გიორგი ვაშაძე სააკაშვილს: წარსულში კი არ უნდა ვიბრძოლოთ მომავალზე, ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ!

პოლიტიკა 03 Aug 2020 19:08

,,ერთმანეთისთვის ტალახის სროლის დრო არ არის", - პოლიტიკური პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებლის“ დამფუძნებელი გიორგი ვაშაძე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, პასუხობს.



„მინდა, მივმართო მიხეილ სააკაშვილს, რომ ჩვენ წარსულით კი არ უნდა ვიყოთ და წარსულში კი არ უნდა ვიბრძოლოთ მომავალზე, არამედ ერთიან ფრონტზე უნდა ვიფიქროთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ვფიქრობ, 8 წლიანმა გამოცდილებამ ნათლად დაგვანახა, რომ ერთპარტიულ ინტერესებს კი არა, არამედ ხალხის ინტერესს აქვს მნიშვნელობა. ჩვენი მორალური კომპასიც ეს არის. ჩვენ ნათელ მხარეს ვართ და დავამარცხებთ იმ ბნელ მხარეს, რომელიც „დამსხვრეულო ოცნებების პარტიამ“ საქართველოში შემოიტანა.


ერთპიროვნული ან ერთპარტიული სისტემით ვერ დავამარცხებთ იმ ვითარებას, რომელშიც „დამსხვრეულო ოცნებების პარტიამ“ ჩაგვაყენა. გამარჯვებისა და სწრაფი ცვლილებებისთვის გვჭირდება ერთმანეთთან თანამშრომლობა და არა ტალახის სროლა; გვჭირდება ერთმანეთის გვერდში დგომა და საერთო ოპოზიციური ფრონტი, რომლითაც უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ საქართველოს აქვს მომავალი. კიდევ ერთხელ მივმართავ ყველას, თავი შევიკავოთ ერთმანეთისთვის ტალახის სროლისგან და ჩვენს პირად პარტიულ ინტერესზე წინ სახელმწიფო ინტერესები დავაყენოთ. მინდა, პირადად მიშას მივმართო და ვუთხრა, რომ არ არის ის დრო, როცა ტალახი უნდა ვესროლოთ ერთმანეთს, გაცილებით დიდი ამოცანა გვაქვს წინ“, – განაცხადა ვაშაძემ.



მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ინტერესშია, რომ ოპოზიციამ ერთმანეთს ტალახი ესროლოს და ამით კვლავ შეინარჩუნოს ხელისუფლება. 



„არც ერთი ნასროლი ტალახისთვის ტალახით არ დამიბრუნებია პასუხი და ასე გაგრძელებას ვაპირებთ. როცა მე და თაკო ჩარკვიანმა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, ამის შესახებ ყველა ინფორმირებული იყო. საკმარისზე მეტი დრო ჰქონდა ყველას, რომ საკუთარ პოზიციები ჩამოეყალიბებინა და იმაზეც შევთანხმდებოდით, რომ საერთო ფრონტი გვექნებოდა და ერთმანეთის თავდასხმას არ დავიწყებდით. ვწუხვარ, რომ დღეს ამ ვითარებაში ვარ და იმედი მაქვს, რომ ამ ვითარებიდან საქმიან ვითარებაზე გადავალთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 



შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძე ბნელ მხარეს გადავიდა. 




კომენტარები:

ფართი შოპი