ვასო ურუშაძე შინაგან საქმეთა მინისტს ჯარიმების გადავადების რეკომენდაციით მიმართავს - "ბევრი ოჯახი 50 ლარის ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ ერთი თვის მანძილზე უზრუნველყოფს ოჯახს პურპროდუქტებით"

ხალხის ხმა 20 Mar 2020 21:09

ვასო ურუშაძე შინაგან საქმეთა მინისტს ჯარიმების გადავადების რეკომენდაციით მიმართავს

 

"ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, მივმართავთ რეკომენდაციით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გამოსცეს ბრძანება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჯარიმების გადახდის ვადის უვადოთ გადავადების თაობაზე.  


ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჯარიმების გადავადება, რომელიც ეხება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, არ უნდა აღმოჩნდეს წამახალისებელი ფაქტორი ურჩი მძღოლებისთვის. აღნიშნულმა ფაქტმა არ უნდა გაზარდოს ქვეყანაში  საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობათა ზრდა. ამიტომ, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებმა ჩვეულ რეჟიმში უნდა განაგრძონ საგზაო მოძრაობის წესების მკაცრი ადმინისტრირება, სტანდარტულად  გაგრძელდეს საჯარიმო ქვითრების გამოწერა და მძღოლებისთვის მართვის მოწმობებზე ქულების დაკლება.


ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჯარიმების გადახდის ვადა ამოქმედდეს ქვეყანაში სტაბილური ვითარების აღდგენისთანავე, ამის შესახებ თითოეულ მძღოლს დაეგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინება და ჯარიმის გადასახდელად მიეცეს გონივრული ვადა, ერთი თვე.


„შეიძლება საქართველოს მოქალაქეების გარკვეული ნაწილისთვის 50, 100 ან 150 ლარის ოდენობის ჯარიმის დროულად გადახდა, ამ მძიმე ვითარებაშიც კი არ წარმოადგენდეს პრობლემას და მათ შეუძლიათ დროზე ადრე გადაიხადონ ეს ფინანსური საურავი, რითაც გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ხელს შეუწყობენ საბიუჯეტო სახსრების აკუმულირებას, რომელიც შემდგომ შესაძლოა მოხმარდეს სოციალურ პროექტებს. მაგრამ სამწუხაროდ, ქვეყანაში შექმნილი საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი ადამიანი და ოჯახი  დგას სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის წინაშე, მათთვის 50 ლარის ჯარიმის გადავადება, შეიძლება აღმოჩნდეს შესაძლებლობა, შეიძინონ ერთი ტომარა პურის ფქვილი, რითაც თავიანთ ოჯახებს ერთი თვის მანძილზე უზრუნველყოფს პურპროდუქტებით.“- აცხადებს ვასო ურუშაძე

 


კომენტარები:

ფართი შოპი