მან შექმნა "Melaanian Vintage-Guest House", (სამოთხის ნაწილი - მელაანში) - "მელაანელი თეო-გოგოს" ისტორია


„არის სოფლის ბოლო სახლი, დგას პატარა გორაკზე, ჩვენი მთავარი ტაძრის-სამების ძირში, საიდანაც ულამაზესი პანორამული ხედები იშლება და სადაც აღმოაჩენთ და ჩასწვდებით სოფლის სულს, რომელიც ერთხელ თუ ჩაგისახლდათ, ვეღარ შორდებით...“- თეონა თაბორიძე. 


„მოგესალმებით, მე ვარ "მელაანელი თეო-გოგო" 25 წლის, დაბადებული-გაზრდილი და აწ უკვე დაბრუნებული გურჯაანის რაიონ სოფელ მელაანში, თაბორიძეების მრავალთაობიან და თბილ ოჯახში.“- ასე იწყებს ჩვენთან საუბარს თეონა თაბორიძე და გვიყვება იმ გარემოებებზე, რომლებმაც მის ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა.


ბავშვობა


„რა თქმა უნდა, ბაღის და სკოლის პერიოდი მელაანში მაქვს გატარებული, ამით აიხსნება ის მუდმივი მიჯაჭვულობა და ემოციური ბმა სოფელთან, რომელიც ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ გაწყვეტილა და პირიქით, ზრდასთან ერთად უფრო და უფრო მყარდებოდა.


უცნაურად შეიძლება ჟღერდეს, თუმცა, ჩემი დღევანდელი საქმიანობა და პროფესია გაუცნობიერებლად იმაზე ადრეულ ასაკში „შემომერჩია“ ვიდრე წარმოსადგენია. რა თქმა უნდა, ამას თავისი გარემოებები და ახასნაც აქვს. მყავდა ბუნებაზე უგონოდ შეყვარებული (შეზღუდული შესაძლებლობის)  პაპა, რომელმაც სახლის უკან, უკაცრიელი გორა, რამდენიმე წელში, თავისი მდგომარეობის მიუხედავად წალკოტად აქცია. პატარა ბუჩქები სულ ხოხვა-ხოხვით გარდაქმნა ულამაზეს ტყედ. ეს ტყე ჩემში პირველი თვალის გახელა-ნაბიჯების გადადგმისთანავე შემოვიდა...


მთელი ბავშვობა ამ ტყეში მაქვს გატარებული. შეიძლება ითქვას, ამ ხეებთან ერთად ვიზრდებოდი, იქ ვკითხულობდი. ხშრად მისმენდნენ, ვუსმენდი და ასე უწყვეტად დღემდე... ასე გავხდი მელაანზე და ბუნებაზე დამოკიდებლი. ის, რომ დღეს მე ტურიზმის ინდუსტრიაში ვარ შემთხვევითი არაა. ეს იმაზე ადრე გადაწყდა, ვიდრე სიტყვა ტურიზმის და ბუნების შინაარსობრივ მხარეს გავაცნობიერებდი.“- აღნიშნავს თეონა.



სრულწლოვანების ასაკი 


2012 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ ბევრი არ უფიქრია და მომავალ პროფესიად ტურიზმის ინდუსტრია აირჩია. დღეს, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი აქვს მოპოვებული. ასევე, კავკასიის უნივერსიტეტის და საზოგადოებრივი კოლეჯ „აისის“ ტურიზმის სტუდენტებს უზიარებს  ცოდნას და გამოცდილებას.


„ამ ხნის განმავლობაში, ტურიზმის სფეროში  მიღებულმა თეორიულმა და პრაქტიკულმა გამოცდილებამ  კიდევ უფრო გამიმძაფრა განცდა, რომ მე ჩვეულებრივი სოფლიდან არ ვარ, რომ მელაანი იმაზე ბევრად საინტერესო, მდიდარი და უნიკალური ბუნების მქონე სოფელია, ვიდრე მას საზოგადოება იცნობს... და რომ ეს ჩემეული შეფასება სუბიექტური სულაც არ არის.



გადიოდა დრო და სოფელში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური და დემოგრაფიული ფონიც ნელ-ნელა მძიმდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, რაც არ უნდა დამიჯდეს მელაანი გახდება სოფელი, რომელსაც ყველა იცნობს, რომლის ხსენებისას ყველასთან ჩნდება ის გრძნობა და ასოციაცია, რასაც მე და ნებისმიერი ჩვენთან მოსული სტუმარი განიცდის.“- აღნიშნავს თეონა თაბორიძე.


ჩემი საქმე 


ამბობს, რომ ცხოვრებაში შემთხვევითი არაფერია, მათ შორის არც მისი საქმე, "Melaanian Vintage-Guest House", რომელიც იმაზე ადრე დაიბადა, ვიდრე მე, როგორც ტურიზმის სპეციალისტი. სახლი, რომელიც ძალიან მალე გულითადად დაელოდება სტუმრებს და შეუქმნის მყუდრო და შინაურ გარემოს.


"ვასხენე, რომ შემთვევით არაფერი ხდება, მთელი ბავშვობის მანძილზე, სამებისკენ მიმავალ გრძელ გზას რომ მივუყვებოდი, სანამ ბოლო აღმართს შევუდგებოდი, ამ პატარა მიტოვებულ სახლთან შევისვენებდი, ფიქრებით  - "ოდესმე აქ მინდა დავსახლდე"... აქაური სიმშივდე, სიმყუდროვე და ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვე სხვაგან აღარ გიშვებს... სწორედ ეს გრძნობები და ფიქრები იყო მთავარი მოტივაცია და ოდნავ მოგვიანებით კი, ის ამბიციური გრძნობა, რომ მელაანის შესახებ ბევრმა იცოდეს, ბევრმა შეიყვაროს... ეს ხომ ის სოფელია, რომელიც ყველას საკუთარ ბავშვობაში აბრუნებს და კვლავ უცოცხლებს უდარდელი წლების ტკბილ დღეებს.“- აღნიშნავს თეონა.



ის დაწვრილებით გვიყვება, რით არის გამორჩეული მისი სასტუმრო:


„გარდა იმისა, რომ ღამეს გაათევთ მყუდრო გარემოში,  "Melaanian Vintage-Guest House" სტუმრებს აცნობს ადგილობრივ გასტრონომიას, ანებივრებს მათ ირგვლივ არსებული მდიდარი ტყის ნობათით. შესაძლებელია დააგემოვნოთ ბარამბოს ჩაი, რომელიც განსაკუთრებული გემოს გარდა, სამკურნალო თვისებებითაც ხასიათდება. აღმოაჩენთ ასკილის კოკრებს, იის და გაზაფხულის ფურისულას ჩაის, ასევე დააგემოვნებთ ნუგბარის ისეთ უცხო კომბინაციებს, როგორიცაა პიტნა და ბარამბო, მურაკის, ვაშლის და დარიჩინის, კომშის და ლიმნის მურაბა - ჯემები და კიდევ, ალკოჰოლური სასმელები სხვადასხვა კენკრაზე დამზადებული: ჭაჭა- კუნელით, პიტნით და მურაკით.



როგორც ვახსენე, სოფლის სოციალურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემი საქმიანობის წამოწყებაში, პირველი და ძალიან მცირე, რაც შემიძლია გავაკეთო ამ ფონის გაუმჯობესებაში არის ის, რომ სოფლის ახალგაზრდობა ჩავრთო შემგროვებლობაში და ერთად შევქმნათ ისეთი ჩაის, ნუგბარისა თუ ჩირების კომბინაციები, რაც ნაკარნახევი იქნება მხოლოდ ჩვენი ტყის, საკმაოდ მრავალფეროვანი კენკროვანი და ბალახოვანი რესურსით.“- გვიყვება თეო-გოგო.



მიღწევები 

 

თეონა თაბორიძე თავის მიღწევებზე მოკრძალებულად საუბრობს:


„იქამდე, სანამ ჩემი კომერციული საქმიანობა ფეხზე მყარად მდგრად ჩაითვლება, საკმაოდ დიდი გზაა გასავლელი. თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ვცდილობ და ასე თუ ისე შედეგიანადაც, სოფლის პოპულარიზაციის დონე გავზარდო, შევქმნა ის ხელშემწყობი გარემებები, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს და საინტერესოს გახდის მას ტურისტულად.



გამომდინარე იქიდან, რომ სოფელს ულამაზესი ლაკბის ხეობა და ავთენტური გომბორის ტყე აკრავს, იძლევა შესაძლებლობას დაიგეგმოს და განხორციელდეს საფეხმავლო ეკო მარშრუტები. ხეობა მდიდარია ვულკანური ტალახებით, მჟავე წყლებითა და ტბებით, რაც დღეისათვის უკვე რეალურ პროდუქტადაა წარმოდგენილი. მეგობრების, გურჯაანის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია "PITA"-ს ხელშეწყობით, საფეხმავლო მარკირების სტანდარტის მიხედვით, ჩვენთან ახლოს შევქმენით მარშრუტს „მელაანი-ლაკბის ტბა“, რაც კიდევ უფრო საინტერესოს, მრავალფეროვანს და შთამბეჭდავს გახდის ჩვენი სტუმრების დასვენების პერიოდს.“- აღნიშნავს თეო.




ხელისშემშლელი და ხელისშემწყობი გარემოებები 

 

თეონას თქმით, სამეწარმეო საქმიანობის პირველი ნაბიჯები ყოველთვის ბევრ სირთულესთან ასცოცირდება. როგორც ის აღნიშნავს, ეს შეიძლება იყოს, როგორც მატერიალური, ასევე ფსიქოლოგიური.


„ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ შეუძლებელი არაფერია თუ საქმეს თან ახლავს უზომო სიყარული, ენთუზიაზმი და რწმენა, რომ სწორ გზაზე დგახარ... ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, როდესაც შიში, იმედგაცრუება და  კიდევ უამრავი დაბრკოლება გხვდება, მთავარია ორი წამით თვალები დახუჭო და წარმოიდგინო საბოლოო შედეგი - რისი შექმნაც გსურთ... წამის მეასედში გავიწყდება ყველა პრობლემა, დგები, ყელში გაჩხერილ ბურთს ყლაპავ და ბრძოლაც გრძელდება...“- ამბობს თეონა.


სახელმწიფოს როლი სამეწარმეო საქმიანობაში 


თეონა ფიქრობს, რომ სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოოვანია ამგვარი პატარა, თუმცა დიდი იდეების მქონე საქმიანობის მხარდასაჭერად.


„ჯერ-ჯერობით არ მისარგებლია არც ერთი პროგრამით, თუმცა უახლოეს მომავალში ველოდები "ფერმერთა ასოციაციის, აგროტურიზმის მხარდასაჭერ საგრანტო, პროექტის შედეგებს, რაც ძალიან დიდი მხარში დგომა და შესაძლებლობა იქნება ჩვენთვის. ასევე, მინდა გამოვხატო უზომო სიახრული, რომ სოფელ მელაანს მიენიჭა მთის სოფლის სტატუსი, რაც სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა, რომ ახალგაზრდობა დაუბრუნდეს სოფელს და მის განვითარებაში ყველამ საკუთარი წვლილი შეიტანოს.“


პასუხისმგებლიანი ქალი მეწარმე


- კითხვაზე, როგორია პასუხისმგებლიანი ქალი მეწარმე? თეონა ასე გვპასუხობს:  „ქალი მეწარმე, მით უმეტეს ჩემს სფეროში ასოცირდება მეწარმედ, რომელმაც აუცილებლად უნდა იზრუნოს სოფლის თუ თემის მდგრად განვითარებაზე, რაც გამოხატულია, როგორც გარემო პირობების დაცვაში და მოვლა-გაუმჯობესებაში, ასევე ადგილობრივი ქალების ცნობიერების ამაღლებასა და განათლების დონის ზრდასა და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციაში.“



სამომავლო გეგმები


თეონას სამომავლო გეგმები ასე გამოიყურება: „ჩემი უახლოესი პერიოდის გეგმაა, მელაანელ ქალებთან ერთად შევქმნა სოციალური საწარმო, რომელიც დაკავებული იქნება შემგროვებლობითა და ტრადიციული რეწვით,  განსხვავებულ და უნიკალურ ჩაის, ჯემების და ჩირების შექმნით. რაც შეეხება საწარმოს მიზანს სწორედ ქალების ეკონომიკურ თუ სოციალური გაძლიერებას ისახავს მიზნად.“


თეონა თაბორიძის განსაკუთრებული მადლობა


განსაკუთრებული მადლობა მელაანს, სოფელს რომელმაც ასე ახლოს მიმიშვა სულთან... ასევე, ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ და არ სჯერათ ჩემი. ორივე მოტივაციის წყაროა :)



საინფორმაციო პორტალი „მხარე“ წარმატებებს უსურვებს თეონა თაბორიძეს თავისი სამომავლო გეგმების სისრულეში მოყვანაში. ვიმედოვნებთ, მისი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.



წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ "ქალი და მეწარმე" ტრენინგების სერიის მონაწილეები.

ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი