კომუნიკაციების კომისია: მედიის მიერ მხოლოდ სწორი და გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამაზე ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული

24 Mar 2020 14:59

საზოგადოებისთვის გააზრებული და სწორად ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაში, მედიის როლი უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია, ვინაიდან მხოლოდ სწორად ინფორმირებულ მოქალაქეს შეუძლია მართებული და გააზრებული არჩევანის გაკეთება. დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც მთელი მსოფლიო და ჩვენი ქვეყანა პანდემიას ებრძვის, მედიის როლი და პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაზრდილი და დიდია.


იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა მოქმედებს და ჩვენი მოქალაქეები ინფორმაციას სწორედ მედიის საშუალებით იღებენ, კრიტიკულად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მედიის არსებობა. მედიას რთულ და კრიზისულ ვითარებაში პასუხისმგებლობასთან ერთად, დიდი ძალაუფლებაც აქვს, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია მედიის ძალაუფლება, რომელსაც ინფორმაცია ჰქვია, მხოლოდ სწორ და გადამოწმებულ ფაქტებს ეფუძნებოდეს, ვინაიდან დღეს მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დიდ წილადაა დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე.


აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ არსებულ ვითარებაში, მედია საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად აშუქებს მოვლენებს და აწვდის საზოგადოებას ინფორმაციას, რისთვისაც მადლობა თითოეულ  მათგანს. თუმცა, ოპერატიულობასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია მედიამ საზოგადოებას მხოლოდ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდოს.


მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოების გარკვეული ნაწილი, არ იჩენს სათანადო სამოქალაქო პასუხისმგებლობას, როდესაც გვაქვს თვითიზოლაციის დარღვევისა და კარანტინიდან გაქცევის მაგალითები, კიდევ უფრო ნათლად ჩანს რამდენად დიდია მედიის გამოწვევა და პასუხისმგებლობა. სწორედ, ამიტომ კომუნიკაციების კომისია მიმართავს მედიის წარმომადგენლებს, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მაღალპროფესიონალურად გააშუქონ მოვლენები და საზოგადოებას, მხოლოდ სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია მიაწოდონ.   დღეს, ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური იარაღი  სწორედ ინფორმირებული მოქალაქეა, რომელიც  ყველა საჭირო რეკომენდაციას ითვალისწინებს.

 


კომენტარები:

ფართი შოპი