სამხედრო ექიმები მოქალაქეების პირველად სამედიცინო შემოწმებას 16 საკონტროლო გამშვებ პუნქტზე ახორციელებენ

სამართალი 01 Apr 2020 23:16

ახალი კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის სამხედრო სამედიცინო პერსონალი ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და ზუგდიდში სპეციალურად მოწყობილ თექვსმეტივე საკონტროლო გამშვებ პუნქტზეა მობილიზებული.


სამხედრო სამედიცინო ჯგუფის თითო ეკიპაჟი სამი პირისგან შედგება, რომელიც სპეციალური ტანსაცმლითა და სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სამხედრო ექიმები საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შემსვლელ და გამსვლელ ყველა პირს პირველად სამედიცინო შემოწმებას, მათ შორის თერმოსკრინინგს უტარებენ და საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში მოქალაქე საველე სამედიცინო პუნქტში მოწყობილ იზოლაციის ზონაში გადაჰყავთ. პუნქტში ექიმი ხელმეორედ სინჯავს მოქალაქეს, სიმპტომების შესახებ ინფორმაციას ამუშავებს, ეძიება მის კონტაქტებს და მაღალი ტემპერატურის დადასტურების შემთხვევაში ინფორმაციას დასავლეთ სარდლობის მართვის ცენტრსა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს აწვდის.


ყოველი შემთხვევის შემდეგ კი, სწრაფი რეაგირების რქბ (რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური) ჯგუფი მიმდებარე ტერიტორიას სადეზინფექციო ხსნარით ამუშავებს.


ქართველი სამხედრო ექიმები სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას გლობალური გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლაში 24-საათიან რეჟიმში, როტაციის წესით, ახორციელებენ. დასავლეთ საქართველოში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ თექვსმეტივე ძირითად საგუშაგოსთან არსებულ საველე სამედიცინო პუნქტთან მობილიზებულია ე.წ. ამბულანსიც, რომელიც როგორც სამოქალაქო პირების, ისე სამხედროების გადაუდებელი დახმარებისთვის გამოიყენება.




კომენტარები:

ფართი შოპი