" ურთიერთ სიყვარული გადაგვარჩენს"- ბლიც-ინტერვიუ თამარ ბოჭორიშვილთან

მე ვარ - ორი ადამიანი: ერთი სიცოცხლით სავსე ოპტიმისტი, მეორე კი ხელმოცარული. ეს ორივე სულ ერთმანეთის ჭიდილში არიან. 

არასდროს არის გვიანი - სიყვარული ქალსა და მამაკაცს შორის. 

წლების მატებასთან ერთად სწავლობ - თუ რა ულმობელნი არიან ადამიანები... ვისაც ჩააცმევ, სწორედ ის გაგხდის, ენდობი, ისინი კი ღალატით გპასუხობენ. გირჩევია სულ მარტო იყო, ყველას გარეშე, იჯდე კასრში....

ამ ქვეყნად მოვდივართ იმისთვის, რომ - ვთესოთ სიკეთე, ერთმანეთს მივანიჭოთ სიხარული. ბედნიერი ვარ, რომ ამისი უნარი გამაჩნია. 

სიყვარული არის - უფლისგან ნაბოძები ნიჭი... 

ნუ გეშინიათ - პრობლემების... ყოველთვის იფიქრეთ, რომ ყველაფერი გამოგივათ. ასჯერ დაეცემით, მაგრამ ასჯერვე უნდა შესძლოთ წამოდგომა. იცხოვრეთ ისე, რომ სამართლიანი იყოთ, ეცადეთ გული არავის ატკინოთ, არავის ვალი არ დაიდოთ. ჯობია, სხვები იყვნენ თქვენს წინაშე ვალში. 

მუსიკა ჩემთვის არის - ღვთისგან ბოძებული ნიჭი, ურომლისოდაც ერთი დღეც არ შემიძლია სიცოცხლე, ეს ჩემი ცხოვრებაა. 

მეგობარია ის, ვინც - სულ შენს გვერდით დგას, რომელსაც ისეთი უნდიხარ, როგორიც სინამდვილეში ხარ, უანგაროდ და უღალატოდ. 

სამშობლო - ეს არის ჩემი სისუსტე, ურომლისოდაც ვერსად ვერ გავძლებ, ვიცი. ბედნიერი ვარ, რომ მშობელ მიწაზე ვდგევარ. 

ის რაც გადაგვარჩენს - ეს არის ურთიერთ სიყვარული და თესვა სიკეთის. 

ბედისწერა - არ არსებობს! ჩვენს ბედს ჩვენ ვქმნით. 

ჩვენი უბედურება ისაა, რომ - არ ვიცით საკუთარის დაფასება. როგორც კი ვინმე ნიჭიერი გამოგვერევა, იქვე ვუსპობთ სულს, სიცოცხლეს... ასე მოვკალით ბევრი... თუნდაც დიდი ილია, ზვიადი და ა.შ.ამით ჩვენივე თავი მოვკალით. 

მარადიულია - მხოლოდ უფალი და მისი განგება. 

ბედნიერების გასაღები - ჩვენ უნდა მოვძებნოთ. ძალიან რთულია. შეიძლება ვერც ვიპოვოთ. 

თავისუფლება ნიშნავს - შეიძლება ცხრაკლიტულში იჯდე, მაგრამ თავისუფალი იყო. მთავარია, სული გქონდეს თავისუფალი. 

ცხოვრება არის - ერთი დიდი სპექტაკლი, ჩვენ კი მსახიობები, ზოგი უნიჭო, ზოგი წარმატებული. 

გულით დავატარებ - სიყვარულს!!! მადლობა უფალს!!!!

ავტორი: ლანა ბიბილურიძე

კომენტარები:

ფართი შოპი