გაუგონარი ამბავი შპს „ტვინოს“ უთოფო ყაჩაღობის მცდელობის შესახებ!

15 Jun 2017 13:35

იმ ქვეყანაში, სადაც როგორც ტილი და რწყილი ბინძურ გარემოში, გავრცელდა ონლაინ სესხების გამცემი კომპანიები, აუცილებლად გექნებათ ნანახი რეკლამა –

„ნუ ინერვიულებთ თუ სესხის სრულად დაფარვის დრო მოვიდა, მიიღეთ 3 000 ლარამდე და დააბრუნეთ თანხა 24 თვის განმავლობაში – მონეზა, გრძელვადიანი ონლაინ სესხი“.


მონეზა“ შპს „ტვინოს შვილობილი კომპანია გახლავთ, რომლის მუშაობის შესახებ მეტი სიცხადისთვის – მე მოგიყვებით ამბავს – შპს „ტვინოს“ უთოფო ყაჩაღობის მცდელობის შესახებ, რომელიც კრახით დაასრულა. 


გასული წლის ოქტომბრის თვეში, შპს „ტვინოს გრძელვადიანი ონლაინ სესხით ვისარგებლე. ცნობისთვის – სესხის თანხა შეადგენდა 1250 ლარს, რომელიც გადავანაწილე 6 თვეზე და საერთო ჯამში, 6 თვის შემდეგ, კომპანიისთვის უნდა დამებრუნებინა – 2114 ლარი. უხეშად რომ ვთქვა – 6 თვეში, პროცენტის სახით, კომპანიას „ვჩუქნიდი“ მთელ – 864 ლარს. 1 თვით გადავადების საკომისიო კი - 96(!!!) ლარს შეადგენდა.


მართალია, ონლაინ სესხი, ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთით, ჩემთვის არავის არ დაუძალებია, ჩემი ნებითვე დავთანხმდი შემოთავაზებულ პირობებს, მაგრამ ასევე ჩემი ნებითვე, როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, მომდევნო თვეში, იგივე მაღალი საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით, წინსწრებით გადავფარე სრული სესხი. იმის დამადასტურებლად, რომ ნამდვილად დაიფარა ჩემს მიერ აღებული სესხი, მივიღე 6 სმს შეტყობინება, ერთი და იმავე დროით და ტექსტით, რომ ჩემს წარმატებით დაიფარა. 6–ჯერ, ვფიქრობ იმიტომ, რომ სესხი 6 თვეზე იყო გადანაწილებული. სმსები დღემდე ინახება ჩემს მობილურ ტელეფონში.
„მონეზასთან“ ურთიერთობა 2016 წლის ნოემბერში დავასრულე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ასე მარტო მე ვფიქრობდი და კომპანია ისევ აგრძელებდა ჩემთან „ურთიერთობას.“


მიმდინარე წლის 10 მაისს, ჩემს მობილურ ტელეფონზე სმს–შეტყობინება მივიღე. შეტყობინება ასეთი შინაარსის გახლდათ – მოგესალმებით, შეგახსენებთ, რომ 2017-05-12 არის თქვენი სესხის გადახდის თარიღი. გადასახდელი თანხა - 9.96 ლარი. მიმღები - შპს „ტვინო“.


არ დამიყოვნებია, მაშინვე დავუკავშირდი კომპანია შპს „ტვინოს“, მათ ვებ–საიტზე მითითებულ საკონტაქტო ტელეფონის ნომერზე და ვთხოვე აეხსნათ, რა თანხას მთხოვდნენ, მაშინ, როდესაც მათთან ურთიერთობა, ჯერ კიდევ 6 თვის უკან მქონდა დასრულებული.


შემხვედრი ოპერატორი გოგონა, დაჟინებით მიმტკიცებდა, რომ სავარაუდოდ, მაშინ, როცა სესხს სრულად ვფარავდი, პროგრამამ „აურია“, არასწორად დაიანგარიშა და არ მიჩვენა, რომ არასრულად იყო სესხი დაფარული. საპირისპიროს ვუმტკიცებდი მე. საამისოდ, მყარი საფუძველიც მქონდა მათ მიერ გამოგზავნილი 6 იდენტური სმს შეტყობინების სახით, სადაც მიდასტურებდნენ, რომ ყველა თვის გადასახადი დავფარე წარმატებით.


ოპერატორი გოგონა, მთელი მონდომებით მარწმუნებდა, რომ აუცილებლად უნდა გადმეხადა აღნიშნული 9.96 ლარი, სხვა შანსს არ მიტოვებდა. იქვე ავუხსენი, რომ ერთ თეთრსაც არ გადავიხდიდი ზედმეტს, რადგან სრულად მქონდა გადახდილი, იმდენი, რამდენიც მაშინდელი მონაცემებით დაანგარიშდა.
ოპერატორ გოგონას ისიც ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვარ და ვთხოვე, დავეკავშირებინე კომპანიიდან ისეთ პირთან, ვის კომპეტენციაშიც შედის მედიასთან ურთიერთობა. გოგონამ „ქვა ააგდო და თავი შეუშვირა“, მაგრამ ასეთი პირის საკონტაქტო ნომერი არ მომცა – საკონტაქტო ნომრებს არ გავცემთო. თან ის პირი ვერაფერს ვერ გადაგიმოწმებთ, რათ გინდათო... მეორეჯერაც შევახსენე, რომ ვარ ჟურნალისტი და მათი უთოფო ყაჩაღობის მცდელობის შესახებ აუცილებლად დავწერდი და უმჯობესი იქნებოდა, ისეთი ადამიანისგან მომესმინა ახსნა–განმარტება, ვისაც კომპანიის იმიჯი აბარია. ერთი წუთითო და ტელეფონი გამითიშა.


რამდენიმე წუთში იმავე გოგონამ გადმომირეკა – ვერავის ტელეფონს ვერ მოგცემთ, მაგრამ თქვენი მონაცემები გადავამოწმეთ და არ გქონიათ არანაირი დავალიანება, პირიქით 15 ლარი ზედმეტი გქონიათ ჩარიცხული და მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე გადმოგერიცხებათო უკან.


ანუ, გამოვიდა, რომ 15 ლარი ხომ ზედმეტი მქონია გადახდილი და 10 ლარამდე, ზედ უნდა დამემატებინა. ანუ, 864 ლარი ეცოტავათ და ზედ 25 ლარიც უნდა დამემატებინა ფეშქაშად.


მარტივი კითხვა გამიჩნდა – რა ბედს ეწევიან ის ადამიანები, რომლებიც ენდობიან კომპანიას და ალალად დააპირებენ მათ მიერ დამატებით მოთხოვნილ თანხას? მათაც გაუნულებდნენ? მათ მონაცემებსაც გადაამოწმებდნენ? მათაც დაუბრუნებდნენ ზედმეტად გადახდილ თანხას?


კომპანიის ოპერატორმა ასეთი პასუხი გამცა – თუ დასტურად არ მიღებენ სმს–შეტყბნებას, რომ სესხი დაფარულია, ე.ი. მათ კიდევ მოუწევთ დარჩენილის გადახდაო. და, მე რომ 6 სმს შეტყობინება მივიღე, ამით რა?! არ მომთხოვეს? დავემშვიდობე და დავპირდი, რომ ამ ამბავზე აუცილებლად დავწერდი.
რამდენიმე წუთში სმს შეტყობინება მივიღე, რომ შპს „ტვინომ“ გადმომირიცხა 15 ლარი და 04 თეთრი.


რადგან დავპირდი დავწერდი, კვლავ ვეცადე მათგან დამატებითი ახსნა–განმარტების მიღება და ელექტრონულად მივწერე, ისე, როგორ ოპერატორმა მირჩია. ოფიციალურად უნდა მოგვწეროთო, მეტი ცინიზმისთვის დასძინა საუბარში. (საჯარო უწყებაც კი არ „იკადრებს“ ამას!).


ავდექი და მივწერე – გთხოვთ, მომწეროთ თქვენი ორგანიზაციიდან იმ პირის საკონტაქტო მონაცემები, ვის კომპეტენციაშიც შედის მედიასთან ურთიერთობა.
პასუხად მივიღე – გამარჯობა, საკონტაქტო ნომრებს არ გავცემთ. მეილზე გადმოგვიგვზანეთ შემოთავაზება ან პრეზენტაცია და დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებიან.“


ყურადღება მიაქციეთ – შემოთავაზება ან პრეზენტაციაო... დაინტერესების შემთხვევაში დაგიკავშირდებიანო. თქვენმა მზემ! სულ საპრეზენტაციოდ აქვთ საქმე თქვენს მიერ მაღალი საპროცენტო განაკვეთით გამწარებულ მომხმარებლებს.

შესაძლოა, გავეოცებინე მაინც შპს ტვინოს ამ ქმედებას, რომ არ მქონოდა ელემენტარული წარმოდგენა ამ კომპანიის საქმიანობის შესახებ. სულ რაღაც ერთი წლის წინანდელ ამბავს შეგახსენებთ, როდესაც, იგივე შპს „ტვინომ“, რომელიც ასევე გასცემს ონლაინ სესხებს ვებ-გვერდის www.netcredit.ge- საშუალებით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს საჯაროდ მოუხადა ბოდიში.


როგორც გაირკვა, მაშინ, აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით, სავარაუდოდ კომპანია „ტვინოს“ თანამშრომელი უკავშირდებოდა მომხმარებელს აღსრულების ეროვნული ბიუროს სახელით და იძულებითი აღსრულებით ემუქრებოდა.
რა უბიძგებს კომპანიას ასეთი ქმდებებისკენ? ამაზე პასუხიც არ მგონია რთული საპოვნელი იყოს.


2016 წლის დეკემბერში, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე, საქართველოში ონლაინ-სესხების გაცემის აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გაახმოვანა. რეგულაციები ძალაში 2017 წლის 16 იანვრიდან შევიდა.
ახალი რეგულაციებით – პროცენტის განსაზღვრის შემთხვევაში, გაცემული სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს, მათ შორის, სესხის ვადის გაგრძელების შემთხვევაში. გარდა ამისა, ყველა საკომისიოს, ნებისმიერი ფინანსური ხარჯის, ასევე სესხის გაცემის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევისათვის მსესხებლისათვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ან ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გაცემული სესხის ნარჩენი ძირი თანხის წლიურ 150%-ს.


ახალი რეგულაციებით თუ ვიმსჯელებთ – დღეს რომ შპს „ტვინოსგან რომ ვისეხსო იგივე 1250 ლარი, 6 თვის შემდეგ უკან დავუბრუნებ 1522 ლარს და 42 თეთრს. ანუ, თუკი გასული წლის ოქტომბრის რეგულაციებით კოპანიას „ვჩუქნიდი“ 864 ლარს, დღევანდელი რეგულაციებით, კომპანია ჩემგან მიიღებს 272 ლარს და 42 თეთრს, ანუ – 591 ლარით და 58 თეთრით ნაკლებს. ახლა, ალბათ გასაგებია, რატომ აამუშავა კომპანიამ ახალი სქემა. დიდ მოგებას მიჩვეული, ვერ ეგუება ნაკლებს. მადა ხომ ჭამაში მოდის...


აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, ამ ახალი რეგულაციბის ამუშავების შემდეგ ბევრი ონლაინ სესხების კომპანია ღაფავს სულს.


იმდენად დაბალი საპროცენტო მარჟაარომ ოპერირებას აზრი არ აქვს. როგორც მაქვს ინფორმაცია, ერთ-ერთმა მსხვილმა ონლაინ სესხების კომპანიამ თანამშრომლები 50%-ით შეამცირა. მიზეზი გაზრდილი ხარჯები იყო. ფიზიკურად ვერ მუშაობენ, რადგან ძალიან დაბალი საპროცენტო განაკვეთი აქვთ. ვინც მსხვილია და არსებული პორტფელის მეშვეობით ცდილობს გადარჩენას, ისენი ჯერჯერობით არიან და ოპერირებენ, თუმცა, საკმაოდ დიდი შეზღუდვებით და პრობლემებით"-აცხადებს ექსპერტი დავით კიკვიძე.


აქვე, ერთი საინტერესო და საგანგაშო ინფორმაციაც: კრედიტ–ინფოს აღმასრულებელი დირექტორის, სანდრო გომიაშვილის ინფორმაციით, მისი ორგანიზაციის ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის იანვარში ბაზაში 12 500 000 ჩანაწერი იყო, 2017 წლის იანვრისთვის კი ამ მაჩვენებელმა 18 156 000-მდე მოიმატა. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 5 656 000 ერთეულით გაიზარდა. გომიაშვილის განცხადებით, ეს რეკორდული მაჩვენებელია.


გაცემული სესხების ასეთი მაღალი ზრდა, პრაქტიკულად, არც ერთ წელს არ ყოფილა. 2016 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა დაახლოებით 4 მილიონი ერთეული იყო, 2017 წელს კი 5 655 000-ით გაიზარდა. მართალია, 18 მილიონში ზოგი სესხი უკვე დაფარულია, მაგრამ ფაქტია, რომ ზრდა დიდია. ასეთი მატება კი ონლაინსაკრედიტო ორგანიზაციების გააქტიურებითა და საბანკო სესხების გაცემის გამარტივებით არის განპირობებული“,–განმარტავს გომიაშვილი.


ამჟამად „კრედიტ-ინფოს“ ბაზაში 2 365 000 ფიზიკურ პირსა და 66 000 იურიდიულ პირზე არსებობს ჩანაწერი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს აქვს.

„კომერსანტის“ ინფორმაციით, ბოლო აღწერით, საქართველოში სულ 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მოსახლეობის დაახლოებით 63,5% სარგებლობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 20 წლამდე ადამიანებზე სესხს, პრაქტიკულად, არც ერთი საფინანსო სტრუქტურა არ გასცემს, 70 წლის ზემოთ მყოფები კი კრედიტს აღარ იღებენ, გამოვა, რომ აქტიური მოსახლეობის 97%-ს სესხი ამძიმებს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 20-დან 70 წლამდე 2,428 მლნ ადამიანი ცხოვრობს.




წყარო: გაზეთი „ალია“


ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები: