როგორ იქცა მძიმე სენი ძლიერ მოტივაციად - ნინო ქავთარაძის ისტორია

„იყო ქალი მეწარმე დიდი პასუხისმგებლობაა. მე ვამაყობ ჩემი მიღწევით, მიუხედავად მძიმე ავადმყოფობისა მაინც მივაღწიე გარკვეულ წარმატებას.“- ამ სიტყვების ავტორი მეწარმე ქალი, ნინო ქავთარაძეა.  


ბავშვობა


ნინო ქავთარაძე დაიბადა სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში, სადაც წარჩინებით, ოქროს მედალზე, დაამთავრა არნოლდ ჩიქობავას სახელობის ძველი სენაკის საშუალო სკოლა. იყო ბეჯითი, შრომისმოყვარე, აქტიური, სამაგალითო და წარმატებული მოსწავლე.


ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობდა, თუმცა პედაგოგი გახდა.


უნივერსიტეტი


სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტს მიაშურა, თუმცა პირველ წელს არ გაუმართლა. „ვემზადებოდი მომდევნო წლისათვის, მაგრამ მოხდა ისე რომ შევქმენი ოჯახი. წლების შემდეგ ჩავაბარე პედაგოგიურზე და წითელ დიპლომზე დავამთავრე “- გვიყვება ნინო ქავთარაძე.


საქმიანობა


ნინო ქავთარაძე სხვადასხვა ხილის ჩირსა და ტყლაპს აწარმოებს, რასაც საკუთარ ეზოში მოწეული ხილისგან ამზადებს. თავიდან მხოლოდ ხურმისა და ლეღვის ჩირს და ლეღვის ტყლაპს აწარმოებდა, შემდეგ თანდათან გაზარდა წარმოება.


საქმიანობა, რომელსაც ამჟამად ეწევა ოჯახთან ერთად დაიწყო. „იმ პერიოდში, ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო და აუცილებელი გახდა ბრძოლა - არსებობისთვის. ჩემი ოჯახი ამ საქმიანობით იყო დაკავებული. მეც დავინტერესდი.“- აღნიშნავს ნინო ქავთარაძე.


მძიმე სენი


რამდენიმე წლის წინ მძიმე დიაგნოზი დაუდგინდა. „ეს იყო საშვილოსნოს ყელის კიბო. 10 წლის მანძილზე ვიბრძოდით მთელი ოჯახი ჩემი სიცოცხლის გადასარჩენად. ეს ყველაფერი  დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, რამაც კიდევ უფრო გამაძლიერა და გაამყარა ჩემი საქმიანობა. მძიმე სენი ჩემთვის მოტივაციად იქცა. აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი იმას, რომ ამ ბრძოლაში და ჩემ წარმატებულ საქმიანობაში განსაკუთრებული როლი  ჩემს ოჯახს მიუძღვის.“ - გვიყვება ის.


საქმიანობაში ხელისშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები 


მისთვის ხელისშემშლელი გარემოება საშრობი დანადგარების არქონა იყო. „რადგან ჩემი საქმიანობა სეზონურია, ცუდი კლიმატური პირობების გამო ძალიან დიდ ზარალს განვიცდიდი.“- აღნიშნავს მეწარმე.


2019 წელს გრანტი მოიპოვა, რამაც დიდი წვლილი შეიტანა მისი ბიზნესის წარმატებაში. „შემიძინეს და ჩამომიტანეს ჩირის და ტყლაპის საშრობი ბიო დანადგარები ყველა საჭირო ინვენტართან ერთად, რამაც ფიზიკური შრომა შემიმსუბუქა.“- ამბობს ჩვენთან საუბრისას ნინო ქავთარაძე.


განსაკუთრებული მადლობა 


მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ორგანიზაციასა და ადამიანს, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს წარმატებაში.

მადლობა - ქალაქ ჯვარის არასამთავრობო ორგანიზაციას, ასოციაცია "ათინათს", აღმომაჩინეს და გეზი მომცეს წარმატებისკენ.

მადლობა - ცენტ აფხაზეთს და Asb-ს გრანტის გადმოცემისთვის.

მადლობა - გაეროს ქალთა ორგანიზაციას, შეიძლება ითქვას, სწორედ მათი მეშვეობით გავხდი წარმატებული მეწარმე ქალი.

მადლობა ბიზნეს ლიდერთა ფედერაციას „ქალები მომავლისთვის“ და მედიაპორტალ „მხარეს“, ჩემი ისტორიის გაზიარებისთვის!

 

სამომავლო გეგმები 


ნინო ქავთარაძეს  დიდი გეგმები აქვს. „ჩემი მიზანია პროდუქციის შეფუთვა და მისი ბრენდირება, ექსპორტზე გატანის მიზნით.“ - გვიმხელს ნინო ქავთარაძე.


 

რედაქციისგან: ნინო ქავთარაძეს ვუსურვებთ წარმატებებსა და დასახული მიზნების განხორციელებას. ვიმედოვნებთ, რომ მისი ისტორია ბევრი ქალისთვის მეწარმედ ჩამოყალიბების მოტივაციის წყაროდ იქცევა.



წარმოდგენილი მეწარმე ქალები არაინ "ქალი და მეწარმე" ტრენინგების სერიის მონაწილეები.

ტრენინგები ჩატარდა 2019 წელს, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის "ქალები მომავლისთვის" ხელშეწყობითა და ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი