ირაკლი კობახიძე: "ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას"

პოლიტიკა 16 May 2020 15:15

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში განცხადება გააკეთა, რომელსაც პორტალი "მხარე" უცვლელად გთავაზობთ:


"ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის განცხადება ორი კრიმინალის, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე.


გვესმის, რომ კრიმინალების შეწყალება პრეზიდენტის უფლებამოსილებაა. ისიც გვესმის, რომ ამ 2 კრიმინალის შეწყალებისას, სალომე ზურაბიშვილს, სავარაუდოდ, კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდა. შესაძლოა, მას რეალურად მიაჩნია, რომ ბიუჯეტის ქურდისა და პარლამენტის შენობაში შეჭრის მოსურნე რუსული სპეცსამსახურის აგენტის გათავისუფლება ამ ეტაპზე ხელს შეუწყობს პოლიტიკური და საარჩევნო გარემოს დეპოლარიზაციას.


თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ქართული პოლიტიკის პოლარიზაციას განაპირობებს არა კრიმინალების ციხეში ყოფნა, არამედ მათი ყოფნა პოლიტიკაში.


არც იმას ვფიქრობთ, რომ 2 პოლიტკრიმინალის ციხეში ყოფნა ქვეყანას საგარეო კუთხით რაიმე პრობლემას შეუქმნიდა. ჩვენ ცალკეული პოლიტიკოსებისგან უცხოეთიდან არაერთგზის მიგვიღია პოლიტკრიმინალების დასაცავი წერილები, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ კრიმინალური რეჟიმის ლიდერების ერთი ნაწილი ციხეში ზის, ხოლო  მეორე ნაწილი კი მსჯავრდებულია და ქვეყნიდან არის გაქცეული.


სამწუხაროა, რომ დროებით იძულებულნი ვართ, საზოგადოების ყურადღება სამედიცინო ვირუსიდან პოლიტიკური ვირუსისკენ მივაპყროთ.


დღეს საზოგადოების მთავარი ინტერესი, სამედიცინო ვირუსის საბოლოოდ დამარცხება და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დაძლევაა. ხელისუფლება განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას, რათა ჩვენს მოქალაქეებს პანდემიასთან დაკავშირებული სამედიცინო, ეკონომიკური და სოციალური ზიანი მაქსიმალურად აარიდოს და ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე იზრუნოს.


სამედიცინო ვირუსის დამარცხების შემდეგ კი, შემოდგომაზე პოლიტიკურ ვირუსსაც ასეთივე წარმატებით დავამარცხებთ. ბიუჯეტის ქურდები, რუსული სპეცსამსახურების აგენტები, მოძალადეები, მკვლელები და სხვა კრიმინალები საბოლოოდ უნდა ჩამოშორდნენ ქართულ პოლიტიკას. ეს არის ერთადერთი სწორი გზა საქართველოში პოლიტიკის საბოლოო დეპოლარიზაციისკენ და ევროპული ტიპის, ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისკენ."- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 



კომენტარები:

ფართი შოპი