პაატა იმნაძე - ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება და ამუშავდება, მაგრამ ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებისთვის, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, დაახლოებით, ერთი წელი დასჭირდება.


მისი თქმით, შეზღუდვები მოიხსნება, თუმცა მოქალაქეებს გარკვეულ წეს-ჩვეულებებსა და ტრადიციებზე, საოჯახო თუ სამეგობრო თავყრილობებზე უარის თქმა, „საკმაო ხნით მოუწევთ“.


„კოვიდ 19"-თან ცხოვრება ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრ ჩვენს ჩვევებზე კარგა ხნით უარი უნდა ვთქვათ. მაგალითად, ოჯახურ თუ სამეგობრო თავყრილობებზე მოგვიწევს საკმაო ხნით გადაჩვევა. ეს არის ჩვენი ტრადიციები, მესმის, ჩვენი ცხოვრების ნაწილია, ცხოვრების წესია, მაგრამ რაღაც პერიოდის განმავლობში, ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფერზე უარის თქმა, თუ არ გვინდა, რომ სიტუაცია დაიძაბოს. რა თქმა უნდა, ქვეყანა უნდა გაიხსნას, მუდმივად ასე ვერ ვიქნებით. ქვეყანა, რა თქმა უნდა, გაიხსნება და ნელ-ნელა ამუშავდება. რაღაცები მოიხსნება, მაგრამ, რა თქმა უნდა, დარჩება გარკვეული შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შესაძლებლობას მოგვცემს, რომ უფრო და უფრო მოიხსნას ეს შეზღუდვები. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ჩვენზე, რამდენადაც ვისწავლით "კოვიდ 19"-თან ცხოვრებას.


რაც შეეხება ცხოვრების ჩვეული წესის დაბრუნებას, ალბათ, 1 წელი მაინც დაგვჭირდება იმისათვის, რომ გადავლახოთ ყველაფერი ის, რაც შეიძლება იყოს. უამრავი რაღაც იწერება, მაგრამ ეს ვირუსი მართლა არავინ არ იცის", - განაცხადა პაატა იმნაძემ.


როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, უშუალოდ ვირუსზე მოქმედი პრეპარატის შექმნის იმედი ზაფხულისთვის აქვთ.


"ვაქცინას, რა თქმა უნდა, ყველა ველოდებით. იმედია, რომ ვაქცინაზე გაცილებით ადრე გამოჩნდება ანტივირუსული, უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედი პრეპარატი. ამისი ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს შეიძლება, უკვე ზაფხულშიც მოხდეს", - განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.



კომენტარები:

ფართი შოპი