რა გაკეთდა და რა კეთდება ახმეტის მუნიციპალიტეტში? - ინტერვიუ ახმეტა-თელავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ გელა სამხარაულთან

19 Sep 2017 11:19

2016 წლის 4 სექტემბერს, როცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა სამხარაული წარუდგინა, თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაიწყო:

„ჩვენს ქვეყანას აღარ სჭირდება დაპირისპირება და სიძულვილი, ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და სისწრაფე განვითარებაში“.

მას შემდეგ ერთი წელიწადი გავიდა. რა გაკეთდა ჩვენს მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით და როგორი ტემპით გრძელდება დაგეგმილი სამუშაოების მიმდინარეობა, ინტერვიუ ვთხოვეთ ახმეტა-თელავის მაჟორიტარ დეპუტატს გელა სამხარაულს.




_ ბატონო გელა, როცა თქვენთან პირველი ინტერვიუ ჩავწერე, ერთ-ერთი კითხვა, რითიც მოგმართეთ იყო, რის გაკეთებას აპირებთ ამ ოთხი წლის განმავლობაში? ამჯერადაც მსგავსი

კითხვა მინდა დაგისვათ, ოღონდ სხვა კონტექსტში, რისი გაკეთება შეძელით ამ ერთი წლის განმავლობაში და გვითხარით თქვენი გაწეული მუშაობის შესახებ?


_ არ მიმაჩნია სწორად მხოლოდ ერთი წლის შედეგებზე საუბარი. მე ხელისუფლებაში, ჩემს გუნდთან ერთად ვარ უკვე მეხუთე წელია. ამიტომ მოკლედ ვიტყვი, ჩვენ ვიდექით პრინციპულად ახალი გამოწვევის წინაშე, ავირჩიეთ განვითარების პრაგმატული სტრატეგია და დავიწყეთ სახელმწიფოებრივი სოციალურ ­ეკონომიკური სისტემის პოზიტიური მხარეების გაძლიერება. აქცენტი გაკეთდა გრძელვადიან განვითარებაზე, ფოკუსირება მოვახდინეთ კონკრეტულ მიმართულებებზე, რომლებიც ჩვენი აზრით, მნიშვნელოვნად შეცვლის ქვეყნის მომავალს. ოთხ პუნქტიანი გეგმა არის სწორედ ამ მიზნების დოკუმენტალური დასაბუთება და ითვალისწინებს ეკონომიკურ რეფორმას. განათლების რეფორმას, ქვეყნის განვითარებას ოპტიმალური სივრცითი მოწყობით, მართველობის რეფორმას. ჩვენ ასევე რეგიონული განვითარების პროგრამით განვსაზღვრეთ რეგიონული პოლიტიკის მიზნები და პრიორიტეტები. ესენია: ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მცირე და საშუალო მეწარმეების მხარდაჭერა, სოფ. მეურნეობის და ტურიზმის განვითარება, ადამიანური კაპიტალის გაუმჯობესების და პროფესიული განათლების ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობა. პროცესი დაწყებულია, აქტიურად მიმდინარეობს სოფლების ინფრასტრუქტურის: გზების, წყალმომარაგების სისტემის მოწესრიგება, ასევე ბუნებრივი აირით, ინტერნეტითა და კავშირგაბმულობით უზრუნველყოფის სამუშაოები. ასეთი მიდგომები ხელს შეუწყობს რეგიონებში სამუშაო ადგილების შექმნას. გააჩენს სოფლად ალტერნატიული დასაქმების შესაძლებლობას, რასაც თავისთავად ექნება დადებითი სოციალურ ­ეკონომიკური შედეგი. ახმეტის, ისევე როგორც ყველა რეგიონის, სოციალურ ­ ეკონომიკური მდგომარეობის რადიკალურად შესაცვლელად საჭიროა ყველა იმ კომპონენტის, რესურსის ათვისება და განვითარება, რომელიც შექმნის განვითარებისთვის მყარ საფუძველს, მსგავსი მიდგომით პროცესი შეუქცევადი გახდება. ჩემი ხედვით, ახმეტას ასეთი რესური საკმაოდ აქვს, ესენია: ახმეტა­თიანეთის დამაკავშირებელი გზა, ილტოს ხეობის წყალსაცავი, ახმეტის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლები, თუშეთი, რომელიც ტურიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ რეგიონისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის. ახმეტა თავისი ეთნიკური მრავალფეროვნებით ვფიქრობ, ტურისტებისთვის განსაკუთრებულად საინტერესო რეგიონი გახდება. აუცილებელია სოფლის მეურნეობის განვითარება და რეგიონისთვის სახასიათო კულტურების გაშენების ხელშეწყობა, მაგალითად  „ქისი“, „ახმეტის მწვანე“ და სხვა... ამ საკითხებზე უფრო დეტალურად, ალბათ, მომეცემა საუბრის საშუალება. 


როცა ქვეყნის პოტენციალზე და ამ პოტენციალის გამოყენებაზე გაქვს პრეტენზია, კარგად უნდა გესმოდეს სოფლის მეურნეობის და მისი განვითარების მნიშვნელობა. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მაღალია სოფლად მცხოვრები ადამიანების რიცხვი და ასევე, სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში, პრინციპულად არ მინდა ვისაუბრო ციფრებით, სტატისტიკური მაჩვენებლებით, მთავრი მაინც შინაარსობრივი დატვირთვაა. სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკა უნდა ემყარებოდეს კონკრეტული რეგიონის სოფლების იდენტობას. ჩემი აზრით სწორედ ეს სპეციფიკური მახასიათებლები შეუწყობენ ხელს სოციალურ ჩართულობას. ადგილობრივი მეურნეობების და მეწარმეობის განვითარებას. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს სოფლის მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარებას, ჩემთვის ეს შესაძლებლობები არ არის მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება, ან ფერმერული მეურნეობების განვითარება, ეს არის ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის დაცვაც და ბუნებრივი რესურსების სწორად და მიზნობრივად მართვაც. ჯამში ეს ყველაფერი რა თქმა უნდა, ხელისუფლებისა და მოსახლეობის აქტიური თანამშრომლობით არის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის ყველაზე კარგი და მყარი საფუძველი. მოსახლეობის ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ ­ერთი პუნქტი „სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება”, გულისხმობს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას იმისთვის, რომ პოლიტიკის დაგეგმვა და შეფასება შეესაბამებოდეს ევროპულ ნორმებს. გამოდის ევროკავშირის მიდგომის მთავარი მახასიათებელი არის ის, რომ ადგილობრივი საჭიროებები და პრიორიტეტები გამოვლინდეს ხალხის ძალისხმევით და მხოლოდ ამის შემდგომ განისაზღვროს ის სტრატეგიები, საითკენაც იქნება მიმართული ინვესტიციები. ეს ძალიან სწორი და პრაქტიკული მიდგომაა. მესმის, რომ მართლა ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, დაწყებული დასაქმების შესაძლებლობის სიმწირით, კომპეტენციის ნაკლებობით, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით, თუ კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული სირთულეებით, მაგრამ პოზიტივებს გვერდს ვერ ავუვლით. მაგალითად დავიწყოთ საგზაო ინფრასტრუქტურით, მე ყოველთვის ვამბობ, რომ ახმეტისთვის და ზოგადად ყველა რეგიონისთვის გზების მოწესრიგება ეს იქნება სასოფლო საერთაშორისო, თუ შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ძალიან დიდ შესაძლებლობებს უქმნის მუნიციპალიტეტის და ამ მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლების განვითარებას. ახმეტა­ თიანეთის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელზეც აქტიურად ვსაუბრობდი წინა საარჩევნო პერიოდში, ამ დღეებში დაიწყება. გზის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, „შიდა სახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტისთვის” ფარგლებში განხორციელდება და სამუშაოებისთვის 21 მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს სატრანზიტო მნიშვნელობის გზა განავითარებს ადგილობრივ ეკონომიკას, ტურიზმის და ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რაც პირდაპირ კავშირშია ადგილზე ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან. აუცილებელია სოფელთან დამაკავშირებელი გზების, სასოფლო­ სამეურნეო სავარგულებამდე და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებამდე მიმავალი გზების მოწესრიგება, რაც ეტაპობრივად ხორციელდება.


2018 წლის გაზაფხულზე დაიწყება, პანკისის ხეობის გავლით, თუშეთის მიმართულებით ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა. პროექტის მიხედვით, გზა გაივლის ხადორის ხეობას, წოვათაში შავწყალას ტერიტორიაზე გავა და სოფელ ვერხოვანთან, გომეწრის ხეობას შეუერთდება. თუშეთის ახალი გზის მშენებლობა ყაზბეგი­ ხევსურეთი­ თუშეთის შემაერთებელი გზის პროექტის ნაწილია. მასზე 150 მილიონ ლარამდე დაიხარჯება. ხადორის უღელტეხილი შედარებით დაბალია და მისი მოვლა უფრო ადვილია. თუშეთში უსაფრთხოდ მოხვედრა და ტურისტული სეზონის გახანგრძლივება თუშეთის მაცხოვრებლებისთვის რამდენად მნიშვნელოვანი და პერსპექტიულია, ამას დაკონკრეტება აღარ სჭირდება. საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად სოფლებში ცხოვრების ხარისხს კიდევ ბევრი რამ განსაზღვრავს. ეს არის: ენერგორესურსები, განათლება, ჯანდაცვა, წყლით მომარაგება და ა.შ. რადგან საორიენტაციოდ ერთი წელი ავიღეთ, ამ ერთი წლის მანძილზე სხვადასხვა სოფლებში მოწესრიგდა წყლის მაგისტრალური და შიდა ქსელები, მოეწყო რკინა­ ბეტონის სანიაღვრე არხები, ნაპირდამცავი ნაგებობები, გაკეთდა ხიდები, შეკეთდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავები, მოსახლეობის მოთხოვნით, მოეწყო სკვერები და ბავშვებისთვის გასართობი ადგილები. მინდა ყურადღება გავამახვილო განათლებაზე. ვიცით, რომ 2013 წლიდან სკოლამდელი განათლების სუბსიდირებას სახელმწიფო ანხორციელებს. ასევე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.  ამ ერთი წლის მანძილზე სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და რეაბილიტირების პროცესშია ქალაქ ახმეტის რამდენიმე საბავშვო ბაღი.


_ ასევე წინა საუბარში ავღნიშნეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი პირველი რიგის ამოცანა ახმეტელებისათვის ტყის რესურსის გამოყენების უფლების დაბრუნება იქნებოდა. თუ აგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და რა ნაბიჯები გადაიდგა კონკრეტულად?


_ ყველა ვთანხმდებით, რომ ტყე განსაკუთრებული მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსია და განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. დღეს მთლიანი ქვეყნის მასშტაბით, სატყეო სექტორში გვაქვს საკმაოდ ბევრი პრობლემა, მიზეზი ბევრია, მათ შორის: დაავადებები, ხანძრები, რესურსის უკანონო მოპოვება, დაურეგულირებელი ნადირობა, მავნებლები და ა.შ. ამ პრობლემის გათვალისწინებით მომზადდა ტყის კოდექსი, რომელიც გადის საბოლოო კორექტირებას და ვფიქრობ ამ შემოდგომაზე წარედგინება პარლამენტს. კოდექსი დაარეგულირებს სატყეო მეურნეობების აღდგენას და ტყის რესურსის ათვისება მოხდება ეკოლოგიური, სოციალური თუ ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით. რაც მთავარია, ამ კანონით იკრძალება ხე-­ტყის გრძელვადიანი ლიცენზირება, რაც ახმეტის ტყის შემთხვევაში, ერთ­-ერთი მთავარი პრობლემაა. შარშან, მსოფლიო ბანკმა ჩაატარა, კოდექსის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასება და საკმაოდ პოზიტური დასკვნა დადო. ტყის რესურსების დაცვა-­გაუმჯობესებას ითვალისწინებს ევროკავშირის სოფლის განვითარების პოლიტიკა. ასე, რომ ეს კოდექსი იქნება ტყის რაციონალური მართვის სამართლებრივი საფუძველი. დადგინდება საზღვრები, კატეგორიები, საკუთრების ფორმები და ა.შ. მთლიანად მოწესრიგდება ტყით სარგებლობის საკითხები, ყურადღება მიექცევა ტყის საკურორტო, სარეკრეაციო და სხვა კულტურულ, სპორტული მიზნით სარგებლობის საკითხებს. ეს რა თქმა უნდა, მოიცავს გარკვეული ნაგებობების, კვების ობიექტების აშენებას, სპორტული ინვენტარის დამონტაჟებას, სპეციალური სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე, რაც ტურისტული პოტენციალის მქონე რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.


ახლა რაც შეეხება კონკრეტულად ჩემს დაპირებას და ახმეტის ტყეს. ჩემი ინიციატივით, შევხვდი იმ ახმეტელებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ხე-­ტყის მასალის მოპოვება-­გადამუშავებასთან. მე მათ მივეცი გარკვეული დრო და შევთავაზე, წარმოედგინათ მოსაზრებები, სადაც მკაფიოდ ჩამოყალიბებული იქნებოდა მათი ხედვები, მოთხოვნები ტყის რესურსის მოპოვებასთან დაკავშირებით. ვურჩიე, შეექმნათ მათივე ინტერესების გამომხატველი რაიმე ორგანზაცია, კოოპერატივის ან ასოციაციის სახით. დავპირდი, რომ ვიქნებოდი ერთგვარი შუამავალი მათსა და შესაბამის სამთავრობო უწყებებს შორის, მათივე ინტერესების დასაცავად. სამწუხაროდ, დღემდე ჩემს წინადადებას რეაგირება არ მოჰყოლია. პროცესი რა თქმა უნდა, არ შეჩერებულა. აღწერის საფუძველზე, გამოიყო სამასალე მერქნის გარკვეული ტყე-­კაფები, რომელიც სატყეო დეპარტამენტმა ტენდერზე გამოიტანა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააკეთოს განაცხადი და გამარჯვების შემთხვევაში რესურსი აითვისოს. რაც შეეხება თუშეთს, ამ საკითხთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ფარგლებში, ახმეტაში, შეიქმნა ააიპ, რომელიც მსურველებს გაუწევს მომსახურებას და უზრუნველყოფს არსებული რესურსით, იქნება ეს სამშენებლო, თუ ქვის მასალა. ნებართვის ასაღებად აღარ გახდება საჭირო შორ მანძილზე სიარული, ერთი სივრცის პრინციპით, მარტივად მოწესრიგდება ყველა საჭირო დოკუმენტაცია. მართალია, რეგულაციები გავამარტივეთ, თუმცა მიდგომები გამკაცრდა, ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი პროექტის შეთანხმებისას გათვალისწინდება ამა თუ იმ სოფლის ავთენტურობა და მაქსიმალურად იქნება დაცული არქიტექტურული ტრადიციები. ეს ჩვენი პრინციპული დამოკიდებულებაა.


_ ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, ბოლო წლებში უდავოდ ბევრი რამე გაკეთდა, ვგულისხმობ თუშეთს, თუმცა მუნიციპალიტეტში  არის კიდევ ტურისტული პოტენციალის მქონე ადგილები: ხადორი, ილტოს ხეობა. ხომ არ ფიქრობთ მომავალში ამ კუთხითაც რომ გაკეთდეს რამე?


_ თითოეულ კუთხეს, სოფელს აქვს კოლორიტული სახასითო პოტენციალი, ფოლკლორით, კულინარიით, ბუნებრივი რესურსით და ა.შ. ამ თავისებურებების სწორად გამოყენებამ, შემოსავალი შეიძლება მოუტანოს ამა თუ იმ სოფლის მოსახლეობას. ასეთი დამოკიდებულება და კულტურულ­ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინება ტურისტული თვალსაზრისით ძალიან მიმზიდველია. როცა ტურიზმზე და ავთენტურობაზე ვსაუბრობთ, თუშეთის პოტენციალი ამ მხრივ მართლა უნიკალურია. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით, თუშეთში, მართლაც ძალიან ბევრი რამ კეთდება. მათ შორის: ომალოს წყალმომარაგების სისტემისთვის ახალი სათავე -ნაგებობების მშენებლობა, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემების მოწყობა. ხეობებთან დამაკვშირებელი გზების, ხიდების გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები. როგორც ზემოთ ვახსენე, კეთდება თუშეთთან დამაკავშირებელი ახალი გზა. პრემიერის ინიციატივით, იმ პერიოდში, როცა თუშეთთან საავტომობილო მიმოსვლა წყდება ახმეტიდან თუშეთის მიმართულებით, რეგულარულად იფრენს ყოველკვირეული რეისი, თუშეთის მაცხოვრებლები ვერტმფრენის მომსახურებით, უფასოდ ისარგებლებენ. დასრულდა თუშეთის ინტერნეტიზაციის პროცესი. პროექტისთვის ISOC Internet society - ევროპულმა ფილიალმა 40 ათასი დოლარი გამოყო. ანძები დამონტაჟდა: აბანოს უღელტეხილზე, დიკლოზე, მაკრატელას მთაზე, კოკლათას მთაზე, ზემო ომალოსა და სოფელ ალისგორში. ზოგიერთ სოფელში ინტერნეტი კომუნიკაციის ერთ­-ერთი წყაროა და ვიცით რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის განვითარებისათვის. თუშეთში იზრდება სასტუმროების რაოდენობა, რომელთა უმეტესობა პროგრამა `აწარმოე საქართველოს” თანადაფინანსებით შენდება. 2018 წლის ზაფხულიდან, სოფელ ომალოში გაიხსნება მაღალი სტანდარტების შესაბამისი სასტუმრო. მალე დასრულდება კვლევები `თუშეთის სივრცული დაგეგმარების” პროგრამის ფარგლებში, რაც თუშეთის ელექტროენერგიით მომარაგებისა და სხვა არსებული პრობლემების მოგვარების საკითხებს უფრო ორგანიზებულ სახეს მისცემს.


ჩემი ინიციატივით, დავიწყეთ მუშაობა ხითანას სათემო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. მინდა ამ ადგილმა თავის ტრადიციულ დატვირთვასთან ერთად, ახალი აქტივობების ჩატარების ფუნქცია შეიძინოს. დოღი უფრო ორგანიზებული და სანახაობრივი გახდეს. თითოეულ სოფლის მხედარს ჰქონდეს თავისი ფორმა, რომელზეც ამ სოფლის გერბი იქნება გამოსახული და მრავალი სხვა. აუცილებელია სოფელ მატანში, ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახლ­-­მუზეუმს ჩაუტარდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, გაუმჯობესდეს მატნის ცხრაკარასთან მისასვლელი გზა. კარგი იქნება ახმეტაში მოწესრიგდეს დასვენების პარკი, რომელსაც`წყაროებს” ვეძახით. მომავალ წელს მოასფალტდება მისასვლელი გზაც. ვფიქრობთ, კვეტერის სამონასტრო კომპლექსს ჩაუტარდეს მასშტაბური სარეკონსტრუქციო სამუშაოები. მიმდინარე ტერიტორიაზე მოეწყოს ინფრასტრუქტურა.


დაგეგმილია კვეტერამდე მისასვლელი გზის მოასფალტება. ძალიან დიდი პოტენციალს ვხედავ ბაბანეურის მიმართულებით, შესაძლებელია შეიქმნას ვიზიტორთა ცენტრი. მოეწყოს ბილიკები ცხენებითა და ფეხით მოსიარულეთათვის. კარგი ტურისტული პოტენციალი აქვს პანკისის ხეობის სოფლებს, აქ მცხოვრებთა ინტერნაციონალური, რელიგიური, თუ კულტურული წეს­-­ჩვეულებების გამო. მინდა აქცენტი გავაკეთო სოფელ საჩალეზე, სადაც საუკუნეზე მეტი ხნის წინ რაჭველები ჩამოსახლდენ. ერთი ჩასვლითაც კი იგრძნობა ამ სოფელში განსხვავებული გარემო. შემორჩენილია ძველი რაჭული ხის აივნიანი სახლები. თუ ახალგაზრდები დაინტერესდებიან ძველი ტრადიციების აღდგენით, შეკეთდება მამა-­პაპისეული სახლები, იწარმოება ტრადიციული რაჭული პროდუქტი. ეს სოფელი ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდება.


ძალიან კარგი შესაძლებლობები გვაქვს, მთავარია თითოეული ინიციატივა არ დარჩეს იდეის დონეზე, განხორციელების შემთხვევაში კი არ იქცეს მხოლოდ ფორმით სიახლედ და რეალურად გამოიწვიოს ძირეული ცვლილებები.


რაც შეეხება ილტოს ხეობას, სახელმწიფოს ინიციატივითა და დონორების დახმარებით, ხეობაში მალე დაიწყება წყალსაცავის მშენებლობა. წინა საპროექტო სამუშაოებისთვის, ნახევარ მილიონზე მეტი ლარი, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უკვე გამოყო, რომელზეც მალე ტენდერი გამოცხდდება. ეს წყალსაცავი გარდა იმისა, რომ ხელს შეუწყობს ხეობაში ტურიზმის განვითარებას, უმნიშვნელოვანესი იქნება ენერგეტიკული თვალსაზრისითაც. მაღალეფექტური სასოფლო-­სამეურნეო წარმოებისთვის, სამელიორაციო სისტემების გამართული ფუნქციონირება რამდენად აუცილებელია ყველას კარგად გვესმის, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა წყლის რესურსზე მოთხოვნა დღითიდღე მზარდია, დებეტი კი არასაკმარისი. ილტოს წყალსაცავი ირიგაციასთან დაკავშირებულ საკმაოდ ბევრ პრობლემას მოაგვარებს. ზოგადად სამელიორაციო სისტემის მოსაწესრიგებლად დიდი სამუშაოები ჩატარდა. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი როგორც დრენირებული, ასევე წყალუზრუნველყოფილი ფართობები, მთელი ქვეყნის მასშტაბით.


_ მინდა ჩვენი საუბარი საქმიანი იყოს და იმ თემებს შევეხოთ, რაც მოსახლეობას აწუხებს. მაგალითად, მუნიციპალიტეტში დარჩა ილტოს ხეობის სოფლები, რომლებიც მთის სტატუსის მინიჭებას ითხოვდნენ (კანონპროექტში გათვალისწინებულიც იყო), თუმცა მათ ეს სტატუსი ვერ მიენიჭათ. ამ სოფლებში მოსახლეობის მიგრაცია არ შეჩერებულა. ხომ არ იგეგმება რაიმე კონკრეტული პროექტები სწორედ, ამ სოფლების მოსახლეობის დასამაგრებლად და ასაღორძინებლად?


_ მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე დასახლებათა ნუსხას, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს წარდგინებით, საქართველოს მთავრობა ამტკიცებს. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ის შეღავათები, რითაც ამ სტატუსის მქონე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს, თუმცა სტატუსის მინიჭება დადგენილი კრიტერიუმებით ფასდება და ეს საკითხი ჩემი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება. რაც შეეხება მოსახლეობის მიგრაციას. გეთანხმებით, ამ მხრივ მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. მიზეზი კი არის რიგი პრობლემებისა, რომელიც სოფლებში გვაქვს ძალიან ბევრი მიმართულებით. ფაქტია, რომ დღეს სოფლებში არ არის განვითარებული ადგილობრივი ეკონომიკა და მოსახლეობის ადგილებზე დასაქმების შესაძლებლობები. ამ ხარვეზების გამოსწორების და ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებისკენაა მიმართული ის ღონისძიებები, რომლებსაც სახელმწიფო უკვე რამდენიმე წელია ანხორციელებს. მაგალითად, ილტოს წყალსაცავის მშენებლობა და ამ ტერიტორიაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ილტოს ხეობის სოფლის მოსახლეობას კარგ პერსპექტივას უქმნის ბევრი მიმართულებით. მოწესრიგდება საირიგაციო სისტემა, გვექნება უფრო მეტი ელექტროენერგიის მარაგი, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები, წყალსაცავზე მოხვედრა ამ ხეობის სოფლების გავლითაა შესაძლებელი, მოსახლეობას გაუჩნდება საშუალება ტურისტებს შესთავაზოს სხვადასხვა სახის სერვისი და ა.შ. მე ხშირად ვსაუბრობ სამთავრობო პროექტებზე და შეღავათებზე, რომელსაც პროგრამები გულისხმობს. ეს სახელმწიფო პროგრამები, მიმართულია ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებისკენ და ხელს უწყობს მოსახლეობის ფინანსებზე, ინფრასტრუქტურასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას. ყველა პროექტი _ შეღავათიანი აგროკრედიტი, დანერგე მომავალი, მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი, კოოპერატივების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნობრივი პროგრამა, აგროდაზღვევა და სხვა ემსახურება ადგილობრივი რესურსის სწორად გამოყენებას. ამ რესურსის სწორად მართვა კი შესაძლებელია მხოლოდ მოსახლეობის აქტიურობით და სოციალური ჩართულობით, რასაც თავისთავად სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება სჭირდება. მაგალითად, ახლა კონკრეტულად ახმეტაში, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (UsAID) მიერ დაფინანსებული პროექტი  “zrda” აცხადებს საგრანტო კონკურსს, კენკროვანი კულტურების სანერგე მეურნეობების მოსაწყობად. პროექტი ძრდა საქართველოში ხუთწლიანი პროგრამაა და მიზნად ისახავს რეგიონებში, ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. კენკროვანი კულტურებით დაინტერესებას საკმაოდ მაღალი შემოსავლები მოაქვს. ყოველნაირად ვცდილობთ წავახალისოთ, სტიმული მივცეთ მოსახლეობას. აუცილებელ პირობად რჩება სახელმწიფოს მხრიდან დახმარების, თანადგომისა და ჩაურევლობის პოზიცია, ავიღოთ თუნდაც რთველი. ჩვენ უარი ვთქვით სუბსიდირებაზე. ჩემი შეფასებით, ეს სწორი პოზიციაა. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ბიზნეს საქმიანობაში, სახელმწიფოს ვალდებულებაა უზრუნველყოს ბიზნესისათვის საინტერესო, მიმზიდველი გარემო, შეუქმნას თავისუფლად განვითარების პირობები. აუცილებელია, ასევე გასაღების ბაზრებთან წვდომა. ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გახდა ქართული პროდუქციისათვის ხელმისაწვდომი თითქმის ყველა საერთაშორისო ბაზარი, შეღავათიანი საგადასახადო ტარიფებით. გაუმჯობესებულია პროდუქციის პოზიციები, ხარისხის თვალსაზრისითაც. ჯამში ეს ღონისძიებები ექსპორტის მზარდ მაჩვენებელს განაპირობებს. იზრდება მოთხოვნა ქართულ ღვინოზე. წელს, ღვინის კომპანიებმა სეტყვისაგან დაზიანებული ყურძენიც ჩაიბარეს, მოსახლეობა საკმაოდ სოლიდურ შემოსავალს მიიღებს.


ზოგადად, ნებისმიერ პროცესში აუცილებელია ახალგაზრდების ჩართულობა. მათ უფრო მეტი სტიმული უნდა მივცეთ და საინტერესო გახდეს სოფელში ცხოვრება. ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ ადგილებზე ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა. როდესაც განათლებაზე ვსაუბრობთ, არ შემიძლია არ ავღნიშნო, ჩვენს სოფლებში არც თუ იშვიათია სკოლის მიტოვების ფაქტები, ბიჭების შემთხვევაში ეს არის საოჯახო საქმიანობაში ჩართვა, გოგონების კი ადრეული ქორწინება. აღარ ვისაუბრებ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ამ მხრივ ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობ ღონისძიებებზე. ჩემი აზრით, ამის საპრევენციოდ კარგი საშუალებაა პროფესიული განათლებით დაინტერესება. პროფესიული განათლების მიღება სოფლის მაცხოვრებლებისათვის და ფერმერებისათვის, არის დასაქმების კარგი საშუალება. ეს არის კიდევ ჩვენი განათლების რეფორმის ერთ­-ერთი სტრატეგია.


_ კიდევ ერთი საკითხი რასაც მინდა შევეხო. მოგეხსენებათ სოფელ მაღრაანში ხარობს ვაზის უნიკალური ჯიში `ქისი”, ასევე ახმეტაში ”ახმეტის მწვანე”. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ამ სოფლებისათვის ადგილწარმოშობის ზონის სტატუსის მინიჭებით თქვენ დაინტერესებული ყოფილხართ. ეს სოფლის მოსახლეობის სურვილიცაა, რადგან ბუნებრივია, ხელს შეუწყობს სოფლის ცხოვრების დონის კიდევ უფრო ამაღლებას. შესაძლებელია თუ არა, საკითხის დადებითად გადაწყვეტა?


_ გეოგრაფიული აღნიშვნების და ადგილწარმოშობის დასახელებები დაცვა დიდ გავლენას ახდენს ექსპორტის ზრდასა და პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე. ჩვენ უკვე გვაქვს   ოფიციალურად რეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, სამი მინერალური წყალი და თხუთმეტამდე სახეობის ჩურჩხელა, ყველი და სხვა. სოფლის განვითარებისათვის აუცილებელია ყველა იმ აუთვისებელი რესურსის გამოყენება, რომელიც გვაქვს. ავიღოთ მაგალითად ქართული ვაზის ჯიშები. მათი სახით ჩვენ საქმე გვაქვს ეროვნულ სიმდიდრესთან, ამიტომ ერთგვარი ვალდებულებაცაა სოციალურ ფაქტორთან ერთად, დარგის მომავალზეც ვიფიქროთ. სამწუხაროდ, ამ ადგილწარმოშობის ღვინოებს შორის არ არის `ახმეტის მწვანე” და `ქისი”. ამ ჯიშებს აქვთ ბევრი სხვა ჯიშებისგან განსხვავებით ბევრი განუმეორებელი თვისებები. მე უკვე მივმართე ღვინის ეროვნულ სააგენტოს ინიციატივით, ახმეტის მიკროზონის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც დამზადდება ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო `ახმეტის მწვანე”. ასევე ჩემი სურვილია სოფლები: მაღრაანის, ფიჩხოვანის, არგოხისა და ბაბანეურის ტერიტორია მოექცეს სპეც.ზონის სტატუსის ქვეშ და მაღრაანული `ქისის” სახით გვქონდეს, კიდევ ერთი ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო. ამ მიმართულებით მუშაობა დაწყებულია და საკითხი გადაწყდება შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. ჩვენ, გვაქვს ბევრი უნიკალური ჯიში, რომლის აღდგენაზე აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი, სამომავლოდ მისი სამრეწველო დანიშნულებით გამოსაყენებლად კარგი იქნება, თუ მოსახლეობა დაინტერესდება ამ კულტურით. მითუმეტეს, რომ ევროკავშირთან და მსხვილსაექსპორტო ქვეყნებთან, შესაბამისი შეთანხმებები უკვე გაფორმებულია ადგილწარმოშობის პროდუქციის დაცვისა და საერთაშორისო ბაზრებზე მხარდაჭერის მიზნით. ეს ძალიან დიდი შესაძლებლობებია. მე კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა, ინტერესი და სახელმწიფოსთან თანამშრომლობის სურვილი. ძალიან მინდა, რომ არ იფიქროთ მხოლოდ შიდა მოხმარების პროდუქტის წარმოებაზე, მინდა ყველა არსებული რესურსი მაქსიმალურად ავითვისოთ და უფრო ამბიციური კომერციული მიზნები გვქონდეს.


_ ფაქტიურად კარს მოგვადგა ადგილობრივი არჩევნები. მმართველი ძალა როგორ გეგმავთ ახალი გუნდის ჩამოყალიბებას და იქნება თუ არა ეს გუნდი უფრო ეფექტური და საქმიანი, ვიდრე წინა?


_ ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, გეგმები, რომლებიც მორგებულია საზოგადოებრივ საჭიროებებს და ძირეულ სოციალურ - ეკონომიკურ ცვლილებებს მოიტანს. ეს საკმაოდ ამბიციური გეგმებია, რომელთა შესრულებაში თანაბრადაა ჩართული როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები. ჩვენ ყველამ ვიცით ჩვენი კომპეტენციები, კარგად გვაქვს განაწილებული პასუხისმგებლობის სფეროები და მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინირებული მუშაობით ვახორციელებთ სტრატეგიულ მიზნებს. გუნდი, რომელიც იყო და გუნდი რომელიც არჩევნების შემდეგ მოვა, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ეს ვფიქრობ ყველაზე მთავარია. სოსო ქარუმაშვილი ნამდვილად ის კანდიდატია, რომელსაც უყვარს თავისი კუთხე, აქვს ბიზნესის მართვის კარგი გამოცდილება, თავისი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე ის ნამდვილად იქნება ერთ­-ერთი გამორჩეული ხელმძღვანელი ფიგურა. მისთვის ცნობილია ყველა ის პრობლემა, რაც ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას აწუხებს, შესაბამისად აქვს გეგმა და პრინციპული ხედვა არსებული საკითხების მოსაგვარებლად. ჩვენმა გუნდმა ნამდვილად კარგ კანდიდატზე შეაჩერა არჩევანი და მჯერა, რომ მოსახლეობის არჩევანიც გონივრული იქნება.


ესაუბრა: ფატიმა თურქიაშვილი

კომენტარები: