მიხეილ ჩხენკელი თელავის თეატრში სპექტაკლის „კოვიდ-19“, ანუ შეზღუდვები ქართულად“ პრემიერას დაესწრო

თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში 30-31 ივლისს ახალი სპექტაკლის „COVID-19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ პრემიერა გაიმართა, რომელსაც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დაესწრო.



სპექტაკლის ჩვენება ღია ცის ქვეშ ჩატარდა, რომლის დროსაც გათვალისწინებული იყო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ღია სივრცეებში ღონისძიებების ორგანიზების შესახებ.



პიესა სპეციალურად თელავის თეატრისთვის ნიკა რამიშვილმა დაწერა. „COVID-19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ მოგვითხრობს შეზღუდვების ფონზე ერთ ოჯახში განვითარებულ ისტორიას.



სპექტაკლის დასრულების შემდეგ მიხეილ ჩხენკელმა თელავის თეატრის რეჟისორსა და დასს პრემიერა პირადად მიულოცა, სამინისტროს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცა, წარმატება და პროფესიული წინსვლა უსურვა.



„COVID-19 ანუ შეზღუდვები ქართულად“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიდგა. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი სპექტაკლია ქართულ თეატრალურ სივრცეში, რომელიც პანდემიის თემატიკას ეხება.



სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამფორმებელია კახა გოგიძე; სცენოგრაფია და კოსტუმები მხატვარ ქეთი ნარეკლიშვილს ეკუთვნის; რეჟისორის თანაშემწე – დავით ნაცვლიშვილი. სპექტაკლში მონაწილეობენ: ზურა ლომიძე, ეთერ ბაბილაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნონა ხუმარაშვილი, დათა ხუნაშვილი, მარიამ მაისურაძე, ლექსო რაზმაძე-ცინკვერაშვილი.



თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორია ერეკლე II-ის მეფობის პერიოდში იწყება. მეფე ერეკლეს მიერ რუსეთში სწავლა-განათლების მისაღებად გაგზავნილმა ახალგაზრდებმა (დავით ბატონიშვილი, ერასტი თურქესტანიშვილი, ივანე ორბელიანი, გიორგი ავალიშვილი) სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თეატრალური დასის შექმნა გადაწყვიტეს. თეატრს სათავეში ედგა გიორგი ავალიშვილი. თელავის თეატრში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ: გაბრიელ მაიორი, დავით მაჩაბელი, მაკო საფაროვა-აბაშიძისა, ლადო მესხიშვილი, დავით აწყურელი (გამყრელიძე), ვასო აბაშიძე, ნატო გაბუნია, ალ. ყაზბეგი, სერგო ზაქარიაძე, კოტე მარჯანიშვილი და სხვ. 




კომენტარები:

ფართი შოპი