ჯანმრთელობის საფრთხე მარტოხელა მოხუცებისთვის (ქველმოქმედების სახელით), რომელიც ხონის მერს საკუათრი ხელებით დააქვს

საინფორმაციო პორტალი „მხარე“ აქტიურად აშუქებს სოციალური პასუხიმგებლობის ფარგლებში კერძო თუ სახელმწიფო სექტორის მიერ განხორციელებულ აქტივობებს. ამჯერად, ჩვენი ყურადღება ხონის მუნიციპალიტეტის „ფეისბუქის“ გვერდზე განთავსებულმა ფოტომასალამ მიიქცია, რომელსაც თან ახლავს აღწერა, რომლის მეშვეობითაც  ხონის მერიის პრესსამსახური განმარტავს, რომ ხონის მუნიციპალიტეტში 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანებისათვის საკვები პროდუქტის დარიგება დაიწყო. იმავე ტექსტიდან ირკვევა, რომ მარტოხელა მოხუცებს თავისი ინიციატივითა და საკუთარი სახსრებით დახმარება გაუწია  აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ და თითოეულ ოჯახს 160 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი ხონის მუნიციპალიტეტის მერთან, ლადო ჯურხაძესთან ერთად პირადად მიუტანა და ჯანმრთელობა უსურვა.


წარმოიდგინეთ, რა კარგი ამბავია, როდესაც ამ მძიმე ყოფაში შენი თანაქალაქელი, შენი მუნიციპალიტეტის მთავრობასთან ერთად შენს სახლში მოდის, საკვები პროდუქტები მოაქვს და ამით მძიმე ყოფას გიმსუბუქებს.


მაგრამ, ჩემო ლამაზო ბებოებო, ხომ არ ჯობდა ასეთის სახით მოწოდებულ პროდუქტებს, ისევ თქვენი ჯანმრთელი ხელებით მოდუღებული ჩაი დაგელიათ?!


რატომ?


ის, რაც მერიის პრესსამსახურის მიერ განთავსებულ ფოტომასალაში ჩანს, დღეს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ ყველა ჩარჩოს სცდება.


ფოტოებზე ჩანს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ორგანიზებულად, საკვები პროდუქტებით დატვირთული მიდის 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებთან. ხონის მთავარი მაღალჩინოსანი და მისი თანმხლები პირები არიან საგულდაგულოდ ეკიპირებული - პირბადეებით, რეზინის ხელთათმანებით. ერთი შეხედვით, საკუთარ თავებს საგულდაგულოდ იცავენ, მაგრამ  ძალიან დიდი საფრთხის წინაშე აგდებენ განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ 5 ადამიანი იმყოფება ოთახში, (მეექვსე ფოტოს იღებს). არ იცავენ ელემენტარულ რეკომენდაციას -  1.5 მ. ოთახში, 2 მ. ღია სივრცეში. (სავარაუდოდ) სხვადასხვა საეჭვო გარემოებების გამოვლის შემდეგ, დაბინძურებული ხელთათმანებით ეხებიან  70 წელს გადაცილებულ ადამიანებს... ეს რაც ძალიან ზედაპირზე ჩანს. შეუიარაღებელი თვალით. ხონის მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც თავად უნდა იყოს მაგალითის მიმცემი სხვა თანაქალქელებისთვის, თვითონვე, ღიად არღვევს დადგენილ წესებს. 


ხონის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 170-მდე 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანი ცხოვრობს. ხონის მერია აპირებს, ყველა მათგანისთვის  კვირის ბოლოს საკვებ პროდუქტს შეიძინოს ჩამოურიგოს.


საინტერესოა - ასე აპირებენ გაგრძელებას? ასეთი საფრთხის წინაშე უნდა დააყენონ 170-ვე ადამიანი?! იმედია არა, იმედია გაიაზრებენ, რომ სიკეთის კეთება და მისი აფიშირება არ უნდა უჯდებოდეთ განსაკუთრებული რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს სასიკვდილო ვირუსთან ბრძოლის ფასად! სიცოცხლის ფასად! 


დღეს კი, ერთი რამ ნათელია  -  ასეთი სახით მიწოდებული საკვები პროდუქტები ამ ადამიანებს იმაზე დიდი საფრთხის წინაშე აყენებს, ვიდრე შიმშილი, ან საკვების ნაკლებობა.







ავტორი: საინფორმაციო პორტალი "მხარე"

კომენტარები:

ფართი შოპი