6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა

სპორტი 06 Apr 2020 18:12

6 აპრილს მსოფლიო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. პირველად ამ დღის აღნიშვნის ისტორიაში, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა და აქტივობებმა  ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. წელს ამ ღონისძიების მთავარი მესიჯი მსოფლიო მასშტაბით არის „მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“.    

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპორტსმენებს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და  სპორტის გულშემატკივარებს სპორტის საერთაშორისო დღე მიულოცა.

 

„ყველა სპორტსმენს, მწვრთნელს, ექიმს, მსაჯს, სპორტის სფეროში მოღვაწე ადამიანებს, სპორტული მედიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა, სპორტის გულშემატკივარებს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს!

 

2013 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მიღებული დადგენილების თანახმად, 2014 წლიდან, ყოველი წლის 6 აპრილს, საქართველო მსოფლიოსთან ერთად აღნიშნავს ამ თარიღს. ჩვენი ქვეყანა ყოველწლიურად ღირსეულად უერთდება ინიციატივას, რომელიც მსოფლიოში სპორტის საშუალებით მშვიდობის დამკვიდრებისა და განვითარებისკენაა მიმართული.

შეგახსენებთ, რომ 6 აპრილი სიმბოლურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ ამ დღეს - 1896 წლის 6 აპრილს, საბერძნეთის დედაქალაქ ათენში ოფიციალურად გაიხსნა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები. ასე რომ, სპორტის საერთაშორის დღე ოლიმპიადების აღორძინების თარიღს უკავშირდება.

 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკვე მეორე წელია ჩართულები ვართ „თეთრი ბარათის“ - #WhiteCard კამპანიაში. 2019 წელს, დაჯილდოების ცერემონიაზე, საერთაშორისო ორგანიზაციამ „მშვიდობა და სპორტი“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „წლის საუკეთესო ინიციატივის“ ნომინაციაზე წარადგინა.

ჩვენმა უწყებამ ეს აღიარება „თეთრი ბარათის“ კამპანიის წარმატებით განხორციელებისათვის დაიმსახურა, რისთვისაც მადლობას ვუხდი კამპანიაში ჩართულ თითოეულ ადამიანს.

 

მსოფლიოში მიმდინარე ცნობილი მოვლენების გამო, წელს, საერთაშორისო ორგანიზაციის „მშვიდობა და სპორტი“ გადაწყვეტილებით, სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილმა ღონისძიებებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.

„მე ვრჩები სახლში და ვვარჯიშობ“ - ამ დევიზის გარშემო გაერთიანდა სპორტული სამყარო.
 მოგიწოდებთ ყველას აქტიურად ჩაერთოთ კამპანიაში და განსაკუთრებით მსურს გამოვყო ჩვენი სპორტსმენები.

როგორც თქვენთვის ცნობილია, დროებით შეჩერდა და გადავადდა სხვადასხვა ტურნირები თუ ჩემპიონატები სპორტის არაერთ სახეობაში. 1 წლით გადაიდო ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები, რომლისთვისაც მთელი მსოფლიო და მათ შორის, რა თქმა უნდა, საქართველო განსაკუთრებულად ემზადებოდა.

დღეისათვის, ჩვენი სპორტსმენები სახლის პირობებში განაგრძობენ აქტიურ ვარჯიშს, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ სპორტული ფორმა და კორონავირუსის დამარცხების შემდეგ, სპორტულ ასპარეზზე ღირსეულად დაიცვან საქართველოს სახელი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ სპორტის საერთაშორისო დღეს და გისურვებთ წარმატებებს!“ - 
განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

  

 

 


კომენტარები:

ფართი შოპი