კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს

სამართალი 29 Jun 2020 18:29


გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში 2020-2021 აკადემიური სასწავლო წლისთვის მიღება მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ წელს ლიცეუმში მოხვედრის მსურველთა რიცხვი 61%-ით არის გაზრდილი. საბუთების მიღების პროცესი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. რეგისტრაცია 3 ივლისს დასრულდება.


რეგისტრირებული მოსწავლეები 7 ივლისს მათემატიკის, ხოლო 8 ივლისს ზოგადი უნარების გამოცდას ჩააბარებენ. ცვლილებაა ლიცეუმის მისაღები გამოცდების ფორმატში - აპლიკანტებს ფიზიკურ მომზადებაში ტესტის გავლა აღარ მოუწევთ. გამოცდები ორ ქალაქში თბილისსა და ქუთაისში ჩატარდება და მოსწავლეებს ქალაქის არჩევა თავად შეეძლებათ.


კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეები მშობლის განცხადების საფუძველზე კონკურსის წესით მიიღებიან. ჩასარიცხად შეირჩევიან რეგისტრირებული კანდიდატებიდან, რომელთაც გამოცდებში მაღალი შედეგები აქვთ. შერჩეული კანდიდატები სამედიცინო შემოწმებას სამხედრო ჰოსპიტალში გაივლიან.
წელს ლიცეუმში ადგილების რაოდენობა 121 მოსწავლით განისაზღვრა, აქედან 97 ვაჟი და 24 გოგონაა. ჩარიცხულ მოსწავლეთა საბოლოო სიები 5 აგვისტოს გამოქვეყნდება.


კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეები მიიღებიან, რომელთაც 2020 წელს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური (IX კლასი) აქვთ დამთავრებული და შესარჩევი კონკურსის პირობებს აკმაყოფილებენ.



კომენტარები:

ფართი შოპი