სტანდარტულად, უკაპიკოდ, სარდაფში დაწყებული ბიზნესი თანმხლები წარმატებებით და გრანდიოზული გეგმებით - მეგი დევაძის ისტორია

 

„ჩემი ისტორია, ერთი შეხედვით, მარტივი და უბრალოა, მაგრამ ვფიქრობ ბევრისთვის იმედისმიმცემი და მამოტივირებელი იქნება.“- მეგი დევაძე

 

 

როდის და რატომ გადაწვიტა, რომ საკუთარი საქმე ჰქონოდა, რა იყო ამ გადაწყვეტილების მამოტივირებელი? რას აწარმოებს და რა მიღწევები ჰქონდა საქმიანობის დაწყებიდან დღემდე?

მეგი დევაძის ნაამბობს პორტალი „მხარე“ უცვლელად გთავაზობთ:


„ბავშვობაში საკმაოდ მიზანდასახული, თუმცა არავისგან გამორჩეული ბავშვი ვიყავი. დედ-მამა პროფესიით მათემატიკოსები არიან და მათემატიკური ნიჭი მეც გამომყვა, მიუხედავად ამისა, ძალიან მიყვარდა ხატვა და მე-9 კლასში მოულოდნელად გადავწყვიტე ი.ნიკოლაძის სამხატვრო სასწავლებელში ჩაბარება. მახსოვს, მამაჩემი მთელი გულით ცდილობდა ჩემს გადარწმუნებას, მაგრამ ამაოდ. შემდეგ სამხატვრო აკადემიაში ჩავაბარე არქიტექტურის ფაკულტეტზე.


20 წლის ვიყავი რომ შევქმენი ოჯახი და სწავლის პერიოდში 3 შვილი შემეძინა, სულ 12 მინდოდა, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი მიზანი იმ პერიოდში. ჩემი ქმარი, როდესაც მიხვდა, რომ  მართლა 12 შვილის გაჩენას ვაპირებდი, მე-3-ზე გაიქცა, სხვა შუყვარდა...


დავრჩი მარტო ჩემს 3 შვილთან ერთად. საბედნიეროდ მშობლები ყოველთვის გვერდში მედგნენ. დედამ კომპიუტერი მიყიდა, რომ გრაფიკული პროგრამები მესწავლა. იმ პერიოდში ძალიან გვიჭირდა, მე ბავშვებს ვზრდიდი და პარალელურად დამოუკიდებლად ვსწავლობდი პროგრამებს.


თითქმის 30 წლის ვიყავი, როდესაც პირველი კომპანია დავაფუძნე ჩემს მეგობრებთან ერთად. პირველი მცდელობა წარუმატებული გამოდგა, ბიზნესის არსში ვერ ვერკვეოდით. ინტერიერის დიზაინს ვაკეთებდი და რა ფულიც შემოდიოდა მაშინვე ვხარჯავდი. ერთ პატარა სარდაფში გვქონდა ოფისი. მახსოვს, ისე გემრიელად ვგრძნობდი თავს ჩემს სამუშაო სივრცეში, საერთოდ არ მინდოდა ბევრი დამკვეთი მყოლოდა, განვითარებაზეც არ ვფიქრობდი. მოკლედ, საკმაოდ უინტერესო ცხოვრებით ვცხოვრობდი.


გარშემო ბევრი გაჭირვებული ახლობელი მყავდა, რომლებსაც ფინანსურად ვერ ვეხმარებოდი და ეს ამბავი ძალიან მაწუხებდა. დაქალები, რომლებიც ქმრებმა მიატოვეს ან სახლში ისხდნენ, ბავშვებს უვლიდნენ და საკუთარი თავის რეალიზებას ვერ ახერხებდნენ.  სწორედ ამ დროს გადავწყვიტე, რადაც არ უნდა დამჯდომოდა ბევრი ფული მეშოვა და ჩემს გარშემო მყოფ არარეალიზებულ ადამიანებს დავხმარებოდი. ჩემი გადაწყვეტილება, რომ ბოლომდე შემესრულებინა და უკან დახევა არ მომდომებოდა,  გარშემო ყველას მოვდე, რომ მილიონერი უნდა გავხდარვიიყავი :)


თუ ადამიანი გადაწყვეტილებას მიიღებ და მოქმედებას დაიწყებ, მთელი სამყარო გვერდში დაგიდგება.


მეგობარმა მირჩია წამეკითხა წიგნი „გამდიდრების მეცნიერება“, რომელიც სამოტივაციო ლიტერატურის ფუძემდებელის უოლეს უოტლზის დაწერილია. წაკითხულმა სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მარტო გამდიდრებაზე არაა, ფიქრის ძალაზეა, როგორი ფიქრებიც გაქვს ისე რომ მიდის შენი ცხოვრება.


მეც შევცვალე ფიქრები და ჩემი ცხოვრებაც შეიცვალა...  შემდეგი იყო ნაპოლეონ ჰილის წიგნი „იფიქრე და გამდიდრდი“. მას შემდეგ დღე არ გადის, რომ არ წავიკითხო ან მოვუსმინო სამოტივაციო ლიტერატურას. ბრაიან თრეისმა ერთი კეთილი რამ მასწავლა, გავიკეთო ყურსასმენები,  მოვუსმინო ბიზნეს ლიტერატურას და ჩემი მანქანა გადავაქციო ბორბლებზე მოსიარულე უნივერსიტეტად.


2017 წელს დავაარსე კომპანია „ფორტის გრუპ“, ბრენდული სახელით ფორტისი, ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურას ვაკეთებთ.


სტანდარტული დასაწყისია .... უკაპიკოდ, სარდაფში დავიწყე ყველაფერი :)


ილიას უნივერსიტეტში ვასწავლი გრაფიკულ დიზაინს და საუკეთესო სტუდენტები ჩემთან დავასაქმე. ინტერიერის დიზაინი შევასწავლე. 3 წელია რაც ჩემთან მუშაობენ და უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალები არიან. ინტერიერის დიზაინერებთან ერთად არაჩვეულებრივი არქიტექტორებიც მყავს, უკვე 15 ადამიანი ვართ კომპანიაში. მყავს საოცარი პარტნიორები მარიკა და ნინო, რომლებიც მუდმივად გვერდში მიდგანან.


თავიდან ცოტა არასწორი მიმართულებით დავიწყე, მინდოდა ინტერიერთან და არქიტექტურულ მომსახურებასთან ერთად კომპანიებისთვის მარკეტინგული მომსახურება, კერძოდ, ბრენდინგიც შემეთავაზებინა. თუმცა, მივხვდი, რომ ბევრი პროდუქტის თავიდანვე ერთად ამუშავება შეცდომა იყო.


მიუხედავად ყველაფრისა, შეცდომებზე სწავლა ყველაზე მნიშვნელოვაი პროცესია ბიზნესში, ზოგი ჭირი მარგებელიაო და მარკეტინგიც შემომესწავლა.


ვისწავლე მარკეტინგი, მენეჯმენტი, ახლა კი ვცდილობ ფინანსური ამბებიც საფუძვლიანად ავითვისო და ყველა ის უნარი განვივითარო, რომელიც ჩემი მიზნის მიღწევაში დამეხმარება.


ჩემი მთავარი მიზანი ასეთია: შევქმნა N1 კომპანია, რომელიც სრულყოფილ მომსახურებას გაუწევს მათ, ვინც ფართის აშენებას, გარემონტებას და შემდეგ მის მოწყობას გეგმავს!


ფორტისის გარდა საინტერესო სტარტაპიც წამოვიწყე EXPODEL-ი, რომელიც სწორედ ფორტისის მომხმარებლების საჭიროებისთვის შეიქმნა და მალე იხილავთ ონლაინ-სივრცეში. ყველა, ვინც დიზაინერულ, არქიტექტურულ, დეკორატიულ მასალებს ეძებს, ჩვენს პლატფორმაზე იპოვის ყველა მსგავსი პროდუქტის მქონე, საქართველოში მდებარე მაღაზიის  პროდუქციას. მას შესაძლებლობა ექნება არჩეული ნივთები ერთ დიდ დაფაზე განალაგოს, ერთმანეთს შეუხამოს, ბოლოს კი ონლაინ შეიძინოს შერჩეული პროდუქცია, რომელსაც მითითებულ ადგილზე მიუტანენ.


ეს იქნება პლატფორმა, სადაც პროდუქციას დიზაინერები და არქიტექტორები გირჩევენ.


სამომავლოდ კი დიდი სურვილი გვაქვს, რომ ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა მივცეთ, ჩვენივე პლატფორმის საშუალებით თავიანთი პროდუქტი საზღვაგარეთაც გაყიდონ.


რაც შეეხება სირთულეებს, ძალიან ბევრი წინაღობის გადალახვა მიწევს, ვიცი რომ ამის გარეშე შეუძლებელია დასახული მიზნების მიღწევა. ბუნების კანონია ავდარის შემდეგ ყოველთვის დარია." :)



წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ "ქალი და მეწარმე" ტრენინგების სერიის მონაწილეები.

ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.


ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი