ინტერნეტზე წვდომის არ მქონე მოსწავლეები ტელეგაკვეთილებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხზე ნახავენ

18 Mar 2020 11:36

განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით, ჩვენ გამოვიყენებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხს, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ ტელეგაკვეთილები და გაეცნენ მთელ რიგ როგორც საქართველოში მომზადებულ, ასევე უცხოურ, ნათარგმნ შემეცნებით პროგრამებს, - ამის შესახებ გადაცემაში „SWOT ანალიზი“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.


„როგორც მოგეხსენებათ, კორონავირუსის პანდემიის გამო ჩვენ გავახანგრძლივეთ არდადეგები 1-ელ აპრილამდე და შევიმუშავეთ კონკრეტული გეგმა როგორც სკოლებისათვის, ასევე უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლებისთვის. ეს გეგმა გვაძლევს გარანტიას, რომ 1-ელი აპრილიდან სემესტრი და აკადემიური პროცესი ნორმალურად წარიმართება, და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 1-ელ აპრილს სწავლის განახლებას შევძლებთ.


რაც შეეხება დისტანციური სწავლების დანერგვას, სკოლებს უკვე დაურიგდათ კონკრეტული ინსტრუქციები. მასწავლებლები ინდივიდუალურად, მოსწავლეზე მორგებულ გეგმას შეიმუშავებენ. ჩვენ შევთავაზეთ მათ ონლაინ-პლატფორმების ნუსხა, Microsoft-ის პროდუქტები, რომლებზეც დაფუძნებულია დისტანციური სწავლების მეთოდი. მასწავლებლები ამ პლატფორმებს მოარგებენ იმ მიზნებს, რომლებიც თითოეულ სკოლას აქვს დასახული. ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმის მოქნილობა გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეს 2 კვირაც ეფექტურად გამოვიყენოთ და 1-ელი აპრილიდან სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდეს“, - განაცხადა ჩხენკელმა.


„სკოლის მოსწავლეებს ონლაინ და ოფლაინ-რეჟიმში მთელ რიგ რესურსებს შევთავაზებთ. ეს ეხება კლასგარეშე საკითხ ლიტერატურას, დავალებებს, რომლებიც მოითხოვს შემოქმედებით აზროვნებას, და სხვადასხვა პროექტს. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ჩვენ შევთანხმდით, რომ 1-ელი აპრილიდან სწავლა გადავა ჰიბრიდულ რეჟიმში, რათა სემესტრი დათქმულ დროს დამთავრდეს. იქნება როგორც აუდიტორიული მეცადინეობა, ასევე ონლაინ-რესურსის ათვისება.


რა თქმა უნდა, გვყავს სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც ინტერნეტზე წვდომა არ აქვთ. ჩვენ მათ ალტერნატიულ მეთოდს შევთავაზებთ. განათლების სამინისტროს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ინიციატივით, ჩვენ გამოვიყენებთ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხს, რათა მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა იხილონ ტელეგაკვეთილები და გაეცნენ მთელ რიგ როგორც საქართველოში მომზადებულ, ასევე უცხოურ, ნათარგმნ შემეცნებით პროგრამებს“, - აცხადებს განათლების მინისტრი.

imedinews.ge


კომენტარები:

ფართი შოპი