მრავალშვილიანი დედა და ბებია, საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი აუდიტორული კომპანიის ხელმძღვანელი - თეა ადუაშვილის ისტორია

ჩემს პროფესიულ თუ კარიერულ განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვის ბევრ ქალს, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში, მუდმივად მზად ვარ დახმარების ხელი გავუწოდო კოლეგასა თუ მეწარმე ქალს და თუნდაც, უმნიშვნელო წვლილი შევიტანო მათ გაძლიერებაში.“ 


არსებობს მოსაზრება, რომ დაოჯახების შემდეგ ქალების კარიერული წინსვლა „პაუზდება“  ან სულაც, ჩერდება. სტერეოტიპი იმდენად გავრცელებულია, რომ ძალიან ბევრს აღმოვაჩენთ ჩვენს ირგვლივ ისეთებს, რომლებიც სწორედ აღნიშნული სტერეოტიპის გამო იკავებს თავს დაოჯახებაზე ან დაოჯახებული რჩება, ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე „დაპაუზებული“ კარიერული მდგომარეობით.


თეა ადუაშვილის ისტორია სწორედ ამ სტერეოტიპებს ამსხვრებს. მან, დაოჯახების შემდეგ მიაღწია უდიდეს წარმატებებს და დღეს, 4 შვილის დედა და 4 შვილიშვილის ბებია გახლავთ აუდიტორული კომპანიის მმართველი, რომელიც საქართველოში არის წამყვან აუდიტორულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი და  ემსახურება 80-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.



ბავშვობა

დაიბადა თბილისში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ოჯახში. დედისერთაა. ძალიან დამჯერი და ბეჯითი ბავშვი იყო. ბაღის აღმზრდელების  მხრიდან დიდი სითბო და სიყვარული ახსოვს. ბავშვობიდანვე უზომოდ უყვარდა მათემატიკა და ფიქრობდა, რომ „დიდობაში“ ისეთ პროფესიას აირჩევდა, სადაც ამ საგანს გამოიყენებდა.


„ბავშვობის პერიოდიდან ძალიან კარგად მახსენდება დაწყებითი კლასის პედაგოგთან, ქალბატონ ნანა ჩიკვილაძესთან ერთად დადგმული სპექტაკლი „წითელქუდა“, სადაც გახლდით მთავარი როლის შემსრულებელი, გავიმარჯვეთ არაერთ კონკურსში, რამაც დიდი აღიარება მოუტანა ჩვენს კლასს.“- იხსენებს თეა.


სკოლა 

როგორც თეა გვიყვება, სკოლის პერიოდში, მისი დღის რეჟიმი ძალიან დატვირთული იყო. „სკოლის პერიოდში, როგორც „დედისერთას“ შეეფერებოდა, დავდიოდი ყველა წრეზე, რაც კი არსებობდა, მათ შორის: ქართული ცეკვა, სიმღერა, მუსიკა (ფორტეპიანოს განხრით), ჭადრაკი, შაში და ცურვა.


ძალიან კარგად ვსწავლობდი, ამავდროულად ვიყავი დამოუკიდებელი ბავშვი, ყველა საკითხთან მიმართებაში მქონდა ჩემი შეხედულება და მოურიდებლად გამოვხატავდი აზრს, ამან განაპირობა ის ფაქტიც, რომ სკოლაში ხუთ დღიან სწავლებაზე გადასვლასთან დაკავშირებით პროტესტის ინიციატორი გახლდით, შედეგმაც არ დააყოვნა და მიზანს მალე მივაღწიეთ. წლიდან - წლამდე ჩემი სიყვარული ტექნიკური საგნების, განსაკუთრებით კი მათემატიკის მიმართ, უფრო და უფრო ძლიერდებოდა, რაც უმეტესწილად პედაგოგის, ქალბატონი მერი ქვლივიძის დამსახურება იყო. პროფესიის არჩევისას ამ ფაქტორმა დიდი ზეგავლენა იქონია, გადავწყვიტე ეკონომიკური კუთხით წასვლა, მიუხედავად ოჯახის დაჟინებული თხოვნისა - გამოვსულიყავი ექიმი.“- გვიყვება თეა ადუაშვილი.


უნივერსიტეტი 

 

წარმატებული მოსწავლე იყო და ასევე წარმატებით გააგრძელა სწავლა უნივერსიტეტშიც. პირველი სამსახური 16 წლის ასაკში დაიწყო - ფინანსთა სამინისტროში.


„მალე ოჯახიც შევქმენი, დაემთხვა ძალიან მძიმე პერიოდი, 90-იანი წლები, ამ ყველაფრის პარალელურად მქონდა მცირე ბიზნესი, ვაცხობდი ჩემს საფირმო ბლინებს და ვაბარებდი ერთ-ერთ კაფეში, რაც ოჯახისთვის დამატებითი შემოსავალი იყო.“-აღნიშნავს თეა.



კარიერა


მორიგმა წარმატებამ არ დააყოვნა და თეამ, ძალიან მალე მუშაობა დაიწყო საგადასახადო ინსპექციაში  (დღეს - შემოსავლების სამსახური). „2005 წლიდან გადავინაცვლე კერძო სექტორში, სადაც რიგითი ბუღალტრიდან, გავხდი ჯერ მთავარი ბურალტერი, შემდგომ აღმასრულებელი დირექტორი.“- იხენებს თეა.


საკუთარი საქმე 

ზემოთ აღნიშნული ეტაპის შემდეგ დაიწყო ფიქრი საკუთარ ბიზნესზე.


„როგორც სერტიფიცირებულ აუდიტორს, საშუალება მომეცა ჩამომეყალიბებინა საკუთარი ფირმა და 2010 წელს გავხსენი აუდიტორული კომპანია. ჩემი კომპანიის პარალელურად, ვმუშაობდი არაერთ ორგანიზაციაში აუდიტორისა და მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე, რაც უდიდესს შრომას მოითხოვდა.


განსაკუთრებული წარმატებები


"მიუხედავად ამისა, მუდმივად ვზრუნავდი როგორც საკუთარ, ასევე თანამშრომელთა თვითგანვითარებაზე. დამთავრებული მაქვს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისოდ აღიარებული სასერტიფიკატო კურსები. ვარ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის წევრი, სადაც ყოველწლიურად ვესწრები სავალდებულო განგრძობით სწავლებებს. ასევე, სახელმწიფოსა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხირდან ორგანიზებულ ბევრ ტრენინგს, რაც დღეის მდგომარეობით, სწრაფად განვითარებადი სფეროს წარმომადგენლებისთვის საკმაოდ კარგი ხელისშემწყობი ფაქტორია. ვთვლი, რომ თუ გაქვს ამბიცია იყო წარმატებული და სანდო აუდიტორული კომპანიის ხელმძღვანელი, ვალდებული ხარ შესაბამისად დააკმაყოფილო საზოგადოების მზარდი მოთხოვნები.  სწორედ ამან განაპირობა, რომ დღეს ჩვენი კომპანია არის საქართველოში წამყვან აუდიტორულ კომპანიებს შორის ერთ-ერთი. ვემსახურებით 80-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს და მიხარია, რომ მათ შორის 30%-ს ქალი ხელმძღვანელები წარმოადგენენ.“- აღნიშნავს თეა.


პასუხისმგებლიანი მეწარმე ქალი 

თეა, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მუდმივად ცდილობს, იზრუნოს საზოგადოებაზე.


„გახლავართ არაერთი ქალთა ორგანიზაციის წევრი და მეწარმე ქალთა საბჭოს ბორდის წევრი. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას მეწარმე ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროექტებში და 2020 წელს გავხდით ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია. პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დახმარება გავუწიეთ 23 მეწარმე ქალს, არაერთი ინიციატივის განხორციელება იგეგმება ახლო მომავალშიც.“- გვიყვება თეა.

 

სამომავლო გეგმები  

თეა ადუაშვილის სამომავლო გგემები ასე შემოიფარგლება:


„სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, მიზნად ვისახავ კომპანიის  ყოველწლიურ ზრდას, განვითარებასა და მის ფართო აღიარებას.“~


ფოტოზე: თეა ადუაშვილი შვილიშვილთან, ანასტასიასთან ერთად 


განსაკუთრებული მადლობა


თავის წარმატებაში დედის და მეუღლის როლს გამოყოფს.


„ამ გზის გავლა წარმოუდგენილი იქნებოდა ჩემი ოჯახის მხარდაჭერის გარეშე. ძალიან დამეხმარა ჩემი მეუღლე. დედამ, ფაქტობრივად, თავი გადადო ჩემთვის. სწორედ ამ ორი ადამიანის წყალობით და ჩემი თავდაუზოგავი შრომით მივაღწიე დღევანდელ მდგომარეობას. ოჯახის თანადგომა წარმატების განმაპირობებელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მით უმეტეს როცა ხარ ოთხი შვილის დედა და ოთხი შვილიშვილის ბებია.“



საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს თეა ადუაშვილს თავისი სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, მისი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.


წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ "ქალი და ბიზნესი“ ტრენინგების სერიის მონაწილეები.

ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ხელშეწყობითა დანორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.


ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი