ფიქრია ჩიხრაძე - ქალი პოლიტიკოსი მძიმე განცდებით და ღირსეული ისტორიით...

29 Aug 2017 15:36

ფიქრია ჩიხრაძე, საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მდივანი:





ფიქრია ჩიხრაძე და პოლიტიკა

 

პოლიტიკაში ჩემი ჩართვა ძალიან ბევრმა რამემ განაპირობა. მე საბჭოთა პერიოდის მოზარდი ვიყავი, სკოლის პერიოდიდანვე მქონდა მკაფიო დამოკიდებულება საქართველს დამოუკიდებლობისადმი, მათ შორის ბრძოლის თვალსაზრისით. ვთვლიდი, რომ ეს იქნებოდა ხანგრძლივი პროცესი, იმ შემთხვევაში, თუ მე ვიპოვიდი ჩემს თანამოაზრეებს და იმედი მქონდა, რომ ვიპოვიდი. ჩემი პროფესიაც მეტ-ნაკლებად ამით იყო განპირობებული. მე ვარ ფილოლოგი - ჩემი პროფესია უზომოდ მიყვარს და მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს პროფესია შევიძინე.


უნივერსიტეტს ვხედავდი  თავისუფლებისთვის ბრძოლის  საძირკველად.  ჩავაბარე თსუ-ში და პირველი სემესტრი იყო ჩემი გაოცების და იმედგაცრუების,  იმიტომ, რომ  სულ სხვა  წარმოდგენა მქონდა... მეგონა, რაღაც ქარცეცხლში აღმოვჩნდებოდი, რასაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჰქვია, მაგრამ აღმოვჩნდი ჩვეულებრივ, რუტინულ გარემოში, სადაც მაინცდამაინც დიდად ამ თემებზე არავინ გელაპარაკება,  მინიშნებითაც კი - გესაუბრებიან პედაგოგიკაზე, მარქსიზმ-ლენინიზმზე... ასეთი იყო პირველი სემესტრი, სანამ ჩემს ნაცნობ-მეგობრებს  და თანამოაზრეებს ვიპოვიდი, მაგრამ მეორე სემესტრიდან ეს ვითარება კარდინალურად შეიცვალა მაშინ, როცა სტუდენტები წავედით ფოლკლორულ ექსპედიციაში, ფშავში. იქ აღმოჩნდა, რომ თავი მოვიყარეთ ისეთმა სტუდენტებმა და  პედაგოგებმა, რომლებსაც საერთო იდეალები გვასაზრდოებდა და ამის მერე აღმოვაჩინე, რომ ძალიან კარგი ჯგუფი მყოლია, მაგრამ არ ხდებოდა ამ ყველაფრის გამოხატვა. ეს ცნობილი ჯგუფი იყო - დათო ტურაშვილი, თედო ისაკაძე,  ნიკო ნიკოლოზიშვილი...  გოგონები, რომლებიც არ გაჰყოლიან პოლიტიკურ პროცესებს, საგანმანათლებლო სფეროში დარჩნენ. ასე გაჩნდა ბირთვი, რომელიც იყო სტუდენტური მოძრაობა 1986-87 წლებში, რომელსაც მერე დაერქვა სახელი - უნივერსიტეტის პრესკლუბი.  ამ პრესკლუბის წევრები ვიყავით ჩვენ.




9 აპრილის მოვლენები...

 

ჩემთვის, 9 აპრილი დღემდე ტრაგიკულ ფერებშია შემორჩენილი. ყოველ წელს, ამ თარიღის მოახლოებისას, ჩემში ეს ტრაგიკული განცდა იღვიძებს. არ იკლებს ეს ემოცია...


როგორ იწყებოდა... -  ბუნებრივია ამ დღემდე ბევრი საპროტესტო აქცია იყო,  მათ შორის ნოემბრის საგაფიცვო შიმშილობები, სტუდენტების ჩართვა ამ პროცესებში... უშუალოდ 9 აპრილი იწყებოდა ასე - აფხაზეთში ამ დროს გართულდა სიტუაცია. ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებაში მაშინ ერთმანეთს ორი აზრი ებრძოდა - ერთის თანახმად - უნდა გაპროტესტებულიყო აფხაზეთის საკითხი და მთელი საპროტესტო გამოსვლები მიმართულიყო კონკრეტული თანამდებობის პირების გადაყენებისკენ, მეორის თანახმად - პროტესტი არ უნდა ყოფილიყო აფხაზეთის თემაზე და  პროტესტი მიმართულიყო საბჭოეთის - კრემლის წინააღმდეგ. ეს ორი აზრი ებრძოდა ერთმანეთს. იმძლავრა იმ აზრმა, რომ ეს ბრძოლა ყოფილიყო საბჭოეთის წინააღმდეგ მიმართული. 4 აპრილიდან დაიწყო აქცია რუსთაველზე, რომელსაც პოლიტიკური  საზოგადოების დიდი ნაწილი შეუერთდა.  რაც შეეხება სტუდენტებს, სასწავლებლების მიხედვით ვიყავით დაყოფილები. უნივერსიტეტის კიბეებზე უნივერსიტეტის სტუდენტობა ვიყავით ჩამომსხდარები და გაფიცულები, მაშინდელ პუშკინის ინსტიტუტთან - მისი სტუდენტები, პოლიტექნიკურთან  - ამავე ინსტიტუტის სტუდენტები...  გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები ტელევიზიასთნ იყვნენ ჩამომსხდარები. ბევრი საპროტესტო კერა იყო შექმნილი, რომელთაც ერთი მოთხოვნა აერთიანებდათ. პირველი დღეები იყო განსაკუთრებით მხიარული. თავშეყრებს, სადაც ახალგაზრდები არიან, ახასიათებს ცეკვა, სიმღერა... ღამითაც ვრჩებოდით ჩვენს ადგილებზე. 9 აპრილამდე იყო გარკვეული მუქარა, მთელი ინტელიგენცია მოგვიწოდებდა ეკრანებიდან, რომ  რთულად წარიმართებოდა პროცესები, თუ აქციები არ შეწყდებოდა, მაგრამ ჩვენ არ გვქონდა შიშის განცდა, მიუხედავად იმისა, რომ  საჩვენებლად ქალაქში ტანკები გამოატარეს.


9 აპრილამდე 2 დღით ადრე გადაწყდა, რომ დღისით ჩვეულებრივ უნივერსიტეტის ეზოში მოგვეყარა თავი, ხოლო ღამით ყველა სასწავლებლის სტუდენტები შევკრებილიყავით. ყველას ჩვენ-ჩვენი დისლოკაციის ადგილები გვქონდა - მაგალითად თსუ-ს ადგილი იყო კინო „რუსთაველის" მიმდებარე ტერიტორია, ანუ თუ მტერი თავისუფლების მოედნიდან შემოგვიტევდა, ამ დარტყმის  მთავარი მიმღები უნივერსიტეტი უნდა ყოფილიყო.  ასეთ რამესაც ველოდით, მაგრამ არ ველოდით მოვლენების ასე ტრაგიკულად განვითარებასაც...


8 აპრილის საღამოსაც  ჩვეულებრივ გავემზადეთ რუსთაველზე წასასვლელად. მე და ჩემმა მეგობარმა ბაია გრიგალაშვილმა გავაცილეთ რუსთაველზე წამსვლელები, ჩვენ დავრჩით და მოვიმარჯვეთ დიდი ცოცხები - დავგავეთ უნივერსიტეტის კიბეები, ეზო, იმ მიზნით, რომ მეორე დღეს ისევ დავბრუნდებოდით უნივერსიტეტში. სამწუხაროდ, ჩვეულებრივ  ვერ დავბრუნდით უნივერსიტეტში, იმიტომ, რომ მეორე დღეს უნივერსიტეტის ეზოში ჩვენ დაგვხვდნენ ტანკები. უნივერსიტეტთან მიახლოების საშუალებაც კი არ მოგვცეს.  იმ საღამოს უკვე მთელი რუსთაველის შემოგარენი გაივსო  სპეცმანქანებით... ჯავშანტექნიკით... მაშინ რაღაც ტიპის საფრთხის შეგრძნება მართლა გაგვიჩნდა. მე და ჩემი რამდენიმე  მეგობარი მთელი ღამე დავდიოდით და ვამოწმებდით, სად რა ტექნიკა იდგა... ვხედავდით ხელჯოხიან ადამიანებს, რომლებიც არანაირ კონტაქტში არ შემოდიოდნენ არავისთან. ღამის ოთხ საათზე სოლოლაკიდან მომიტინგეებისთვის თერმოსებით ყავა და ჩაი მოგვქონდა და ასე, ყავით და ჩაით შევეგებეთ ამ ამბავს.  მერე უკვე აირია ყველაფერი... ყველა მხრიდან წამოვიდნენ შეტევაზე...  ჩვენი მეგობრების ნაწილი აღმოვჩნდით კინო „რუსთაველში". ვერ აღვიდგინეთ, როგორ ჩაიმსხვრა მინები... ქვედა ქუჩებით კოლმეურნეობის მოედნისკენ აღმოვჩნდით...  აღარ მოვყვები იმაზე, რაც ყველამ  იცის, პატრიარქის მიმართვა, მერაბ კოსტავა,  და ა.შ.  რა ხდებოდა 5-დან 7 საათამდე, აღარ მახსოვს, ჩვენ უბრალოდ, ანგარიშმიუცემლად დავრბოდით და დავეძებდით ერთმანეთს. ჩემზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დავიღუპე. მაშინ არ არსებობდა მობილურები, სახლის ტელეფონები პრაქტიკულად არ მუშაობდნენ.  თუ სახლებში არ მივაკითხავდით ადამიანებს, ვერ ვიგებდით მათ ამბებს.  მე სახლში გავიქეცი, დედაჩემისთვის უნდა მეთქვა, რომ ცოცხალი ვარ, მერე ისევ წავედი უნივერსიტეტისკენ, არ მახსოვს, ეს დღე იყო ასეთი ჯანღიანი თუ ჩვენს მეხსიერებაში დარჩა ასეთი - ბნელი, ჯანღიანი... მახსოვს ჩვენი პედაგოგი, პროფესორი სოლომონ ხუციშვილი, რომელიც იჯდა  უნივერსიტეტის ბორდიურზე, ღაპაღუპით მოსდიოდა ცრემლები და არაფერს ამბობდა. ასევე მახსოვს ბერძენი ქალი, ლიზიკო, რომელიც უნივერსიტეტის წინ კაფე „სტუდენტურში" მუშაობდა, მას  ყველა დედას ან დეიდას ვეძახდით. ძალიან დედაშვილურად იყო განწყობილი სტუდენტების მიმართ...  მახსოვს ლიზიკოს შეშლილი სახე, რომელიც დარბოდა და ამბობდა, ჩვენი ბავშვები დაიღუპნენო... იქ ვიყავით მე, დათო ტურაშვილი და სხვანი და მახსოვს, რომ ნიღბიანი ჯარისკაცებით იყო გატენილი უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის ეზოში იდგნენ ტანკები და მელიქიშვილიდან კვლავ მოდიოდნენ ჯარისკაცებით გატენილი მანქანები, რომლებიც ჩადიოდნენ ვარაზისხევით... ალბათ ეს ტრაგიკული სურათი დამრჩება მთელი ცხოვრება -  ჩვენ ყველას განცდა გვქონდა, რომ ამ ჯარისკაცებს ჰქონდათ ცინიკური სახეები და დამოკიდებულება ჩვენს მიმართ. ჩვენ ერთი გადამტვრეულტარიანი საქართველოს ძველი დროშა გვქონდა. დათოს ფეხი ჰქონდა ნატკენი და ასე, კოჭლობით, ამ გადამტვრეული ჯოხით გავეკიდეთ მანქანებს.... სოლომონის, ლიზიკოს სახეებსა და ამ გამოკიდებაშია კონცენტრირებული ჩემთვის მთელი ეს ტრაგიკული განცდები 9 აპრილისა.


მერე იყო კომენდანტის საათი და დაკარგული ადამიანების ძებნა, რაც მერე გადაიზარდა ძალიან უცნაურ ამბავში. სიებს  გვაწვდიდნენ უცხო ადამიანები. ამ ადამიანებს მერე ან ვპოულობდით, ან ვერა. მოგვიანებით მივხვდით, რომ ეს იყო სპეციალურად მოტანილი სიები, როცა მივდიოდით მოცემულ მისამართზე, იმავე სახელით და გვარით გვხვდებოდნენ ან ფსიქიკურად დაავადებულები, ან მსუბიქი ყოფაქცევის ადამაინები... მერე დავიწყეთ ფიქრი, რომ ეს იყო სპეცსამსახურებისგან შემოგდებული სპეციალური სიები, რაც დღემდე არ  ვიცით, რას ემსახურებოდა... ალბათ შიშის გაჩენას... მაშინ არსებობდა მოსაზრება, რომ გარდაცვლილები გადაყარეს მტკვარში და ამიტომ ვეძებდით ჩვენ ამ ადამაინებს, არიან თუ არა ისინი დაკარგულები. რამდენიმე ოჯახიდან გაოგნებული გამოგვისტუმრეს. დაახლოებით ორი კვირის თავზე შევწყვიტეთ ძებნა, მივხვდით, რომ სპეცსამსახურებმა სათამაშოდ გვაქციეს. მერე იყო გარდაცვლილთა პანაშვიდები, ყვავილებით მოწამვლა ხალხის... და იყო პროცესები, რომელბიც ლაიტმოტივად გასდევდა 9 აპრილი....




სასულიერო აკადემია

 

- ჩვენ 9 აპრილის ტრაგედიის წელს  დავამთავრეთ უნივერსიტეტი და იმ წელს გაიხსნა სასულიერო აკადემია. მანამდე ბიბლიის ახალქართულად თარგმნა დაიწყო. ჩვენ, მეორეკურსელმა ფილოლოგებმა ასეთი თავხედური გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ჩავრთულიყავით ბიბლიის თარგმნის პროცესში. მოვისურვეთ პატრიარქთან შეხვედრა. პატრიარქმა დიდი ხალისით მიგვიღო, რადგან ძალიან უყვარს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. მასთან მოქცევის წესებიც კი არ ვიცოდით, ჩვეულებრივ ჩამოვართვით ხელი პატრიარქს, მასთან დავსხედით. გვკითხა, რამ შეგაწუხათო. ჩვენც ვუთხარით, რაც გვინდოდა. გვკითხა - ალბათ, ძველი ბერძნული იცითო... ჩვენ ვუთხარით, რომ არა. ალბათ ძველი სლავური იცითო... ამაზეც ვუთხარით, რომ არ ვიცით...  აბა რა იცითო? ვუთხარით, რომ ჩვენ ვიცით ძველი ქართული. პატრიარქმა სურვილი მოგვიწონა, თან ეცინებოდა ჩვენს ამ მოწადინებაზე... ბოლოს გვითხრა - სანამ უშუალოდ შეხვალთ თარგმნის პროცესში, კორექტურაში მიეხმარეთო ამ ჯგუფს... მერე, ბუნებრივია, ჩვენც მივხვით, რომ ჩვენთვის „შესაფერისი" საქმე კორექტურა უფრო იქნებოდა და როცა ბიბლიის პირველი ახალქართული გამოცემა გამოვიდა, ეს მოხდა ჩემი და ჩემი სამეგობროს  კორექტურული მუშაობით. ეს გახდა საფუძველი, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიგვეღო.  


როცა გაიხსნა სასულიერი აკადემია, ჩვენ, ყველამ, საზოგადოებისთვის ცნობილმა სტუდენტებმა, კორპორატიული, ცნობიერი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ ამ ნაბიჯით საზოგადოების ყურადღებაც მიგვემართა ამ სასწავლებლისკენ, რომ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა, ეროვნული მოძრაობის ავანგარდში მყოფებმა, სასულიერო აკადემიაში ჩააბარეს.  




პირველი ყოველდღიური გაზეთი - „ივერია ექსპრესი" 

 

- ეს ცოტა უფრო გვიან იყო. 1992 წელს დავაფუძნეთ „ივერია ექსპრესი", რომელიც იყო პირველი ყოველდღიური გაზეთი მაშინდელ საქართველოში. ამ დროს უკვე არსებობდნენ საკმაოდ პოპულარული გაზეთები - „დრონი" და  „7 დღე", ამგრამ ისინი კვირაში ერთხელ გამოდიოდნენ. ეს ჩვენი მცდელობა ძალიან წარამატებული იყო, კიოსკებთან რიგები დგებოდა და „ივერია ექსპრესი" ყოველთვის იყო დეფიციტური. სერიოზული ტირაჟით იყიდებოდა. მე 1994-95 წლებში ვიყავი ამ გაზეთის მთავარი რედაქტორი. ამ დროს შემოიჭრა სიყვითლის მოთხოვნა. ეს განაპირობა იმან, რომ გაჩნდა „მოქალაქეთა კავშირი", რომელსაც გარკვეული კონტროლი მედიასაშუალებებზე აღებული ჰქონდა, საზოგადოებას უჭირდა და მსყიდველუნარიანიც აღარ იყო. იძულებული გავხდით, გაგვეძვირებინა ჩვენი პროდუქცია, რის გამოც დაეცა გაზეთების გაყიდვა. ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ გავყვითლებულიყავით. ჩვენ ვერ გავუძელით ამ წნეხს და „ივერია ექსპრესმა" დაასრულა არსებობა, რაზეც ძალიან მწყდება გული.




აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა...


ეს უკვე არის საპარლამენტო და პარტიული მოღვაწეობა. ვეღარც კი ვითვლი, მგონი, სამი მოწვევის დეპუტატი ვიყავი სრულად და ერთი მოწვევა გამოვტოვე 2008 წელს, როცა მანდატებზე ვთქვით უარი, ასევე არჩეული ვიყავით იმ პარლამენტში, რომელიც არ შედგა. ეს იყო 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის" დროს. ამ პერიოდში დავაფუძნეთ პარტია „ახალი მემარჯვენეები", მერე უკვე დაიწყო ამ პარტიის 14-წლიანი ისტორია. იმ საკითხს რომ დავუბრუნდე, რომლითაც დავიწყე, გეტყვით -  არასდროს  აღმოვჩენილვარ მეორე პლანზე იმის გამო, რომ ქალი ვარ. პირიქით, ყოველთვის მიწევდა წინა პლანზე ყოფნა. პოლიტიკა არის ბრძოლის, დაპირისპირების, ძალადობის არეალი და არც კაცისთვისაა დიდად სახალისო და მით უმეტეს ქალისთვის. ამ სფეროში არაპროგნოზირებადია ხვალინდელი დღე, ამას თუ დავუმატებთ ბევრ სოციალურ გასაჭირს, რომელიც ქვეყანაშია, ბუნებრივია,  რთულია ამ მიმართულებით ჩართვა ბევრი ქალისთვვის, მე საკუთარი ოჯახი არ გამაჩნია,  შესაძლოა, მათზე ნაკლებად ვიცოდე, ეს რამხელა ტვირთია, მაგრამ მე მყავს ოჯახი - დედაჩემი, ჩემი და და მისი ოჯახი და ვიცი, რამდენად რთულია ეს ყველაფერი.




განვლილი პოლიტიკური ცხოვრება

 

ამ საკითხზე ძალიან ბევრს ვფიქრობ... განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მომეძალა ეს ფიქრი... პოლიტიკაში მარცხიც არსებობს და გამარჯვებაც, ეს ჩვეულებრივი ამბავია პოლიტიკაში მყოფთათვის, იმიტომ, რომ მუდმივი და მარადიული არაფერია. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად მაწუხებს ბოლო პერიოდის განმავლობაში... მოტივაცია, რომ სადმე დიდ თანამდებობაზე ვყოფილვიყავი, არასდროს მქონია, მიუხედავად იმისა, რომ  შემოთავაზება არ მაკლდა. არასდროს მიტაცებდა პროტოკოლური თანამდებობები, ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის თავისუფალი პოლიტიკური ცხოვრება. ალბათ ქრონიკულ ოპოზიციონერადაც ჩამოვყალიბდი ამ ხნის განმავლობაში. ერთადერთი, რაც გულს მაკლია და სერიოზულ დისკომფორტს მიქმნის, არის ის, რომ ის იდეალები, რისთვისაც მთელი ჩემი თაობა ვიბრძოდით, გავიდა ამდენი წელი და  ხელშესახები შედეგი ამ თვალსაზრისით ვერ დავინახე. ამ საკითხზე ბევრი კითხვის ნიშანი ისმება - აბა რა უნდა მოგვიტანოს NATO-მ, ევროკავშირმა... ეს ჩემთვის არის შოკისმომგვრელი, იმიტომ, რომ ამას ამბობენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი  თაობა იყო. სად გაქრა ეს იდეალები, ჩემთვის გამოცანაა. როცა რომელიმე პოლიტიკოსი მომიბრუნდება, ისეთი, რომელიც პოლიტიკაში აღმოჩნდა შედარებით გვიან და უცებ მეტყვის, იცით რა, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლამ არაფერი არ მოიტანა,  დასავლეთისკენ სვლამ და ამიტომ რუსეთისკენ უნდა წავიდეთო, - მე რომ პოლიტიკოსი არ ვიყო, ასეთ ადამიანს ყელში ვწვდებოდი, იმდენად ვმწარდები ამ დამოკიდებულებით, მაგრამ პოლიტიკოსი ვარ და მაქვს თმენის ვალდებულება, რაც ძალიან რთულია და მაწუხებს, იმიტომ რომ  მე დღესვე, დიდი სიამოვნებით წავიდოდი სოფელში, ალბათ ასაკმაც განაპირობა... მე და ჩემი მეგობრები ვოცნებობთ, რომ გვქონდეს ჩვენი მიწა, ფერმერული მეურნეობა. ალბათ, ეს ადრე თუ გვიან ყველას ემართება... უბრალოდ, არ შემიძლია იმაზე ვთქვა უარი, რისთვისაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიბრძოდი. თან არსებობს პოლიტიკური ორგანიზაცია, სადაც ვარ ლიდერი და ბუნებრივია, მაქვს ლიდერის პასუხისგებლობაც და ესეც ბოლომდე უნდა გავწიო. რამდენიმე წელი გვჭირდება, რომ ამ მხრივ სამშვიდობოს გავიდეთ, მაგრამ ეს წლებიც ბეწვის ხიდზეა გასავლელი.  ძალიან რთული პერიოდი გვაქვს წინ და მე, როგორც ერთი ადამიანი, ქალი, პოლიტიკოსი, ძალიან მძიმე განცდებში ვარ ამ ეტაპზე.  




 ვინ არის ფიქრია ჩიხრაძე?

 

არ ვიცი... თვითშეფასების პროცესი ცხოვრების ბოლომდე არ სრულდება. დღესაც, როცა ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და გრაფა ითხოვს ჩემგან, ჩავწერო პროფესია, არ არსებობს მომენტი, რომ ყოყმანი არ დამეწყო, რა ჩამეწერა - პოლიტიკოსი თუ ფილოლოგი. პოლიტიკა ჩემთვის არის ჩემი იდეების განხორციელების ინსტრუმენტი და  ჩემი პოლიტიკაში ყოფნა ყოველთვის ამას ემსახურებოდა. წარმოიდგინეთ, დღის განმავლობაში რამდენი სულელური ინტერვიუს წაკითხვა მიხდება, არადა, ძალიან ბევრი საინტერესო წიგნის წაკითხვა ან ფილმის ნახვა შეიძლება ამ დროს. ამ მხრივ, მე ძალიან ჩამოვრჩი. მაგრამ პოლიტიკაში ყოფნა ამას ითხოვს. ჩემზე მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ ვარ ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გაცნობიერებულად არის იქ, სადაც არის, მაგრამ ძალიან დიდი მსხვერპლის გაღება უწევს ამისათვის.



www. reportiori.ge

www.tvkvemokartli.ge

კომენტარები: