ჯანსუღ ჩარკვიანი - სახალხო პოეტის დღემდე უცნობი ფიქრები (ვიდეო)

13 Nov 2017 16:12

სახალხო პოეტს ჯანსუღ ჩარკვიანს, სულ ბოლოს, 2016 წლის 16 დეკემბერს ვეწვიეთ. სახლში სახალხო პოეტი და მისი მეუღლე, ქალბატონი ირმა ჩხეიძე დაგვხვდნენ. გამორჩეული სიხარულით,  სითბოთი მიგვიღეს  - ისეთი სტუმართმოყვარეობით, როგორც ჩარკვიანების ოჯახს შეეფერება.  

 

ადამიანმა ცხოვრება ბავშვობიდან კაცურად უნდა დაიწყოსო, გვითხრა და საკუთარ ცხოვრებაზე საუბარი ბავშვობიდან დაიწყო. გულწრფელად გვესაუბრა ბავშვობის სიყვარულზე, სიყვარულის რაობაზე, რა სწყინდა, რა ახარებდა, რას ნანობდა... გვესაუბრა საკუთარ ოჯახზე, შვილებზე... რამდენიმე, მისივე შეფასებით - გამორჩეული ლექსიც წაგვიკითხა.

 

საუბრის ბოლოსკენ გვითხრა - აღარაფერს ვნატრობ... მიხარია, რომ სამ დროში ვიცხოვრე - წარსულში, აწმყოში და მომავალში, მაგრამ ახლა, იმ მომავალს ვერ ვხედავ და  ამას შეიძლება ვნანობდე, მაგრამ არ ვნონობ, რომ მივდივარო...

 

ინტერვიუს გამოქვეყნება არ გვიჩქარია, ალბათ, იმიტომ, რომ მისი სიტყვების მიუხედავად, უკვდავად მიგვაჩნდა...

 

წავიდა სახალხო პოეტი, თუმცა, თავის სახელთან და შემოქმედებასთან ერთად, მომავალში, ჩვენთან ერთად აგრძელებს და გააგრძელებს ცხოვრებას. ეს ინტერვიუც ამის დადასტურებაა...


 

 

ბავშვობა

 

დავიბადეგავიზარდე ვერაზე,

ვერა მჯობდა - ვერა მთვარევერა მზე...

 

 

ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი. მე-18 სკოლაში შემიყვანეს. მე უკვე ლექსებს ვწერდი. ამ სკოლაში ვსწავლობდი 4 წელი და სულ ქალების ჯინაზე ვიყავი ფრიადოსანი. ამ პერიოდში, უკვე ერთად ვიყავით ჯგუფში ჩვენ და გოგონები კლასში.

 

ჩვენი მასწავლებელი გახლდათ ქალბატონი ნინო სუხიაშვილი. საოცარი ქალბატონი იყო. დამიძახებდა ხოლმე - ნიშანს, იცი, რაში დაგიწერ? შენ რომ ვაჟა-ფშაველა გიყვარს, მის ლექსს რომ წაიკითხავო...

გამოვიდოდი და...

 

დაჟანგებულხარ, გორდაო,

დაგბედებია ქარქაში,

სადა გყავს შენი პატრონი,

დაგაწყებინოს კაშკაში?!

სადღა მყავს, ძმაო, პატრონი,

შამქორს გავსწირე მკვდარია,

ორმოცგან სჭირდა ნამხმლევი

სდიოდია სისხლი ღვარია...“- ჩავაბულბულებდი ბოლომდე და მეტყოდა, დაჯექი - ხუთიანიშენო!

 

 

მთელი ჩემი ცხოვრება, რაც კი მივლია ამ ქვეყანაზე, იმ პერიოდიდან მახსოვს ყველაფერისიკეთე.

 

იმ პერიოდში იყვნენ პირველი ყოჩები, მეორე ყოჩები, მაგრამ ძმობა  დიდი იყო... იმ სკოლიდანერთი საოცარი რამ მახსოვს. ჩხუბი მომივიდა და სკოლაში მითხრეს - დედა მოიყვანეო. დედაჩემს ვერ მოვიყვანდი, გარეთ გამოვედი და ერთ ახალგაზრდა, 25 წლის ქალატონსვთხოვე, დედა ავად მყავს და იქნებ გამომყვე, ვითომ დეიდა ხარ-თქო. კი ბატონოო დაშემომყვა... ნინო მასწავლებელმა უთხრა - ცუდად იქცევა და ჩხუბობსო. ამანაც, კარგი - ყველაფერს დედამისს მოვახსენებო.

 

ამის მერე, ერთხელაც შატალოზე წავედი. შატალო იყო თავისუფლების მოპოვება, საოცრება... კიდევ ერთხელ დამიბარა მასწვლებელმა და დედის მიყვანა მთხოვა. ისევ გამოვედი ქუჩაში და კვლავ უცხო ახალგაზრდა ქალბატონი მივიყვანე, როგორც დეიდა. ბევრჯერ გავაკეთე ასე, როგორც ჩანს.

 

ერთხელაც, მშობელთა კრება დაინიშნა და ამაჯერად ვუთხარი დედას ამის თაობაზე. კრებაზე მასწავლებელმა მიმართა დედას:

- ქალბატონო პისტი, რამდენი და გყავთო?

- ორი და მყავს, ერთი ჩემთან ცხოვრობს და მეორე ქუთაისშიო - დედამ მიუგო.

- 8 დეიდა მომიყვანა შენმა შვილმაო... ასე გამშიფრეს.

 

ადამიანმა ცხოვრება ბავშვობიდან კაცურად უნდა დაიწყოს. ჩემი ცხოვრება ამ პერიოდიდან დაიწყო - სიყვარულით, ერთგულებით, თავისუფლებით, ძმობით...

 

პირველი სიყვარული

 

როგორ გითხრათ, თუ ამასაც ისეთი სიყვარული ერქვა...  ერთი პატარა გოგო იყო, რომელიც ძალიან მომწონდა, ნატო ერქვა, 8 წლის იყო... მე 10-ის. პირველად ლექსი მაშინ წავუკითხე, ერთი სტრიქონი:

 

მიყვარს ნატო,

მაგრამ მარტო!

 

 

მარტო იმიტომ, რომ დედამისი დაჰყვებოდა და მე მინდოდა, მარტო ყოფილიყო.  ეს პირველი იყო...

 

ჩემი მეუღლე მეტყვის ხოლმე: ის გოგო რომ გიყვარდა, ეს გოგო რომ გიყვარდაო... მე ვეუბნები - ქალო, სხვა ყველა მომწონდა, მიყვარდი შენ-თქო...

 

რა არის სიყვარული?

 

მთავარი მინდა ვთქვა. საშინელებაა, როცა ამბობენ - ძალიან მიყვარხარ. სიყვარული ღმერთია, საოცრებაა ამ ქვეყანაზე და როცა ღმერთს უდრის სიყვარული, წარმოიდგინეთ, როგორი შინაარსობრივი დატვირთვა აქვს. სიყვარულია ერთგულება, სიყვარულია ბრძოლა - საშინელების წინააღმდეგ. სიყვარულია ერთმანეთის გაგება... ურთიერთგაგება... კარგი რამეა სიყვარული.

 

ხანდახან იციან ხოლმე თქმა - რა ვიცი, მე არ მყვარებია... რას ჰქვია, არ გყვარებია? სიყვარულზე ბევრჯერაც დამიწერია. წაგიკითხავთ რამდენიმეს:

 

(ეძღვნება ჩემს მეუღლეს)

მზის ჩასვლა (30 სექტემბერი)

მე თუ მომკლავსშენზე ფქირი მომკლავს,

ღმერთმა ნუ ქნასრომ ეს ფიქრი ჩაქრეს,

სიყვარული - უფრო მთვარეს მოჰგავს,

გიყურებს და ირონიას გაფრქვევს.

ამდენ ტკივილს ნეტა როგორ ვუძლებ,

გამოგხედე და აღარა ჩანდი,

მზეს გავხედე დასავლეთით უცებ,

ჩადისმაგრამ რა ლამაზად ჩადის!

 

 (ისევ ირმა ჩხეიძეს)

რა უნდა გაქრეს?!

-კაი ცხოვრება?

-არასოდეს არა მქონია!

ყელმოღერილი ფუფუნება არა მქონია,

არცა იღბალი შესაშური არა მქონია.

ბოღმა და მტრობა არავისი არა მქონია,

სიცოცხლემქონდა,

მქონდა, მაგრამ არა მქონია...

თვითონ ღმერთმაც რომ დამამადლოს  - არა მგონია!

მაშ რა გაქრება - რაც არასდროს არა მქონია.

მივდივარმიმაქვს სიყვარული და მაგნოლია.

 

 

ფეხმძიმე ქალი

ქალი მინახავს ათასნაირი,

ქალი-მინდორიქალი-ყვავილი,

ქალი-ნისლი და ქალი-ჰაერი;

ქალი-მშვენება იმერ-ამერის.

 

ასე კახეთითპირით ალაზნის,

ვენეციამდე მოვრჩი ხეტიალს,

მაგრამ ფეხმძიმე ქალზე ლამაზი,

ქალი არასდროს არ შემხვედრია.

 

 

 

ადამიანის მთავარი მოვალეობა

 

ადამიანის მთავარი მოვალეობა - არ იყოს მოღალატე. სიყვარულზე ვსაუბრობდით და სიყვარულში არ შეიძლება იყოს ღალატი. როცა ძმა - ძმას, მეგობარი მეგობარს ძმობს, ეს არის მთავარი. მთავარი ვიღაცას ფული ჰგონია, მაგრამ არ არის ასე. ჩემი ერთი ლექსი ამგვარად მთავრდება:

მთავარი მაინც მამული არის,

განსაცვიფრებლად არის მთავარი...

 

მამულზე, სამშობლოზე მთავარი რა უნდა იყოს?!

 

შვილები

 

ჩემზე ვერ იტყვიან, რომ მკაცრი მამა ვიყავი. როგორი სურვილიც ჰქონდათ, ისე ცხოვრობდნენ - ჩემი მამუკაც და ჩემი თაკოც.

 

მამუკას დღეს დიდი სახელი აქვს, მაგრამ არასოდეს იტყვის - კომპოზიტორი ვარო. მე ვარ ავტორი სიმღერებისაო, ასე ამბობს. ის სიმღერები კი, თითქმის ყველა ჩემს ლექსებზეა დაწერილი, თუმცა, მე არასოდეს მითქვამს მისთვის - ამ ლექსზე დაწერე-მეთქი, თავადვე ირჩევდა.

 

ალკოჰოლის მხრივ გადაუხვია, ცოტა მეტი მოუვიდა და ეს ძალიან მწყინს...  ძალიან კარგი შვილები და შვილიშვილები ჰყავს. 61 წლისაა უკვე. ეს ოთხი წელია ვერ არის კარგად...

რაც შეეხება ჩემს გოგოს, თაკო ჩარკვიანს - კონსერვატორია აქვს დამთავრებული, მუსიკოსია, მაგრამ ჟურნალისტიკას გაჰყვა. დღეს თუ ჩემი ოჯახი არსებობს და კარგად ვართ - მისი დამსახურებაა. გადაყოლილია ჩვენზე...

 

ასევე უნდა ვთქვა მის ქალიშვილზე, ირმა გიგანზე, რომელიც დღეს მსოფლიოშია ცნობილი. ბრწყინვალე მუსიკოსია, დღეში 6 საათი უკრავს და მუშაობს, ეს წარმატება ამის დამსახურებაა. მარტო ნიჭი არ კმარა.

 

ჯანსუღ ჩარკვიანი და პოლიტიკა

 

ჩემს ცხოვრებაში პოლიტიკაში ერთხელაც არ გავრეულვარ. სიკეთეს ვაკეთებდი, ვიბრძოდი საქართველოს დამოუკიდელობისთვის. ხელს ვაწერდი შესანიშნავ რამეებს...

 

ხანდახან იტყვიან ხოლმე - შენ რომ შევარდნაძესთან ასე იყავი... ჩვენ კი არ  ვიყავთ, მან გამოხატა სურვილი, ჩვენი ძმაკაცი ყოფილიყო. ის მაშინ ჩემთვის პოლიტიკა არ იყო. ეს იყო მაშინდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის დამსახურება. გვეპატიჟებოდა ხოლმე - მე, ჭაბუა ამირეჯიბს, ნოდარ დუმბაძეს... ედუარდ შევარდნაძე საქართველოს ისტორიაში დარჩება როგორც ბრწყინვალე პოლიტიკოსი. იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული...

 

მარიხუანა

 

მე არ ვარ მოხრე, რომ მარიხუანას გამო ვინმე დაიჭირონ. ისე კი, რა მნიშვნელობა აქვს, რით გაბრუვდები... მაგრამ თუ შევადარებთ, ალკოჰოლიზმი რით არის კარგი?! თანამდებობის პირები ვიცოდი, ნარკომანები იყვნენ, მაგრამ კარგად აკეთებდნენ საქმეს. ალკოჰოლიკი 100 გრამში გაყიდული პიროვნებაა - არავინ არ არის ქვეყანაზე. ასე რომ, თუკი ალკოჰოლიკს არ იჭერ, მარიხუანას რომ კაცი ეწევა, რატომ უნდა დაიჭირო?! მე არასოდეს გამისინჯავს მარიხუანა და ასეთი რამეების ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავი.

 

რამდენად ხართ დაფასებული ქვეყანაში?

 

85 წლის რომ გავხდი, ერთი მეგობარი მეკითხება - აბა, ვინ როგორ მოგილოცაო, ბატონო ჯანსუღ? ვუთხარი, არავის არ გავხსენებივარ - არც კულტურის მინისტრს, არც სახელმწიფოს და არც პარალმენტს-თქო. რატომო, კაცო? რუსთაველი არ ახსოვთ და ჯანსუღ ჩარკვიანი ვის ეხსომება-თქო?

 

ყველაზე დიდი, რაც ცხოვრებაში გაუკეთებია

 

შესაძლოა, განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია, მაგრამ ჩემი საძმოსთვის არასოდეს მიღალატია, არასოდეს მდიდარი არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა რამ მქონია, მთელი ჩემი ცხოვრება ლუკმის გამყოფი ვიყავი. როცა შემეძლო, იმდენი ხალხი დამისაქმებია, ვთხოვდი და მიკეთებდნენ... ზოგჯერ მეკითხებიან - დაგიფასა ვინემ? - მე არავის არაფერი არ მწყინს... ერთი ასეთი ლექსი მაქვს:

 

მე მოგახსენებთ სიტყვას,

სიტყვას გულიდან დაძრულს,

ვისაც ვუყვარვარ -  მიყვარს!

მე ვისაც ვძულვარ  - არ მძულს!

 

 

მე სიძულვილის კაცი არასოდეს ვყოფილვარ... მთელი ცხოვრება სიყვარულით ვიარე. ახლაც ასე ვარ... ან სადამდე უნდა ვიარო?  ახლა, წასვლის გზაზე ვარ.

 

რა გახარებთ?

 

უამრავი პოეტია ჩემ მიერ ხელდასხმული და დღეს რომ სახელოვნები არიან, ეს მახარებს.

 

რას ნატრობთ?

 

აღარაფერს ვნატრობ... მიხარია, რომ სამ დროში ვიცხოვრე - წარსულში, აწმყოში და მომავალში, მაგრამ ახლა იმ მომავალს ვერ ვხედავ და  ამას შეიძლება ვნანობდე, მაგრამ არ ვნანობ, რომ მივდივარ... სანამდე გინდ ამ ქვეყანაზე იყო... უნდა წახვიდე, აბა, რა...

 

ვინ არის ჯანსუღ ჩარკვიანი?

 

არ ვარ ისეთი პიროვნება - თავი მოვიწონო, მაგრამ რაღაცები მიხარია... შოთა რისთაველის პრემიის ლაურეატი ვარ. თბილისის საპატიო მოქალაქე ვარ. ახლა სახალხოობა მომცეს. რომ არ მოეცათ, ერთი, მეორე ან მესამე, არ ვიტირებდი, მაგრამ რომ მომცეს - გამიხარდა. უფრო კარგი რა უნდა გქონდეს კაცს, ვიდრე ამხელა პრემიების მფლობელი იყო...

 

ინტერვიუს  სრული ვიდეოვერსია:


წყარო: reportiori

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები: