საქართველოს მთავრობამ კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო

საქართველოს მთავრობამ კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ფართომასშტაბიანი კვლევა დაიწყო.



განვითარების პარტნიორებს, რომლებთანაც კვლევის დეტალებზე შიდა კონსულტაციები უკვე დასრულდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დღეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ნათია მეზვრიშვილთან ერთად შეხვდა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლის პროცესში ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების შეფასება და ანალიზი, მათ შორის ხარვეზების გამოვლენა და გაცნობიერება, რათა ქვეყნის ინსტიტუტები მომავალში მსგავს შესაძლო კრიზისებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდნენ.



დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა  სოციალური, ადამიანის უფლებების და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა. შეფასდება მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მართვის პროცესში, არსებული გამოწვევები და კოვიდ-19-ის გავლენა საქართველოს მოწყვლად მოსახლეობაზე. განმეორებითი კრიზისების წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების უკეთ მომზადების მიზნით, კვლევის ფარგლებში ასევე შემუშავდება რეკომენდაციები.



პრემიერ-მინისტრმა კვლევაზე მუშაობის პროცესში ჩართულ ყველა საერთაშორისო პარტნიორს ინტერესისა და აქტიური თანამშრომლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.



„კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის კრიზისის მენეჯმენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი პანდემიის დროს და ადამიანის უფლებები, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენი მიზანია იმ გამოწვევების იდენტიფიცირება, რაც ამ პროცესში გვქონდა მიღწეული წარმატების მიუხედავად და შესაძლო მომდევნო ტალღას, ისევე, როგორც მსგავს კრიზისებს მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად გავუმკლავდეთ“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.



პანდემიაზე რეაგირების პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მიესალმა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ლუიზა ვინტონი.



„გაეროს განვითარების პროგრამის სახელით დიდ სიამოვნებას მგვრის საქართველოს მთავრობის შექება და მილოცვა პანდემიაზე რეაგირების გამო. მიმაჩნია, რომ ვინც რიცხვებს შეხედავს და შეადარებს რეგიონის შედეგებს ან გლობალურ მაჩვენებლებს, კარგად დაინახავს, რომ საქართველო ჭეშმარიტად წარმატებული ქვეყანაა. ამ ფონზე გაეროს განვითარების პროგრამა და გაერთიანებული ერების სისტემაში შემავალი სხვა უწყებები, ასევე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო დიდი დაინტერესებით ერთვებიან კვლევაში, რომელიც გააანალიზებს საქართველოს გამოცდილებას და ნახავს რა გაკეთდა კარგად და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთ“, - აღნიშნა ლუიზა ვინტონმა.



გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისთვის, კვლევაში მთავრობის რეაგირების ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტებია პანდემიის დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საკითხები.



„ჩვენ დავაკვირდებით სამომავლოდ გასათვალისწინებელ ფაქტორებს და შევისწავლით რამდენად პროპორციული იყო განხორციელებული ზომები,  უკვე ვაღიარებთ და მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საგანგებო ვითარების გამოცხადებისას სიტყვის თავისუფლებას და მედიის თავისუფალი მუშაობას შეზღუდვები საერთოდ არ შეხებია. ამას დიდად ვაფასებთ“, - განაცხადა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ შკოლნიკოვმა.



გაეროს მოსახლეობის ფონდის ხელმძღვანელის შეფასებით, კოვიდ-19-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის, გააუმჯობესოს მზაობა პანდემიებისთვის და  კიდევ უფრო ააჩქაროს  ქვეყნის  სოციალური და ეკონომიკური განვითარება.



„ჩვენთვის, როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევა სპეციალურ აქცენტს გააკეთებს მოწყვლად ჯგუფებზე, ისეთ ჯგუფებზე, რომელთა სიტუაცია შეიძლება ადრე არც კი ყოფილა კარგად გამოკვლეული სოციალური და ეკონომიკური უფლებების თვალსაზრისით, მაგალითად, როგორიც არის ხანდაზმულები, ახალგაზრდები და განსაკუთრებით ახალგაზრდების მოწყვლადი ჯგუფები, როგორიც არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდები, ახალგაზრდები ეთნიკური უმცირესობის ჯგუფებიდან და ა.შ. მდგრადი განვითარება შეუძლებელია უთანასწორობის დაძლევის გარეშე და ამ თვალსაზრისით, ჩვენ გაცილებით უფრო ფართოდ ვუყურებთ ამ კვლევას და ვფიქრობთ, რომ მას შორს მიმავალი შედეგები ექნება“, -  აღნიშნა ლელა ბაქრაძემ.



კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაეროს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ.

 



კომენტარები:

ფართი შოპი