"ვიცი რომ ჩემს ხალხს ვჭირდები", - ირაკლი ღლონტი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

29 Aug 2017 14:09

ირაკლი ღლონტი არის პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების“ ლიდერი და გახლავთ გურიის მხარიდან

 

 

მაღიზიანებს - საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენის მქონე ადამიანები;

ვგრძნობ -  რომ შემიძლია, ანუ შესაძლებლობებს საკუთარ თავში;

მეშინია - ტერორიზმის; 

ვიცი - რომ ჩემს ხალხს ვჭირდები;

არ ვიცი - ბევრი რამ არ ვიცი და ყოველთვის ვცდილობ მეტი ინფორმაცია ვიქონიო;

შემიძლია - მაქსიმუმი გავაკეთო საყვარელი ადამიანებისთვის;

არ შემიძლია - უმოქმედობა, მომწონს მყინვარწვერი, მაგრამ მიყვარს და ვენათესავები თერგს;

ვმეგობრობ - ადამიანებთან, მიუხედავად მათი პოლიტიკური, რელიგიური თუ სოციალური სტატუსის და გემოვნებისა;

ვაპატიებ - თუ პატიებას წინ გულწრფელი სინანული უძღვის არ შემიძლია მისი დაიგნორება;

ვტირი - იშვიათად, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არასდროს; 

ვიცინი - ხშირად, მიყვარს სიცილი; 

ვეძებ - ბევრ რამეს ვეძებ, მათ შორის სწორ გზებს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის;

ღირსი ვარ - ვიყო თავისუფალი; 

ვჩხუბობ - იშვიათად, თუმცა საჭიროების დროს არც ჩხუბს გავურბივარ;

ვკარგავ - დაკარგვით არაფერს არ ვკარგავ, უფრო უარს ვამბობ იმაზე რაც უარს იმსახურებს;

მშურს - კეთილი შურით მშურს მეცნიერების;

ვემალები - არავის და არაფერს, ყოველთვის ვცდილობ მზად ვიყო ყველაფრისთვის;

ვემტერები - კოლაბორაციონისტებს და ღირსებააყრილ ადამიანებს;

მაინტერესებს - რეფორმები, ინოვაციები და მეცნიერული მიღწევები;

არ მაინტერესებს - რას ამბობს ჩემზე ნებაყოფლობით ტყვეობაში მყოფი ადამიანები; 

მახსოვს - ვცდილობ ყველაფერი მახსოვდეს, ვცდილობ ჩემთვის გაკეთებული სიკეთე არ დამავიწყდეს;

მრცხვენია - როცა მეტს ვერ ვაკეთებ საკუთარი ხალხისთვის;

უარვყოფ - ქვეყნის მტრებს;

ვავადმყოფობ - იშვიათად;

ვმალავ - ხანდახან ვფიქრობ რომ ზედმეტად ღია ვარ, პრაქტიკულად არაფერს არ ვმალავ რაც კი საზოგადოებამ შეიძლება იცოდეს ჩემზე;

ვინახავ - საწერ კალმებს; 

მწამს ღმერთის და თავისუფლების;

მიკვირს - ბევრი რამ მიკვირს, მიკვირს გათითოკაცებული ქართველი ხალხის ხილვა, მიკვირს, რომ თავისუფლებაზე წინ სხვა სიკეთეებს აყენებენ;

მიხარია - საინტერესო ადამიანების გაცნობა;

ვჭორაობ - არასდროს, ყველაზე უინტერესო პროცესია;

ვდარდობ - ოჯახზე და საკუთარ ხალხზე, ქვეყნის  გამოწვევებზე;

ვამაყობ - ჩემი ოჯახით და ჩემი წარმომავლობით;

ვაკეთებ - გულით და სიყვარულით, უკვე მივეჩვიე, რომ ხანდახან ვერ ხედავენ ამას, სამაგიეროდ მე ვიცი რას ვაკეთებ და რისთვის;

ვეფერები - რა თქმა უნდა ჩემს პრინცესებს, ჩემს ნიტას და მარიტას;

მსიამოვნებს - შექებაც, თუმცა სასიამოვნოა სამართლიანი კრიტიკა პროფესიონალი კრიტიკოსებისგან;

მესიზმრება - იშვიათად მაქვს სიზმრები, რეალური  ცხოვრება უფრო საინტერესოა; 

ვეხმარები - მათ ვისაც მე ვჭირდები და იქამდე, სანამდეც ეს მე შემიძლია;

ვეწევი - ვეწევი თამბაქოს, თუმცა იდეაში განვიხილავ მასთან განშორების პერსპექტივასაც;

მწყინს - როცა მატყუებენ, მე ხომ მათ შემიძლია ისედაც გავუგო;

ვხარჯავ - სიამოვნებით ვხარჯავ ფულს, მაღელვებს დროის ხარჯვა;

ვღალატობ - არასდროს! მესირცხვილება იგი;

ვკამათობ - ძალიან ხშირად, მომწონს ძლიერ ადამიანებთან ინტელექტუალური ჭიდილი;

ვუხეშობ - ვცდილობ არ ვიუხეშო, მაგრამ არსებობს რამდენიმე კატეგორიის ადამიანი, რომლებთანაც  არ ვაპირებ ლოიალურობას, ესენი არიან კოლაბორაციონისტები, ე.წ. პოლიტიკური კიკუები და გამხეცებული, დაუნდობელი ადამიანები;

ვუსმენ - ვცდილობ ბევრს მოვუსმინო, მე ხომ უკვე გითხარით სულ ვეძებ სიახლეს და ინფორმაციებს;

ვყოყმანობ - იშვიათად, გურულობა მეხმარება გადაწყვეტილებების ოპტიმალურ დროში მისაღებად;

ვკითხულობ - თითქმის ყოველთვის ვკითხულობ, თუმცა არასდროს ერთი და იგივე ტიპის ლიტერატურას ან პუბლიცისტიკას, ყველაფერს ვკითხულობ, რაც საინტერესოდ მიმაჩნია;

ვამზადებ -  ძალიან  გემრიელ და ცხარე კერძებს;

ვუყურებ - სიამოვნებით ვუყურებ ფილმებს და დოკუმენტალურ მასალებს;

ვკლავ - კოღოს, ეს არის ჩემი ვენდეტა პირსისხლიანი არსების მიმართ; :)

ვაფუჭებ - ვაღიარებ, ტექნიკას ხშირად ვაფუჭებ, მაგრამ მეუღლე მყავს მისი უბადლო შემკეთებელი;

ვცხოვრობ - ისე, როგორც ბევრი ჩვენი თანამოქალაქე, იგივე გამოწვევებით და იგივე მოცემულობით, რაც ფართო საზოგადოების წინაშე დგას; 

ვცემ - თითქმის ყველა დამსულ შეკითხვას პასუხს, ხშირად ვამბობ, რომ ლუსტრაცია საჭიროა ჩვენს ქვეყანაში და ხშირად ვაყენებ ინიციატივას, რომ მზად ვარ პირველი დაიწყონ ჩემგან;

ვყვირი - ვაღიარებ ფიცხი ვიყავი, ახლა ვცდილობ არ ვიყვირო და ისე მოვაგვარო ყველაფერი, ყვირილით მხოლოდ იოგები ზიანდება, პრობლემა პრობლემად რჩება;

ვმღერი - ძალიან ხშირად, ბავშვობიდან ვიდექი სცენაზე, ვმღეროდი ანსამბლებში;

ვასრულებ - ვცდილობ ბოლომდე მივიყვანო ყველა დაწყებული საქმე, თურმე ეს არ არის ადვილი, მაგრამ მე მაინც ვცდილობ;

დავდივარ - წელგამართული;

ვმკურნალობ - არა, მე ნამკურნალევი გურული ვარ; :)

ვერიდები - უშინაარსო და გადაჭარბებული ამბიციების მქონე ადამიანებთან კომუნიკაციას, ძალიან მღლიან კომპლექსებით და თავგასულობით, არასდროს არ ვერიდები პროფესიოალებთან ურთიერთობას, სიამოვნებით ვათენებ ხოლმე ღამეს მათთან საუბარში;

ვთამაშობ - მხოლოდ ნარდს. მგონი პრორუსების ნერვებზეც კარგად გამომდის ასპარეზობა; :)

ვიტყუები - არასდროს, კარგი  ვაღიარებ მოგატყუეთ :) ვიტყუები რა თქმა უნდა, მაგრამ  თუ ეს სხვის ინტერესებს და უფლებებს არ აყენებს საფრთხის ქვეშ;

ვეთაყვანები - ოჯახს და ქვეყანას; 

ვგიჟდები – შვილებზე, ჩემს და სხვის შვილებზე;

მიყვარს - ადამიანი და დედამიწა მიყვარს;

ვოცნებობ - კი მეც ვოცნებობ, ჩემი ოცნება უკეთესი ხვალინდელი დღეა;

ვფიქრობ- ძალიან ხშირად ვფიქრობ, ვგეგმავ და ვმოქმედებ;

მძულს - თავად სიძულვილი მძულს;

ვნანობ - იმ დროს, რომელიც ფუჭად გავნკარგე და უფრო მეტი არ გავაკეთე და კიდევ იმას ვნანობ, რომ დისტანციებს და ბარიერებს არ ვქმნი ხოლმე, ამის გამო ბევრჯერ მეტკინა გული, თუმცა ჯერ ვერ მოვახერხე შეცვლა, არ ვიცი შევძლებ თუ არა ხასიათის შეცვლას;

კმაყოფილი ვარ - მშობლების;

მენატრება - ბევრი ადამიანი მენატრება, 1 700 000 -მდე მოქალაქე გვყავს ემიგრაციაში, აქედან ბევრი ჩემი ნათესავი და მეგობარია;

მსურს - ერთიანი, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველოს ხილვა, რომელიც ანგარიშგასაწევი ძალა გახდება ყველაზე ცოტა კავკასიის მასშტაბით და რატომაც არა მთელი მსოფლიოსთვის;

ვაგროვებ - სამგზავრო დოკუმენტებს, ოღონდ წარმოდგენაც არ მაქვს რაში მჭირდება. ინტენსიურად ვაგროვებ პრესის  მასალებს, სადაც ჩემი ინტერვიუები და სტატიებია;

ვიხდი - უნდა გადავიხადოთ, გადასახადებით ვაძლიერებთ ქვეყანას;

ვეჭვიანობ - კი, ვერ ვიტყვი, რომ ეჭვიანი არ ვარ, თუმცა ვცდილობ ვინმე არ შევაწუხო ამით;

ვკაიფობ“ - სიფხიზლით და  ცოლ-შვილის ჩახუტებით;

ვიზიდავ - კარგ ადამიანებს, მე ძალიან მიმართლებს, ბევრი კარგი ადამიანია  ჩემს გარემოცვაში; 

ვალამაზებ - დანამდვილებით რაც ვიცი ის არის, რომ ვალამაზებ ჩემთვის საყვარელი ადამიანების ყოველდღიურობას.

 

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

 


კომენტარები:

ფართი შოპი