკულ მოვლენას დღევანდელი გადასახედიდან?


- ჩემი აზრით, ამ ტრაგედიის სრულფასოვანი შეფასება ჩვენს საზოგადოებაში დღემდე არ მომხდარა. საქმე ის გახლავთ, რომ უშუალოდ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საინფორმაციო აქტიურობამ საკმაოდ დააბნია ხალხი. სხვა ადგილობრივი ალტერნატიული ტელეარხების ფაქტობრივად არარსებობის პირობებში, საინფორმაციო ველს თითქმის ერთპიროვნულად „რუსთავი-2“ ფლობდა. იგი თავის ჩვეულ სტილში ისე აშუქებდა მოვლენებს, რომ ერთხანს ბევრისთვის გაურკვეველი იყო, თუ რეალურად რა მოხდა, ომი მოვიგეთ, თუ წავაგეთ.  იყო ხალხის დიდი ერთობა აგრესიის წინააღმდეგ, მაგრამ იყო დიდი გაურკვევლობაც. მაშინ ერთმა პოლიტიკოსმა იხუმრა კიდეც, გერმანიას მე-2 მსოფლიო ომში ასეთი პროპაგანდა რომ ჰქონოდა, გერმანელები დღემდე იფიქრებდნენ, რომ ომი მოიგესო. იყო კონცერტები და ცეკვა-თამაშიც ….


ბუნებრივია, ხელისუფლება აცნობიერებდა, რომ ეს ვითარება დიდხანს ვერ გასტანდა და მას მალე პასუხს მოთხოვდნენ მომხდარი კატასტროფის გამო. ამ ვითარებაში მას მაშველ რგოლად მოევლინა მოსახლეობის თვითგადარჩენის ინსტინქტი. მახსოვს, როგორ მოგვიწონეს ექსპერტთა ერთ ჯგუფს ჩვენი პოზიცია იმის თაობაზე, რომ ჯერ ფიზიკური გადარჩენა იყო საჭირო და მერე საქმის გარჩევა ხელისუფლებასთან. მოიწონეს ეს მიდგომა, „გამოიზამთრეს“ და როგორც კი სრული კატასტროფის საფრთხემ გადაიარა, თავის საქმეს მიუბრუნდნენ. ანუ, დაიწყეს თავისი შეცდომების სხვებზე გადაბრალება. ვინ კრემლის აგენტად მოინათლა, ვინ ციხეში გაამწესეს, ვინ უცხოეთში გაქცევით უშველა თავს.


თუმცა, ერთი ეშმაკობა კიდევ წინ გველოდა. გამოგვიცხადეს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით ქართული მხარის შეცდომებზე საუბარი ზოგადად ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა. ეს თეზა ჯერ შეპარულად გაჩნდა, შემდეგ სულ უფრო მოიკიდა ფეხი ოფიციალურ პროპაგანდაში. რაღაც ეტაპზე კი, ხელისუფლების კრიტიკა ყველასათვის აშკარა და დრამატული შეცდომების გამო, რუსეთის აგენტობის ტოლფასად იქცა.


იმას, რომ რუსეთმა სამხედრო ინტერვენცია და ოკუპაცია განახორციელა, არავინ ეჭვის ქვეშ არ აყენებს, მაგრამ თვითკრიტიკის დეფიციტი პოლიტიკური ძალისა და ზოგადად საზოგადოებისათვის ცუდი ნიშანია.


„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თავის პარტიულ ხაზს დღესაც მონდომებით აგრძელებენ და ყველას ადანაშაულებენ ოკუპაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გარდა საკუთარი თავისა.


– აგვისტოს ომის შემდეგ ბევრი ანალიზი გაკეთდა, მათ შორის საერთაშორისო დონეზე, გადაიღეს ფილმები, დაიწერა წიგნებიც. რას დაამატებდით თქვენ იმას, რაც უკვე ითქვა ამის თაობაზე?


- საქმეც ის გახლავთ, რომ სოლიდური ანალიზი და წიგნები უმთავრესად დასავლეთში დაიწერა. გულახდილი და თვითკრიტიკული საუბრის მიმართ ორაზროვნება კი დღემდე იგრძნობა ჩვენს საზოგადოებაში. არადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგები იმაზე გაცილებით მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე კონფლიქტის დასრულების შემდეგ წარმოგვედგინა. დაიღუპნენ სამოქალაქო და სამხედრო პირები. აფხაზეთიდან დევნილთა დიდ რაოდენობას ცხინვალის რეგიონიდან ახალი ტალღა შეუერთდა, რაც ქვეყნისათვის უდიდეს ჰუმანიტარულ, სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემად იქცა.


რუსეთმა სრული კონტროლი დაამყარა ჩვენი ქვეყნის იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც ომამდე ნაწილობრივ ან სრულად აკონტროლებდა საქართველოს ხელისუფლება, კერძოდ,  ცხინვალის რეგიონში – 100-ზე მეტ სოფელზე. „ნაციონალურ მოძრაობას“ დღემდე არ გაუცია პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დავთმეთ ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე 2008 წლის აგვისტოში სამხედრო თვალსაზრისით ფრიად გამაგრებული კოდორის ხეობა, ისევე, როგორც იქ განლაგებული დიდძალი ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკა ან რატომ დაერქვა ამ ხეობას 2006 წელს ზემო აფხაზეთი?


2008 წლიდან საქართველოში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, კვლავ განთავსდა რუსეთის სამხედრო ბაზები, რომელთა გაყვანა 1990-იანი წლების ბოლოდან დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა. ამან კარდინალურად შეცვალა ქვეყნის უსაფრთხოების გარემო, რასაც ყოველდღიურად ვაწყდებით. სწორედ რუსეთის სამხედრო ბაზები იქცა ოკუპაციის მთავარ ღერძად.


ომის შედეგების „ინვენტარიზაციისას“ აღმოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ 2004-2008 წლებში რუსულ კომპანიებზე გაასხვისა საქართველოს ენერგოსექტორის მრავალი სტრატეგიული ობიექტი, მათ შორის 15 (!) დიდი ელექტროსადგური. რუსულმა კომპანიებმა შეიძინეს რიგი სხვა მნიშვნელოვანი აქტივებიც, მათ შორის ნავთობისა და გაზის მრეწველობის, მინერალური რესურსების, სამრეწველო და სამედიცინო სექტორებში. ანუ, ნაციონალური მოძრაობის ძალისხმევით ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი რუსეთის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა.


კიდევ ერთი „უცნაურობა“: ყოველი წლის ბოლოს „ნაცმოძრაობა“ აწყობს პერფორმანსებს მაგისტრალური გაზსადენში რუსული გაზის სატრანზიტო ფასთან  დაკავშირებით და ადანაშაულებს ხელისუფლებას უპრინციპობაში. არადა, კარგად გვახსოვს, რომ მაგისტრალური გაზსადენის რუსეთისთვის საერთოდ მიყიდვა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, ამერიკელ მეგობრებს რომ არ შეეჩერებინათ ეს ანტისახელმწიფოებრივი ოპერაცია.


რატომ და რისთვის გაკეთდა ყველაფერი ეს? ვის მიზნებს ემსახურებოდა? პასუხები ამ კითხვებზე დღემდე არ მოგვისმენია.


ომის შემდეგ საერთაშორისო დონეზე მიღებულ დოკუმენტებში ჩვენი ქვეყნისათვის დამაზიანებელი შეფასებებიც გაკეთდა, ზოგ შემთხვევაში საქართველოს წარმომადგენელთა უუნარობის გამო. დასავლეთის ქვეყნები და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის ევროკავშირი და ნატო, უკვე 2008 წლის ბოლოსათვის დაუბრუნდნენ რუსეთთან ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმს. საქართველოში ინტერვენციისთვის მოსკოვს პრაქტიკულად საფასური არ გადაუხდია, მის წინააღმდეგ არც რაიმე სანქცია დაწესებულა. ზოგადად, სანქციების საკითხი ნაციონალურ მოძრაობას მხოლოდ 2012 წლის, ანუ ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ მოაგონდა.


– აგვისტოს ომის ამ დრამატული შედეგებიდან, მაინც რომელი გესახებათ ყველაზე ძნელად გადასალახად?


- დღეის გადასახედიდან, რუსეთის სამხედრო აგრესიის უმძიმეს შედეგად მისი სამართლებრივი ასპექტები გვესახება. რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დე ფაქტო მოშლას ნიშნავს, რაც დღევანდელი საქართველოს უმძიმესი გამოწვევაა.


თუკი რეალური ფაქტებით ვიმსჯელებთ, 2004-2012 წლებში რუსეთმა საქართველოში მიაღწია იმაზე გაცილებით მეტს, ვიდრე მანამდე იოცნებებდა. ამიტომ, უაღრესად გასაკვირი და სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას არათუ ბოდიშის მოხდა, წუხილიც კი არ გამოუხატავს ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედიისათვის  და არც დღემდე უღიარებია თუნდაც მცირე შეცდომა თავისი პოლიტიკისა. საქართველოს ტერიტორიული ერთიანობა ფაქტობრივად მოიშალა, ოკუპირებულია ტერიტორიის 20%. ისტორიულ ჭრილში ეს „ნაცმოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის მთავარი შედეგია.  ეს პოლიტიკური ძალა კი ჯიუტად ყველაფრის დღევანდელ ხელისუფლებაზე გადაბრალებას ცდილობს და ამტკიცებს, რომ მისი ქმედება სამაგალითოდ სწორი იყო და არის.


– 2012 წლის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარება არ გაუმჯობესებულა. რა მოიტანა რუსეთის მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ე.წ. პრაგმატულმა პოლიტიკამ?


- დღეისთვის რუსეთი არ აპირებს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე უარის თქმას საქართველო კი ამ ე. წ. ახალ რეალობას ვერ შეეგუება. ეს არის სამართლებრივად ჩიხური სიტუაცია, რომელშიც მოექცა ქართულ-რუსული ურთიერთობა 2008 წლის შემდეგ. ამ ვითარებაში დიპლომატიური კავშირების აღდგენაზე საუბარი შეუძლებელია. ჩიხურ ვითარებაში არიან ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიც, რადგან მათ დამოუკიდებლობას რეალური პერსპექტივა არა აქვს. ამ რეგიონებში მრავალმხრივ მძიმე ვითარებას ემატება დემოგრაფიული ფაქტორიც. ქართული მოსახლეობის უდიდესი ნაწილის განდევნის შემდეგ, ფაქტობრივად მოხდა ამ ტერიტორიების დეპოპულაცია, რაც ეკონომიკური განვითარების საშუალებას არ იძლევა.


საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლის შემდეგ შეძლო შეემცირებინა რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის განახლების საფრთხე, რაც დამოკლეს მახვილად ემუქრებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობას. რუსეთთან დაძაბულობის  მაღალი ტემპერატურის შემცირება აუცილებელი წინაპირობა იყო ქვეყნის შიდა პოლიტიკური ვითარების დასამშვიდებლად, უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად და საერთაშორისო ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე რეალური შედეგების მისაღწევად. ხელისუფლების ამ პრაგმატულმა მიდგომამ რეალური შედეგები გამოიღო. ამ კურსს მტკიცედ უჭერენ მხარს ჩვენი დასავლელი პარტნიორები.


2012 წლიდან ამოქმედდა ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ე. წ. პრაღის ფორმატი, რომელმაც ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენასა და პრაქტიკული პრობლემების მოგვარებას. რუსეთიდან ტურიზმის ზრდამ იმპულსი მისცა ამ სექტორის სწრაფ განვითარებას.


ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების რეალიზაციის მთავარ მექანიზმად რჩება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები. სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი ფორმატის ფარგლებში ცდილობს ქართული მხარე, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებას.


სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით, რეალური  პროგრესის მიღწევა დღემდე ვერ ხერხდება. პირიქით, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები ქართული მოსახლეობისათვის ვითარება სულ უფრო რთულდება. გრძელდება ე. წ. ბორდერიზაციის პროცესი, ძლიერდება რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო კონტროლი.


– როგორ ფიქრობთ, შეიტანს თუ არა კორექტივებს პანდემია რუსეთის საგარეო პოლიტიკაში?


- ამ რთულ კითხვაზე პასუხისათვის საჭიროა ცალკე ანალიზი იმისა, თუ რა გავლენა იქონია უხილავმა ვირუსმა საერთაშორისო პოლიტიკისა და ჩვენი რეგიონის  მთავარ აქტორებზე, რა ფორმაში გამოვლენ (?) ისინი პანდემიიდან.


რაც შეეხება რუსეთს, 2020 წლის პირველ კვარტალში ნავთობზე საერთაშორისო ფასების მკვეთრმა შემცირებამ, ხოლო შემდეგ პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა ორმაგად დააზარალა ენერგორესურსების ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკა. მიმდინარე წელს, ექსპერტთა აზრით, იგი 5%-იდან 8%-მდე შემცირდება, რაც სერიოზული გამოწვევა იქნება ქვეყნისათვის.


მიუხედავად მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, პანდემიის შემდგომ პერიოდში რუსეთი, დიდი ალბათობით, შეეცდება შეინარჩუნოს თავისი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და საერთაშორისო დივიდენდები, რაც ბოლო წლებში მოიპოვა.  მიმდინარე წლის ივნისის  ბოლოს  რუსეთში  ჩატარებული საყოველთაო კენჭისყრის შედეგები და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, სამართლებრივი თვალსაზრისით, გზას უხსნის პრეზიდენტ ვ. პუტინს დიდხანს შეინარჩუნოს საპრეზიდენტო პოსტი. ამგვარად, მას ეძლევა შანსი განახორციელოს ის სტრატეგიული კურსი, რომელსაც პრეზიდენტობის წინა პერიოდში ემსახურებოდა.


ამ სტრატეგიული კურსის ერთ-ერთი პრიორიტეტი კვლავ იქნება რუსეთის სამეზობლოში მოსკოვისათვის ხელსაყრელი გარემოცვის შექმნა, დასავლეთის გავლენის შემცირება. რუსეთი აამოქმედებს ყველა რესურსს, რათა არ დაუშვას ამ რეგიონის ქვეყნების გაწევრიანება ნატოში. ეს მისთვის “წითელი ხაზი“ იყო და სავარაუდოდ ასეც იქნება ახლო და საშუალო პერსპექტივაში.


მოსკოვი გააგრძელებს ევრაზიული ინტეგრაციის პროექტების განხორციელებას, მაქსიმალურად შეეცდება მათში უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჩართვას.


მოსკოვში არა აქვთ ილუზია იმის თაობაზე, რომ პანდემია აიძულებს დასავლეთს, შეცვალოს  რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკა და მოუხსნას მას სანქციები. ამიტომ, კრემლი შეეცდება აქტიურად  გამოიყენოს დასავლეთის შიდა პრობლემები. ამასთანავე რუსეთის დღის წესრიგში კვლავ იქნება დასავლეთთან, კერძოდ ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობათა მეტნაკლებად ნორმალიზება, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ ასპექტებზე აქცენტების გადატანა.


– რა რესურსები აქვს საქართველოს, რომ მიაღწიოს პოზიტიურ შედეგებს რუსეთთან ურთიერთობაში ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით?


- რუსეთის პოლიტიკის მიმართ ჩვენს პრაგმატულ და ამავე დროს პრინციპულ მიდგომას ალტერნატივა არ აქვს: ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას არასდროს შევეგუებით, ხოლო ევროატლანტიკური კურსი – სტრატეგიული არჩევანია. ამავე დროს, მომხრე ვართ რუსეთთან დიალოგისა, რადგან დიალოგის ალტერნატივა შეიძლება კვლავ ტრაგიკული ძალადობა იყოს, რაც საბედისწერო შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყნისათვის. ჩემი აზრით, დიალოგი რუსეთთან შეიძლება განხორციელდეს ნებისმიერ დონეზე, თუკი ეს რამენაირად წაადგება ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.


მოსკოვში აცნობიერებენ, რომ ე. წ. „ახალი რეალობა“ საქართველოსათვის მიუღებელია. თუმცა, ისინი შეეცდებიან სხვადასხვა ბერკეტებითა და ფორმით მიგვაჩვიონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობას“. ამ რთულ ვითარებაში ჩვენი საერთაშორისო პოზიციების დაცვა და დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერება საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია.


სამწუხაროდ, ქვეყანაში არსებული დესტრუქციული ძალები, რომლებიც ხელისუფლებაში ყოფნისას რუსეთს თან ლანძღავდნენ და თან საქმით ყველაფერს უთმობდნენ, ახლა გამუდმებით ცდილობენ მოახვიონ ხელისუფლებას რადიკალური დღის წესრიგი რუსეთთან მიმართებაში. დამოუკიდებლობის 30 წლის მანძილზე რადიკალებმა არაერთხელ გადაჩეხეს ქვეყანა. მორიგი შეცდომა ქვეყანას შესაძლოა დამოუკიდებლობის ფასად დაუჯდეს.


– რუსეთთან საავიაციო მიმოსვლისა და ტურიზმის აღდგენის რა პერსპექტივებია?


- ეს დაკავშირებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან და ჩვენ ამ პრიზმაში უდნა განვიხილოთ ეს საკითხი. ბოლო წლებში საქართველოს საგარეო ვაჭრობა დადებითი დინამიკით ვითარდებოდა, გაიზარდა ექსპორტი. მის დივერსიფიცირებას ხელს უწყობს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის წარმატებით ამოქმედება ევროკავშირთან, რომელიც ჩვენი პირველი სავაჭრო პარტნიორია. ასეთივე რეჟიმი მოქმედებს ჩინეთთან, რომელთანაც ასევე დინამიური  პოზიტიური სავაჭრო დინამიკა გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით. ქართველი მეწარმეები დაინტერესებულნი არიან რუსულ ბაზარზე თავისი საქმიანობის გაფართოებით. ქართული სახელმწიფოს ვალდებულებაა გვერდზე ამოუდგეს ქართულ ბიზნესს და მაქსიმალურად დაეხმაროს მას რუსეთთან ვაჭრობისას პრობლემების მოგვარებაში. თუმცა, რისკი ყოველთვის ბიზნესის ნაწილია და ეს განსაკუთრებით რუსეთს ეხება. ჩვენი ბიზნესმენებისთვის არახალია რუსეთის ეს ნაკლებად პროგნოზირებადი სირთულეები.


რუსეთი რიგი ჩვენი საექსპორტო პროდუქციის გასაღების ბუნებრივი ბაზარია და ამის იგნორირება საღ აზრს იქნებოდა მოკლებული. 2013 წლიდან რუსულ ბაზარზე დაახლოებით 2,3 მილიარდი დოლარის ღირებულების ქართული პროდუქცია გავიდა. ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული შემოსავალია.


დასავლელ პარტნიორებთან ერთად უნდა მივაღწიოთ პროგრესს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესში. ამ თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იქნებოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მანდატის სრული ამოქმედება, მისი ფუნქციის აღსრულება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.


საქართველო ცალმხრივად და პირნათლად ასრულებს საერთაშორისო ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ, როგორც იურიდიული თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკული საქმეებით. ახლა რუსეთის ჯერია ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისა. ამ მხრივაც ქართული დელეგაცია გააგრძელებს მუშაობას ჟენევაში.


ჟენევის მოლაპარაკებების დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი საკითხია აფხაზეთში დევნილთა დაბრუნების ხელშეწყობა. უნდა მოინახოს გზები აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კონტაქტების გასაფართოებლად. ახლო მომავალი გვიჩვენებს, თუ რა დოზით იქნება მზად აფხაზეთის ახალი დე ფაქტო ხელისუფლება არ შეუშალოს ხელი ამგვარ კონტაქტებს. იმედია კაცობრიობა დასძლევს პანდემიას და ნელ-ნელა ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდება. თუმცა, დიდი ილუზია იქნებოდა იმის წარმოდგენა, რომ პოსტპანდემიური სამყარო უფრო ჰარმონიული იქნება, ვიდრე ვირუსის გამოჩენამდე იყო. ასე რომ, მსოფლიოს და, კერძოდ, ჩვენს ქვეყანას წინ რთული ეპოქა, რთული სამყარო და რთულ რუსეთთან მეზობლობა ელის.



წყარო - 1tv.ge


კომენტარები:

ფართი შოპი