ცნობილია, შეზღუდვების მოხსნის ახალი ტალღის შესახებ

სხვადასხვა 07 May 2020 16:16

დღეს შეგვიძლია განვცხადოთ, რომ ეპიდემიოლოგების და ექიმების კარგი შრომის შედეგად და ეპიდემიოლოგიური ვითარების ასე თუ ისე, შედარებით ნორმალური ციფრებიდან გამომდინარე, 11 მაისიდან სრულად გაიხსნება თბილისში მიმოსვლა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა. 


მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოიხსნება კომენდანტის საათი. აგრეთვე, როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 14 მაისიდან სრულად გაიხსნება მიმოსვლა რუსთავსა და გარდაბანში, 18 მაისიდან კი სრულად გაიხსნება მარნეული. გიორგი გახარიას განცხადებით, ეტაპობრივ გახსნას აქვს თავისი მიზეზი და მიზანი, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას შესაბამისი ინფორმაცია მიეწოდება. 


"მარნეულში ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე არის აუცილებელი ტესტების რაოდენობა, რომელიც უნდა ჩატარდეს და სწორედ აქედან გამომდინარე გვჭირდება ეს დამატებითი დრო, ეს ეხება, როგორც მარნეულს, ისე იმ დანარჩენ რეგიონებს, რომელზეც ქვემოთ ვსაუბრობთ. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, სოციალური დისტანცია და პირბადე, განსაკუთრებით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ, და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს სწრაფად და ეფექტურად, მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და როგორც ამას აქამდე ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ, მინდა მათ ვთხოვო და მოვუწოდო, ასევე პასუხისმგებლიანად გავაგრძელოთ. ბრძოლა პანდემიასთან ჯერ დასრულებული არ არის, სრული გამარჯვებისთვის, გვჭირდება არა მხოლოდ კარგი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, არამედ ფეხზე დაყენებული ეკონომიკა, ეს არის ჩვენი საბოლოო მიზანი,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.



კომენტარები:

ფართი შოპი