ვახტანგ გომელაური: არავის გვიხარია, ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ, ეს გავაკეთოთ

სამართალი 01 Apr 2020 23:18

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასა და განაცხადა, რომ თითქმის ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი  კონტროლდება.


"რაც შეეხება საქართველოს მასშტაბით სიტუაციას, იცით, რომ თითქმის ყველა რეგიონის მთავარი ქალაქი  კონტროლდება, შესასვლელები, გასასვლელები. იმ შემთხვევაში, თუ დასჭირდებათ ჩაკეტვა, როგორც მარნეულში, ბოლნისში მოხდა, რომ უსწრაფესად განხორციელდეს გადაკეტვა მთლიანად,   ვთქვათ, რომელიმე ქალაქის, თუ საჭიროება იყო, თუ  რეკომენდაციას მოგვცემს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტრო", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.


ვახტანგ გომელაურის თქმით, მოქალაქეები ემორჩილებიან დაწესებულ შეზღუდვებს და მოლოდინის მიუხედავად, გასული ღამის განმავლობაში მცირე რაოდენობით იყო სამართალდარღვევები.


“სხვათა შორის ემორჩილებიან ნამდვილად, მეტ დარღვევებს ველოდებოდი, თუმცა, გუშინ ღამე, როდესაც დაიწყო უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობის შეზღუდვები, იყო  ძალიან ცოტა - 17 დარღვევა იყო მთელი საქართველოს მასშტაბით.  მეტს ველოდებოდი სტატისტიკურად. მთლიანობაში, 350-მდე მოგვიწია, სამწუხაროდ. ეს არავის არ გვიხარია, არც ჩვენ და არც რიგით პოლიციელებს, არც ხელმძღვანელობას, რომ   ჯარიმები ვუწეროთ  ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ, რომ ეს გავაკეთოთ. სადღაც 350-მდე ადამიანი  და 10-15-მდე საწარმო დაჯარიმდა", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.



კომენტარები:

ფართი შოპი