გიორგი ვოლსკი ევროკავშირის 5 ქვეყნისთვის საზღვრის გახსნაზე: გარანტიების მაქსიმუმი იქნება უზრუნველყოფილი, რათა საფრთხე არ შეექმნას მოქალაქეების ჯანმრთელობას

პოლიტიკა 08 Jul 2020 17:41

„როდესაც ევროკავშირის ხუთ ქვეყანასთან ხელშეკრულება ფორმდება, ყველაფერი გაწერილია ორმხრივად იმისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას საქართველოს, ჩვენს მოქალაქეებს და არც თავად არიან დილეტანტები საიმისოდ, რომ საკუთარ მოქალაქეებს შეუქმნან პრობლემები“,- ასე ეხმაურება  პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოს მიერ ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის გახსნას.


გიორგი ვოლსკი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რათა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური კუთხით არსებული ვითარება შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს თურქეთთან სახმელეთო საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით. მისი განმარტებით, თურქეთში მძიმე ეპიდვითარებაა.


„როდესაც ევროკავშირთან ფრენებსა და მიმოსვლებზე საქართველოს ურთიერთობები  ყალიბდება, ეს პროფესიონალურად განიხილება. ასე რომ, შენიშვნებს, წინადადებებს, განცხადებებს, ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს შეიძლება საერთოდ იგნორირება გაუკეთო, იმიტომ, რომ ოპოზიციის ერთადერთი მიზანი  არის საზოგადოებაში რაღაც ეჭვების შეტანა,  თითქოს რაღაც არასწორად კეთდება. დესტრუქციული ოპოზიცია დავარქვით და ზუსტად შეესაბამება თავის სახელს. მით უმეტეს, თურქეთის თემასთან დაკავშირებით. უმძიმესი მდგომარეობაა და კონტროლი არის საკმაოდ დაბალ დონეზე იმისთვის, რათა ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, რომ ჯანმრთელობა რისკის ქვეშ დააყენონ და შემდეგ, ჩამოსულებმა კიდევ რისკი შეუქმნან ჩვენს მოქალაქეებს, თორემ, ხელისუფლებისთვის შეზღუდვების დაწესება გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე კარების გახსნა, მაგრამ ის სირთულეზე, რაც შეიძლება ამან მოიტანოს, აბსოლუტურად არ არის პასუხისმგებლობა ამ ე.წ.  ოპოზიციის. უპასუხისმგებლო ხალხია და არანაირ პასუხისმგებლობის აღებას არც აპირებენ საკუთარ თავზე. ვითარება რომ დამძიმდეს, ამის შემდეგ კაციშვილს ვერ იპოვით, რომ პასუხი გაგცეთ იმაზე, თუ რას ლაპარაკობდნენ რამდენიმე დღის წინ“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.


მან კიდევ ერთხელ აღნიშნა ხაზგასმით, რომ ევროკავშირის ხუთი ქვეყნისთვის საზღვრის გახსნის გადაწყვეტილება არ ყოფილა სპონტანურად მიღებული.


„ეს არ არის სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება, ეს არის გადაწყვეტილება ურთულესი ვითარებიდან გამომდინარე. ვითარებაა თვითონ რთული ქვეყანაში. ეკონომიკური საფრთხე არ არის ნაკლები პანდემიის საფრთხეზე, მაგრამ პანდემია აზიანებს პირდაპირ ადამიანის ჯანმრთელობას, აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებები სპონტანურად ჩვენს მთავრობაში არ მიიღება. გარანტიების მაქსიმუმი იქნება უზრუნველყოფილი იმისთვის, რათა საფრთხე არ შეექმნას ჯანმრთელობას“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.





კომენტარები:

ფართი შოპი