სოფო ბედია და დათო ძიძიგური ახალ კლიპში გადაიღეს

28 Sep 2017 22:59

მუსიკალური კლიპის პრეზენტაცია ახალ გახსნილ კლუბში  "თბილიონში" გაიმართა, რომლის პიარ-სამახურს ცნობილი ივენთმენეჯერი, თაკო დოლაბერიძე წარმოადგენს.


"თბილიონი" სააკაძის დაღმართზე 6 ნომერში მდებარეობს (მეათე სართულზე) მართალია, თავიდან ობიექტს ვერ მივაგენით, თუმცა, მრავალსართულიანი შენობის კართან ცნობილი სახეები შევნიშნეთ და დავწრუნდით, რომ სწორ მისამართზე ვიმყოფებოდით. ლიფტიდან გამოსულებს ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი მასპინძელი, სოფო ბედია შემოგვეგება, რომელიც შავ საღამოს კაბაში იწონებდა თავს, დავით ძიძიგური კი სცენასთან ახლოს ტრიალებდა.


პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მომართულ ფოტო და ტელეკამერებს, ვიდეოგადაღების რეჟიმზე ჩართული მობილური ტელეფონებითაც უწევდნენ კონკურენციას მიწვეული სტუმრები, რომელთა შორის არაერთი მომღერალი შევნიშნეთ. დაახლოებით ცხრის ნახევრისთვის საპროექციო ეკრანის ფონზე თაკო დოლაბერიძე მოგვესალმა, რომელმაც საზოგადოებას მადლობა გადაუხადა და დუეტს მოუხმო.


სცენიდან შევიტყეთ, რომ ალექსანდრე ბასილაიას სიმღერაზე შექმნილი მუსიკალური კლიპის რეჟისორი, ცნობილი ქართველი პროდიუსერი ნატო დუმბაძე ყოფილა, ოპერატორი ლევან აბულაძე, არანჟირების ავტორია კი ცირა ბზიშვილი. მორის ფიცხიშვილის ლექსზე შექმნილ კომპოზიციას, მისი ავტორი - ალექსანდრე ბასილაია, ერთ დროს მეუღლესთან ერთად ასრულებდა, თუმცა ამ ნამუშევრის ახლებური გაჟღერებით პუბლიკა კმაყოფილი ჩანდა.


როგორც ჩანს აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით დაღლილ საზოგადოებას, აშკარად მოენატრა ქართული ესტრადა და თბილისური საღამოებიც, რომელ საღამოებზეც ყველაზე ნაკლებად საუბრობდნენ წინასაარჩევნო მარათონზე, მიუხედავად იმისა, რომ მომღერალ სოფო ბედიას მეუღლე,  "ქართული ოცნების" მიერ თბილისის საკრებულოს პროპორციული სიაში მეთვრამეტე ნომრადაა წარმოდგენილი. - რა იქნება მერე, ამას ხვალ გავიგებთ, გუშინ კი მოვუსმინეთ, სიმღერას სახელწოდებით "მერე"- რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები: