"მე, როგორც 7 ნოემბერსა და 26 მაისს, თქვენი ჯალათების მიერ დაზარალებული, ნაწამები და „დახვრეტილი“ ჟურნალისტი და ერთ-ერთი მოწმე თქვენს სასამართლო პროცესზე - ჟურნალისტურ რინგზე გიწვევთ!"- გიორგი მამაცაშვილი ვანო მერაბიშვილს მიმართავს

ხალხის ხმა 28 Apr 2020 21:27

მედიაჰოლდინგ "რეპორტიორის" გენერალური დირექტორი გიორგი მამაცაშვილი საქართველოს ყოფილი შს და პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს შესახებ წერს:


"ვუსმინე თქვენს ინტერვიუს.

 

მე, როგორც 7 ნოემბერსა და 26 მაისს, თქვენი  ჯალათების მიერ დაზარალებული, ნაწამები და „დახვრეტილი“ ჟურნალისტი და ერთ-ერთი მოწმე თქვენს სასამართლო პროცესზე - ჟურნალისტურ რინგზე გიწვევთ!

 

„სიმტკიცე უნდა გამომეჩინაო“ - გირგვლიანის საქმეზე თქვით.


ახლა გამოიჩინეთ სიმტკიცე და ყველა იმ კითხვას გაეცით პასუხი, რომელსაც მე დავსვამ! და დავსვამ იმ ხალხის სახელით, თქვენი და თქვენი ბელადის სისხლის წყურვილის გამო დღესაც იმ იარებს რომ იშუშებენ, სისხლიანი ცხრა წლის პერიოდში რომ მიაყენეთ!

 

მე იმ ხალხის სახელით დაგისვამთ შეკითხვებს, თქვენი ზეობის პერიოდში რომ დასაჯეთ, დაასახიჩრეთ და დახოცეთ!

 

 

მე იმ ხალხის შვილების სახელით დაგისვამთ შეკითხვებს, დღესაც რომ ვერ უყურებენ ნაწამებ მშობლებს თვალებში მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენი და სააკაშვილის სატელეფონო ხარხარი ჩაესმით ყურებში!

 

 

იმ პროფესორების ნაცვლად დაგისვამთ შეკითხვებს, დედა-უნივერსიტეტიდან ხელებაწეულები რომ გამოაძევეს თქვენმა ზონდერებმა!

 

 

იმ ნაწამები ხალხის სახელით დაგისვამთ შეკითხვებს, თქვენ რომ „არ იცნობთ“ და ამავდროულად, თქვენმა ხელის ბიჭმა მეგის ქარდავამ სიცოცხლე რომ ჯოჯოხეთად უქცია!

 

 

იმ ჟურნალისტების ნაცვლად დაგისვამთ შეკითხვებს, ზოგს რომ ყიდულობდით (!), ზოგს - აშინებდით და ზოგსაც ოჯახების თვალწინ შეურაცხყოფდით!

 

 

„მიხარია, რომ ამ ხელისუფლებამაც ვერ შეძლო პოლიციის სისტემის დანგრევაო“ - ბრძანეთ...

 

შეგეშალათ.

 

თქვენს  დროს  უმეტესწილად მკვლელებად და ზონდერებად იყვნენ პოლიციელები ქცეულები, დღეს კი პოლიციელები ნამდვილი გმირები არიან და არც გირგვლიანის მსგავსად ჩეხავენ ახალგაზრდებს ტყეებში და არც ხელებაწეულებს კლავენ ეკლესიების წინ. მითუფრო - არც იარაღებს უდებენ დახვრეტილებს!

 

 

„სიმტკიცე უნდა გამომეჩინაო“ - აკი ბრძანეთ და გამოიჩინეთ სიმტკიცე და არ თქვათ უარი - ყველა უხერხულ კითხვას გასცეთ პასუხი!

 

გამოიჩინეთ სიმტკიცე და ყველა იმ კითხვას გაეცით პასუხი, ხალხს მართლა რომ აწუხებს.

 

 

გპირდებით, არ შევალამაზებ საუბრის შინაარსს, როგორიც თქვენ და ჩაჯვი გვარამია „ალამაზებდით“ 2007 წლის ნოემბრის ისტორიებს თქვენი ბოლო საუბრისას!

 

 

არ მოგაკრავთ იარლიყებს, როგორსაც თქვენი, გვარამიას, ადეიშვილის და უგულავას ადიუტანტები აკრავდნენ ჟურნალისტებსა და იმდროინდელი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს!

 

 

გპირდებით, საუბარი არ იქნება იოლი, მაგრამ არც ისეთი საშიში იქნება, როგორც თქვენი ზეობის პერიოდი იყო ქართველი ხალხისთვის!

 

 

დიახ, დროა გასცეთ ყველა კითხვას პასუხი და ამის მერე ხალხი გადაწყვეტს - გაქვთ თუ არა მორალური უფლება, საზოგადოებას კვლავ მორალი უკითხოთ!

 

 

„არ ვარ გაბოროტებულიო“ - თქვით და აქვე გეკითხებით: იმ ხალხს აღარ ეკითხებით, არის თუ არა თქვენს სისხლიან რეჟიმზე გაბოროტებული, დღემდე რომ დაღად ამჩნევიათ თქვენი გუნდის საფირმო სლოგანი - „ყველანი ციხეში“! „ადგილზე ლიკვიდაცია!“ „ორი გვამი მინდა!“?!...  და რომელი ერთი ჩამოვთვალო...

 

 

ერთიცაა: თქვენი მომავალი არ მაინტერესებს. უცენზურო ანეგდოტი მახსენდება და არ დავღლი მკითხველს. და ვიდრე რომელიმე „მკითხავი“ მომავალს „გიწინასწარმეტყველებთ“, ჯერ წარსულს ჩახედეთ თვალებში და მერწმუნეთ, მომავალზე ფრთამოტეხილი ჩიტები უკეთ გიამბობენ ზღაპარს...

 

 

მიხას მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ და... გამოიჩინეთ სიმტკიცე, გაეცით ყველა კითხვას პასუხი და დამიჯერეთ, ხალხი თავად და უკეთ გადაწყვეტს, ჩემი რესპოდენტი მსხვერპლია თუ ჯალათი!

 

დამთანხმდით.


ნუ შეშინდებით, თქვენც ხომ სააკაშვილი არა ხართ!"- აღნიშნავს მამაცაშვილი. 



კომენტარები:

ფართი შოპი