ვასო ურუშაძე: კახა კალაძემ თბილისს განაჩენი გამოუტანა  

ხალხის ხმა 14 May 2020 17:28

"სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს სატრანსპორტო კომპონენტის უგულებელყოფა იქნება განაჩენი თბილისისთვის, რაც მომავალში ქალაქის სატრანსპორტო სისტემის პარალიზებას გამოიწვევს. თუ თბილისის მერმა აღასრულა ეს უგუნური გადაწყვეტილება, ჩვენ მომავალში თბილისის მასშტაბით მივიღებთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის ანალოგიურ მდგომარეობას."- ამ განცხადებას ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა „HUB Georgia”-ს აღმასრულებელი დირექტრი, ვასო ურუშაძე აკეტებს.


"თბილისის მერმა, კახი კალაძემ გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან  გამომდინარე, დეველოპელურ სექტორს ბიუროკრატიული პროცედურები გაუმარტივდებათ. რაც ერთი შეხედვით უწყინარ განცხადებას ჰგავს, მეტიც ჩვენ მივესალმებით რეალური ბიუროკრატიის შემცირებას და კერძო სექტორისთვის შემაფაერხებელი ბარიერების მოხსნას.


მაგრამ, როგორც აღმოჩნდა ამ უწყინარი განცხადების უკან ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი დგას, რომელიც ფაქტიურად განსაზღვრავს თბილისის მომავალს.


თბილის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის საჯარო განცხადებებიდან ვიგებთ, რომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს ამოღებულ იქნას უმნიშვნელო მოთხოვნები. როგორც ჩვენთვის ხდება ცნობილი, ეს უმნიშვნელო მოთხოვნა არის მშენებლობის დაწყების დროს სავალდებულო სატრანსპორტო გავლენის შეფასება. მომავალში სამშენებლო კომპანიებს აღარ მოუწევთ ზრუნვა ტრანსპორტის გავლენის შეფასებაზე, ეს არის კვლევა რომელიც ადგენს სატრანსპორტო საშუალებების გამტარუნარიანობის გათვალისწინებით რა მოცულობის მშენებლობა შეიძლება განხორციელდეს ამა თუ იმ ტერიტორიაზე.

 

აღნიშნული ვალდებულება სამშენებლო და დეველოპელურ კომპანიებს 2018 წელს დაეკისრა, რაც ცალსახად იყო თბილისის სწორი ურბანული განვითარებისთვის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. აღნიშნულმა რეგულაციამ 2018 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად შეაფერხა ქალაქის ქაოტური განაშენიანება და არაერთი უბანი იხსნა მოსალოდნელი სატრანსპორტო კოლაფსისაგან.

 

სწორედ თბილისის მერიის მრავალწლიანმა გაუაზრებელმა ურბანულმა პოლიტიკამ, სადაც თავიდან ბოლომდე უგულებელყოფილი იყო ქალაქის სატრანსპორტო სისტემა, მიგვიყვანა ამ სავალალო მდგომარეობამდე და თბილისი აქცია საცობებით სავსე ქალაქად. რამაც ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსთან ერთად, გადაადგილება, განსაკუთრებით ქვეითებისთვის სიცოცხლისთვის საშიში გახადა.  ამის ნათელი მაგალითებია სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, ჟვანიას ქუჩა, ტროტუარებზე განთავსებული ბენზინგასამართი სადგურები  და სხვა უამრავი ადგილი, სადაც საცხოვრებელი კორპუსები თუ სხვადასხვა კომერციული ობიექტები, ყოველგვარი სატრანსპორტო ნაკადების მართვის და მოძრაობის ორგანიზების განგარიშების გარეშე, პირდაპირ საავტომობილო გზის სავალი ნაწილის მიმდებარედ შენდებოდა.

 

სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს სატრანსპორტო კომპონენტის უგულებელყოფა იქნება განაჩენი თბილისისთვის, რაც მომავალში ქალაქის სატრანსპორტო სისტემის პარალიზებას გამოიწვევს. თუ თბილისის მერმა აღასრულა ეს უგუნური გადაწყვეტილება, ჩვენ მომავალში თბილისის მასშტაბით მივიღებთ სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის ანალოგიურ მდგომარეობას.

 

თუ სამშენებლო და დეველოპერ კომპანიებს მიაჩნიათ, რომ სავალდებულო სატრანსპორტო გავლენის შეფასების კვლევა არის არაეფექტიანი და უბრალოდ დამატებითი ბიუროკრატიიული ბარიერია , მაშინ ეს თბილისის მერიის მენეჯმენტის  და მართვის პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად პროცესის გაჯანსაღების და რეგულაციების დახვეწის მიზნით, ჩვენ მზად ვართ დავიწყოთ აქტიური კომუნიკაცია სამშენებლო და დეველოპერ კომპანიებთან. რის შემდეგაც არასამთავრობო ორგანიზაცია “HUB Georgia” რეკომენდაციებით მიმართავს თბილისის მერიას. "- აღნიშნავს ურუშაძე. 



კომენტარები:

ფართი შოპი