რა იცვლება მძღოლების დაჯარიმების წესებში ნოემბრიდან - რატომ, რამდენს და როდის გადაიხდით - ინტერვიუ გიორგი არსოშვილთან

10 Oct 2017 23:27

საგზაო მოძრაობის დარღვევის შემთხვევაში ვიდეოჯარიმების აღსრულების წესი იცვლება. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური პრეზენტაცია გამართა. ახალი წესები 1 ნოემბრიდან ამოქმედდება. სიახლეების შესახებ „მაესტროს“ კითხვებს სამინისტროს ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა უპასუხა.




_გთხოვთ, ვრცლად და შედარებით მარტივი ენით აგვიხსნათ, არ იცვლება დაჯარიმების წესებში?



_შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს კომპლექსურ ღონისძიებებს, კომპლექსურ რეფორმებს, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოება ქალაქის ქუჩებში და ცენტრალურ მაგისტრალებზე. ამისთვის დაინერგა ძალიან ბევრი ტექნოლოგიური სიახლე, რაც ხელს უწყობს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების განმტკიცებას და გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მოქმედ კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. 2017 წლის 1 ნოემბრიდან ამოქმედდება ფოტო-ვიდეო ფირზე აღბეჭდილი ჯარიმების აღსრულების ახალი წესი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო აწარმოებს ინტენსიურ პიარკამპანიას, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ძალიან დეტალურად შეიტყონ ამ სიახლეების თაობაზე.



პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ყველა მოქალაქე აუცილებლად მიიღებს სატელეფონი (sms) შეტყობინებას ვიდეოჯარიმის შესახებ, ამიტომ მნიშვნელოვანია მოქალაქეებს მითითებული ჰქონდეთ მოქმედი მობილურის ნომერი შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბაზაში. სატელეფონო შეტყობინების მიღებიდან შემდეგი ეტაპი ჯარიმის გადახდაა. თუკი შეტყობინებიდან 10 დღის ვადაში მოქალაქე ჯარიმას გადაიხდის, ის 20%-იანი საშეღავათო ჯარიმით ისარგებლებს. შემდგომი ეტაპი, სტანდარტული ეტაპია, შემთხვევები, როდესაც პირი არ იხდის ჯარიმას ამ 10-დღიან ვადაში. კერძოდ, ასეთ დროს, ჯარიმა ფოსტის მეშვეობით იგზავნება კონკრეტულ მისამართზე. თუ პირი არ იბარებს, ან ვერ ხდება მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარება, ამის შემდეგ ვიდეოჯარიმა ქვეყნდება შშს-ის ოფიციალურ ვებგვერდზე, www.police.ge. გამოქვეყნებიდან 30 დღის განმავლობაში ყველა მოქალაქეს შესაძლებლობა აქვს გადაიხადოს კონკრეტული ჯარიმა. გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს ჯარიმა ექვემდებარება აღსრულებას. დღეს პრეზენტაციაზე ითქვა კიდევ ერთი სიახლის შესახებ, კერძოდ ჯარიმების აღსრულების ხანდაზმულობის 6-თვიანი ვადა გაიზარდა ერთ წლამდე.



_ვადის გაზრდა რატომ გახდა საჭირო?


_სამინისტროში დანერგილი ტექნოლოგიური სიახლეები ემსახურება ერთ მარტივ მიზანს: ყველა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც დაფიქსირდება, შესაბამის რეაგირებას უნდა დაექვემდებაროს. ვადის გაზრდაც სწორედ იქითკენაა მიმართული, რომ ყველა დარღვევა, რომელიც დაფიქსირდება, აუცილებლად დაექვემდებარება დაჯარიმებას და შესაბამისად, უნდა ამოქმედდეს აღსრულების წესი.



სატელეფონო შეტყობინებებს რომ დავუბრუნდეთ. არის შემთხვევები, როდესაც  ნომერი არ არის გაფორმებული ადამიანზე, ან მისი ნომერი სხვას აქვს და ეს გარკვეულ პრობლემებს ქმნის. პირველ რიგში, როგორ შეიძლება ადამიანებმა შეამოწმონ, მართლაც არის თუ არა მათი ნომერი მითითებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზაში და თუკი დარღვევაა, გამოასწორონ? ასევე, მაგალითად, თუ სხვას მიუვიდა ჩემი დარღვევის გამო ჯარიმა, ასეთი ხარვეზების აღმოფხვრის რა გზა არსებობს?



ხარვეზები მოქმედ ანალიტიკურ პროგრამას არ გააჩნია. ჩვენ ამ პროგრამას საკმაოდ დიდხანს ვტესტავდით და ხარვეზები ფაქტობრივად ნულამდეა დაყვანილი. მთავარია, რომ მოქალაქეებმა და მძღოლებმა აუცილებლად მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და მონაცემთა ბაზაში მათი მოქმედი მობილური ნომრის მითითება მოითხოვონ, რომ ძალიან ოპერატიულად მიიღონ კონკრეტული სატელეფონი შეტყობინებები. ინოვაციები და სიახლეები, რაც სამინისტროში დაინერგა, რა თქმა უნდა, საგზაო უსაფრთხოების განმტკიცებას ეხება, მაგრამ თითოეული მოქალაქის ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ქალაქის ქუჩებში გადაადგილების ძალიან უსაფრთხო გარემო შევქმნათ.



_შეგიძლიათ თუ არა ქულათა სისტემის კლების ეფექტიანობაზე გვითხრათ? რა მონაცემები გაქვთ, რამდენად გაამართლა და როგორ არის ქულების კლების საქმე?



_ქულათა შეფასების სისტემა ეს არის ერთ-ერთი იმ რეფორმათაგანი, რომელიც შს სამინისტრომ ბოლო დროს გაატარა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ სისტემამ უკვე მოგვცა ძალიან ეფექტიანი, კონკრეტული შედეგები. ყველა ჩვენგანი ყოველდღიურობაში შეამჩნევდა ქალაქში შედარებით გაუმჯობესებულ მოძრაობას. ჩვენი მძღოლები ყველანაირად ცდილობენ, რომ თავი აარიდონ ქულების კლებას და შესაბამისად თავი აარიდონ დარღვევას.



კიდევ ერთი გარემოების შესახებ ვიტყვი. ყველა იმ ლოკაციაზე, სადაც განთავსდება სამინისტროს საპოლიციო კამერა, აუცილებლად განთავსდება კონკრეტული აბრა, რაც ასევე პრევენციულ ხასიათს ატარებს. ჩვენ მძღოლებს და თანამოქალაქეებს ეძლევათ საშუალება მაქსიმალურად ნაადრევად მიიღონ კონკრეტული ზომები და თავი აარიდონ კონკრეტულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას.



_სტატისტიკა როგორია, რამდენს ამოეწურა 100 ქულა?



სტატისტიკა გამოქვეყნდება. არიან ისეთი პირები, ვისაც ფაქტობრივად ნულამდე აქვს დაყვანილი ქულების რაოდენობა. სამინისტროს თვითმიზანი არ არის რაც შეიძლება მეტი ქულა ჩამოაკლოს მოქალაქეებს, ან რაც შეიძლება მეტი ჯარიმა გამოწეროს. ჩვენი მთავარი მიზანი საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება და თითოეული ჩვენი თანამოქალაქისათვის მშვიდობიანი გადაადგილების გარემოს შექმნა, როგორც ქალაქის ქუჩებზე, ასევე ცენტრალურ მაგისტრალებზე.



წყარო: medinews.ge

კომენტარები: