საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვა ხონის მერიაში - მუნიციპალიტეტმა ერთი და იმავე საქმიანობისათვის დააფუძნა ორგანიზაციები, რომელთა ფუნქციებიც დუბლირებულია

საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი და არაეფექტური ხარჯვა ხონის მუნიციპალიტეტის მერიაში ერთ-ერთი ის კანონდარღვევაა, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხონის მერიის საქმიანობაში აღმოაჩინა. შედეგად,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან ზედმეტად დაიხარჯა 150.4 ათასი ლარი.


2017-2018 წლებში ხონის მუნიციპალიტეტი 19 იურიდიულ პირს აფინანსებდა. მათ შორის, ერთ შპს-ს და 18 ა(ა)იპ-ს. აღნიშნულ პერიოდში ადგილობრივი ბიუჯეტიდან იურიდიული პირების დაფინანსებაზე გაცემულია 6,443.0 ათასი ლარი, რაც მუნიციპალიტეტის გადასახდელების 35 %-ს შეადგენს. იურიდიული პირების მიერ მიღებული დაფინანსების მეტი წილი (80%) გახარჯულია შრომის ანაზღაურებაზე. 2017-2018 წლებში ა(ა)იპ-სა და შპს-ში დასაქმებული იყო 750-800 თანამშრომელი. აღნიშნულ მაჩვენებელს თუ დავუმატებთ მერიასა და საკრებულოში დასაქმებულთა რიცხოვნობას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციებში დასაქმებულია საშუალოდ 900-950 ადამიანი. ხონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის (22.4 ათასი ადამიანი) რიცხოვნობის გათვალისწინებით, აღნიშნული მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.


შესწავლით გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტმა ვერ უზრუნველყო იურიდიული პირების ეფექტიანი მართვა და გონივრული საკადრო პოლიტიკის შემუშავება. იურიდიული პირების საქმიანობაში გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები და შეუსაბამობები. ორგანიზაციების საქმიანობით მიღებული სარგებელი, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება მათი ფუნქციონირებისათვის დახარჯულ ფინანსურ რესურსებს. შესაბამისად, მათზე გაცემული დაფინანსება წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს.


კერძოდ:


მუნიციპალიტეტში ერთი და იმავე საქმიანობის განსახორციელებლად ფუნქციონირებს ორი ა(ა)იპ. ორგანიზაციის მიერ არ არის არგუმენტირებული ა(ა)იპ-ების ცალ-ცალკე ფუნქციონირებით მიღებული დამატებითი სარგებელი და ეფექტიანობა;  


მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია ისეთი იურდიული პირი, რომელიც ვერ უზრუნველყოფს დებულებით განსაზღვრული მიზნების მიღწევას და მის გამართულ ფუნქციონირებას. შესაბამისად, მის დაფინანსებაზე გადახდილი თანხა არაეფექტიანი ხარჯია


არაგონივრულად მაღალია იურიდიულ პირებში დასაქმებულ პირთა რაოდენობა და შესაბამისად, მათი შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯი. ორგანიზაციებში დასაქმებულია თანამშრომლები, რომელთა ფუნქცია-მოვალეობების საჭიროება სათანადოდ ვერ დასტურდება. დასაქმებული ადმინისტრაციული პერსონალის რაოდენობა შეუსაბამოდ მაღალია ძირითადი საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომლებთან შედარებით;


ორგანიზაციები განთავსებულია ისეთ ფართებში, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ყველა დასაქმებულის ერთობლივად განთავსება და სამუშაო პროცესის სათანადოდ წარმართვა.


ა(ა)იპ − მადლიერების სახლი და ა(ა)იპ − სათნოების სახლი


2017-2018 წლებში ხონის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველი მოსახლეობის კვებით უზრუნველყოფის მიზნით, ფუნქციონირებენ: ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი და ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლი. აღნიშნულ პერიოდში ა(ა)იპ-ების დაფინანსებაზე მუნიციპალიტეტმა დახარჯა 407.0 ათასი ლარი. ორივე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო ჯამში 22 თანამშრომელი.  წარმოდგენილი ინფორმაციით, 2017-2018 წლებში ა(ა)იპ − სათნოების სახლი მომსახურებას უწევდა 130 ბენეფიციარს და დაფინანსებულია 217.5 ათასი ლარით, ხოლო ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის მადლიერების სახლი − 120 ბენეფიციარს და დაფინანსებულია 189.5 ათასი ლარით. აღსანიშნავია, რომ ორივე იურიდიული პირი ერთნაირ მომსახურებას სთავაზობს ბენეფიციარებს. ორივე მდებარეობს ქალაქ ხონში, ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს, თითოეულს გააჩნია სათანადო პირობები და საკმარისი რესურსი პროგრამით მოსარგებლეთა დასაკმაყოფილებლად. 


შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობა თავისი მასშტაბიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, მომსახურების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის შეუცვლელად, შესაძლებელია განხორციელდეს ერთი ორგანიზაციის მიერ. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რატომ არის უფრო ეფექტიანი და მეტი შედეგის მომტანი აღნიშნული საქმიანობისათვის ორი ა(ა)იპ-ის ფუნქციონირება. შესწავლით ირკვევა, რომ მუნიციპალიტეტში არსებობენ პროგრამით სარგებლობის მსურველები (მომლოდინეები), რომელთა პროგრამაში ჩასმა ვერ ხერხდება არასაკმარისი ფინანსური რესურსების გამო.


იმ პირობებში, როდესაც ორგანიზაციას არ აქვს საკმარისი რესურსი მომლოდინეთა კვებით უზრუნველყოფისთვის, მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა ერთნაირი ფუნქციის მქონე ა(ა)იპ-ებზე ორმაგი ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა. 2017-2018 წლებში ა(ა)იპ-ებში ადმინისტრაციის შრომის ანაზღაურებაზე სულ დაიხარჯა 116.4 ათასი ლარი.


ა(ა)იპ − ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი


ხონის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილია ა(ა)იპ − ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი, რომელსაც დებულების მიხედვით, ძირითადად, ევალება განუვითაროს მოსწავლე-ახალგაზრდებს ინტერესი მეცნიერების, ტექნიკის, საწარმოო საქმიანობისა და გამომგონებლობისადმი.


2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ა(ა)იპ-ის დაფინანსებისათვის სულ გაცემულია 239.4 ათასი ლარი.  ა(ა)იპ − ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლში შექმნილია 27 წრე სხვადასხვა მიმართულებით.


შესწავლით ირკვევა, რომ ა(ა)იპ ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის შენობაში დღის პირველ ნახევარში ფუნქციონირებს კერძო სკოლა. ა(ა)იპ-მა 2016 წელს აღნიშნული შენობა, მასში არსებული ინვენტარის, ტექნიკური აღჭურვილობისა და საერთო დანიშნულების ფართების ჩათვლით, 12 - წლიანი იჯარით გადასცა კერძო სკოლას − სპს „ტექნიკურ შემოქმედების გიმნაზიას“.


შენობაში კერძო სკოლის სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, (14:00 საათიდან) გათვალისწინებულია ა(ა)იპ-ის სასწავლო პროცესი. 2019 წლის 19 თებერვალს და 17-18 აპრილს აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა ა(ა)იპ − ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლში მიმდინარე სასწავლო პროცესი. დათვალიერებით გამოვლინდა, რომ 19 თებერვალს სასწავლო პროცესით განსაზღვრული 11 ჯგუფიდან სწავლება მიმდინარეობდა მხოლოდ სამ ჯგუფში, 17 და 18 აპრილს სასწავლო პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობდა, შენობა იყო ცარიელი. შესწავლით ირკვევა, რომ, ა(ა)იპ − ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლში მოქმედი 27 წრიდან, ძირითადად მხოლოდ სასკოლო საგნების სწავლება მიმდინარეობს, ხოლო დანარჩენი წრეები, სათანადო დაინტერესების არარსებობის გამო, არ ფუნქციონირებენ. წარმოდგენილი მონაცემებით, ა(ა)იპ-ის წრეებში უმრავლეს შემთხვევაში ირიცხებიან კერძო სკოლის (სპს „ტექნიკურ შემოქმედების გიმნაზიის“) მოსწავლეები, ხოლო სასწავლო პროცესებს, როგორც ა(ა)იპ-ში ასევე სკოლაში, უძღვებიან ერთი და იგივე პედაგოგები. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ა(ა)იპ-ის სასწავლო პროცესი ძირითადად კერძო სკოლის პროგრამების გაგრძელებაა და ემსახურება მის ინტერესებს. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ის დირექტორი არის კერძო სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებელი. შესაბამისად, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელმა, თავისი ინტერესების სასარგებლოდ ა(ა)იპ-ის შენობა იჯარით მიაქირავა მის მიერ დაფუძნებულ ორგანიზაციას. ამდენად, ა(ა)იპ − ხონის ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლი ვერ უზრუნველყოფს დებულებით დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას და გამართულ ფუნქციონირებას. ხონის მუნიციპალიტეტი არ აკონტროლებდა ა(ა)იპ-ის საქმიანობის შესაბამისობას დასახულ მიზნებთან. შედეგად, 2017-2018 წლებში მის დაფინანსებაზე გადახდილი 239.4 ათასი ლარი წარმოადგენს არაეფექტიან ხარჯს.


ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური 

ხონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულია ა(ა)იპ − ხონის მუნიციპალიტეტის სასაფლაო მეურნეობის მართვის სამსახური, რომლის დაფინანსებაზე 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა გასწია 238.3 ათასი ლარის ხარჯი. დებულების მიხედვით ა(ა)იპ-ის საქმიანობის ძირითადი ფუნქცია არის ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მართვა და მოვლა-პატრონობა.


შესწავლით ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში ა(ა)იპ-ში სულ დასაქმებული იყო 24-25 თანამშრომელი. მათ შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია 213.0 ათასი ლარი, რაც მთლიანი დაფინანსების 89%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ში სასაფლაოების მოვლა-პატრონობას ახორციელებს 9 მომვლელი, ხოლო დანარჩენი თანამშრომლები არიან ზედამხედველნი და სხვა ორგანიზაციული საქმიანობის განმახორციელებელი პირები. ინფორმაცია ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლებსა და მათ მოვალეობებზე წარმოდგენილია ცხრილში.


წარმოდგენილი მონაცემებიდან ირკვევა, რომ სასაფლაოზე მომვლელები განაწილებულნი არიან უბნების მიხედვით, რომლებსაც ჰყავთ ერთი ხელმძღვანელი. გარდა ამისა, უბნების მიხედვით კიდევ გათვალისწინებულია 7 საშტატო ერთეული „სასაფლაოების ზედამხედველის“ თანამდებობაზე.


2017-2018 წლებში შრომის ანაზღაურების სახით გაცემული 213.0 ათასი ლარიდან, ძირითადი ფუნქციების შემსრულებელ პირებზე დახარჯულია მხოლოდ 28.1 ათასი ლარი, ხოლო დანარჩენი თანხა 184.9 ათასი ლარი, გაცემულია ადმინისტრაციასა და სხვა ორგანიზაციული საქმიანობით დაკავებული პირების შრომის ანაზღაურებაზე. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა რამდენად გონივრულია ა(ა)იპ-ში დასაქმებული თანამშრომლების არსებული რაოდენობა და რამდენად ეფექტიანია მათ მიერ შესრულებული სამუშაო დახარჯულ ფინანსურ რესურსებთან მიმართებით.


ა(ა)იპ − ხონის კომუნალური სერვისცენტრი


ხონის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ა(ა)იპ − ხონის კომუნალური სერვისცენტრი, რომლის დაფინანსებაზე 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა გასწია 1,078.4 ათასი ლარი. აღნიშნულ პერიოდში ორგანიზაციაში საშუალოდ დასაქმებული იყო 87 თანამშრომელი, რომლებზეც შრომის ანაზღაურების სახით გაცემულია 763.1 ათასი ლარი, (დაფინანსების 70.8%). ა(ა)იპ-ში შექმნილია ოთხი განყოფილება: დასუფთავების, განათების, გამწვანების, მექანიზაციისა და სანიაღვრე არხების მოვლა-პატრონობის მიმართულებით. წარმოდგენილი მონაცემებით, ორგანიზაციაში დასაქმებული 87 თანამშრომლიდან 49 ა(ა)იპ-ის ძირითადი საქმიანობის განმახორციელებელი პირია, ხოლო დანარჩენები ასრულებენ ზედამხედველობის, ადმინისტრაციულ და სხვა ხასიათის საქმიანობას. ინფორმაცია ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლებსა და მათი მოვალეობებზე წარმოდგენილია ცხრილში.




აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ში დასაქმებული 27 სპეციალისტიდან 21-ს დაკისრებული აქვს ზედამხედველობის, კონტროლის და მეთვალყურეობის ფუნქცია. კერძოდ, მანქანამექანიზმების სამუშაო პროცესზე ზედამხედველობა, დასუფთავებაზე ზედამხედველობა,  მუშების, მეეზოვეების, მეველეების აღრიცხვა/მეთვალყურეობა, განყოფილებების მეთვალყურეობა და სხვ. დანარჩენი 6 სპეციალისტიდან ხუთს ევალება შემოსული წერილების აღრიცხვა, ხოლო ერთ სპეციალისტს - შესყიდვების განხორციელება. აუდიტის ობიექტმა ვერ დაასაბუთა რამდენად ოპტიმალურია და შეესაბამება ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა რიცხოვნობა შესასრულებელ სამუშაოებს. ამასთანავე, რამდენად ეფექტიანია ზედამხედველობის და აღრიცხვის ფუნქციის მქონე აღნიშნული რაოდენობის თანამშრომლების დასაქმება.


აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ ფუნქციონირებს 105 კვ.მ ფართში, სადაც განთავსებულია 8 მაგიდა და 4 ერთეული კომპიუტერული ტექნიკა, ორგანიზაციას სხვა ინვენტარი არ გააჩნია. შტატების რიცხოვნობიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირობებში შეუძლებელია ა(ა)იპ-ში დასაქმებული პერსონალის ერთობლივად განთავსება და სამუშაო პროცესის სათანადოდ წარმართვა.


შესწავლით ირკვევა, რომ 2017-2018 წლებში ა(ა)იპ − ხონის კომუნალური სერვისცენტრი (გამწვანების განყოფილება) ახორციელებდა მხოლოდ დებულებით განსაზღვრულ 4 სკვერის მოვლა-პატრონობას. აღნიშნულ პერიოდში ქალაქის ტერიტორიაზე დამატებით მოეწყო კიდევ სამი სკვერი, რომელთა მოვლა მერიას ა(ა)იპ-ისთვის არ დაუვალებია. აუდიტის ჯგუფის მიერ დათვალიერებით გამოვლინდა, რომ სოლომონ მეორისა და გეგიას ქუჩებს შორის მოწყობილ სკვერში ორ ადგილზე ჩამოვარდნილია შესასვლელი კარები. ბახტაძის ქუჩასა და ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილ სკვერებში გაუთიბავია ბალახი, ასევე ბალახი იყო ამოსული ახლადმოწყობილ ფილებზე.


აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ − ხონის კომუნალური სერვისცენტრის შექმნის ერთ-ერთი მიზანი არის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკვერების მოვლა, რისთვისაც გააჩნია საკმარისი რესურსი. მერია ვალდებული იყო დაევალებია ა(ა)იპ-ისათვის ახლად მოწყობილი სკვერების მოვლა-პატრონობა, რაც არ განუხორციელებია. ამდენად, ა(ა)იპ − ხონის კომუნალურ სერვისცენტრში არაგონივრულად მაღალია დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა, მათ შორის, ზედამხედველობის ფუნქციის მქონე კადრები. ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ადამიანური რესურსების ეფექტიან გამოყენებას, მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც საბიუჯეტო სახსრების არაეფექტიან ხარჯვას იწვევს.


შპს „აფხაზეთი“


ხონის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს შპს „აფხაზეთი“, რომლის დაფინანსებაზე 2017-2018 წლებში მუნიციპალიტეტმა გასწია 189.0 ათასი ლარის ხარჯი.  შპს „აფხაზეთს“ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები არ გააჩნია. მისი შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს მუნიციპალიტეტიდან მიღებული დაფინანსება. წარმოდგენილი მონაცემებით, შპს-ში დასაქმებულია 28 თანამშრომელი და მათ შრომის ანაზღაურებაზე დახარჯულია დაფინანსების ძირითადი ნაწილი 151.5 ათასი ლარი (80%).


შპს „აფხაზეთი“ საქმიანობას ახორციელებს ორი მიმართულებით:  პირველ მიმართულება არის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების და მათი მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავება. აღსანიშნავია, რომ ხონის მუნიციპალიტეტს საკუთარი ადმინისტრაციული შენობების დასუფთავება შეუძლია დამოუკიდებლად, შესაბამისი პერსონალის დაქირავებით. შესაბამისად, აღნიშნული მომსახურების გაწევისათვის ცალკე ორგანიზაციის არსებობის აუცილებლობა და ამ მიმართულებით მისი დაფინანსების მიზანშეწონილობა არ არის სათანადოდ დასაბუთებული.


შპს „აფხაზეთის“ საქმიანობის მეორე და ძირითადი მიმართულება არის დევნილთა დასახლებაში არსებული წყალგაყვანილობის ქსელის მოვლა-პატრონობა და მოსახლეობის წყალმომარაგება.


აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მიმართულებით მომსახურების გაწევის მიზნით, ფუნქციონირებს ა(ა)იპ − ხონის კომუნალური სერვისცენტრი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში, შეეძლო აღნიშნული სერვისის მიწოდებაც. მუნიციპალიტეტმა ვერ დაასაბუთა წყალმომარაგების მომსახურების გაწევისათვის შპს-ს ცალკე ორგანიზაციად არსებობის საჭიროება და მასზე ადმინისტრაციული ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა.


2017-2018 წლებში ადმინისტრაციულ პერსონალზე სულ დახარჯულია 53.7 ათასი ლარი, რაც არაეკონომიური ხარჯია. შესწავლით ირკვევა, რომ შპს „აფხაზეთი“ ფუნქციონირებს ორ ოთახში, რომლის საერთო ფართი შეადგენს 50 კვ.მ-ს, სადაც განთავსებულია 4 მაგიდა. შპს-ს არ გააჩნია კომპიუტერული ტექნიკა და სხვა საჭირო ინვენტარი. აუდიტის ჯგუფი ვერ დარწმუნდა, აღნიშნულ სამუშაო გარემოში რამდენად არის შესაძლებელი შპს-ს თანამშრომლების სრულად განთავსება და სამუშაო პროცესის სრულფასოვნად წარმართვა. აღსანიშნავია, რომ დევნილთა დასახლება მდებარეობს ქალაქ ხონში და ეკუთვნის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულს.


ქალაქის ტერიტორიაზე მოსახლეობის საკანალიზაციო და წყალმომარაგებით მომსახურებას უზრუნველყოფს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. ქალაქის ტერიტორიაზე წყალმომარაგების ერთიან სისტემაში მოქცევა მუნიციპალიტეტის ინტერესს უნდა წარმოადგენდეს. ამ მიზნით, ხონის მუნიციპალიტეტს უნდა მიემართა წყალმომარაგების კომპანიისათვის დევნილთა დასახლებაში არსებული ქსელის მიერთების თხოვნით. მუნიციპალიტეტმა ვერ წარმოგვიდგინა დოკუმენტური მტკიცებულებები წყალმომარაგების კომპანიისათვის აღნიშნულის საკითხზე მიმართვასთან დაკავშირებით.


ა(ა)იპ − სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრი


2016-2017 წლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა ა(ა)იპ − სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის (რომელიც წარმოადგენს საფეხბურთო კლუბს)  2015 წლის სახელფასო დავალიანება, თანხით 37.7 ათასი ლარი.


დავალიანების წარმოშობის მიზეზია 2015 წელს საბიუჯეტო სახსრების არასათანადო განკარგვა. კერძოდ, 2015 წელს ა(ა)იპ − სპორტულმა გამაჯანსაღებელმა ცენტრმა სრულად დახარჯა გამოყოფილი სუბსიდია ისეთ ხარჯებზე, რომლებიც ბიუჯეტით დამტკიცებული არ ყოფილა. აღნიშნული თანხით ორგანიზაციამ მუნიციპალიტეტთან შეთანხმების გარეშე დააფინანსა ფეხბურთელების პრემიის, მივლინების, სხვა დანარჩენი საქონლის და მომსახურების ხარჯები. შედეგად, სრულად ამოწურა სუბსიდიით გათვალისწინებული დაფინანსება, რის გამოც, გაუცემელი დარჩა ადმინისტრაციული პერსონალის 7 თვის ხელფასი, თანხით − 37.7 ათასი ლარი.


აღნიშნულიდან გამომდინარე, იურიდიულმა პირმა არასწორად განკარგა მიღებული დაფინანსება. ფინანსური რესურსების არასწორი მართვის შედეგად წარმოშობილი დავალიანების დაფარვა არ იყო მუნიციპალიტეტის ვალდებულება. მერიას ნაცვლად იმისა, რომ ა(ა)იპ-ის პასუხისმგებელი პირების მიმართ გაეტარებინა შესაბამისი ღონისძიებები, მისი დავალიანების დასაფარავად ზედმეტად დახარჯა 37.7 ათასი ლარი.


დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მუნიციპალიტეტში იურიდიული პირები შექმნილია მათი საჭიროების წინასწარი შესწავლის გარეშე. იურიდიული პირები ვერ უზრუნველყოფენ განსაზღვრული მიზნების მიღწევას და ფინანსური რესურსების მიზანშეწონილ ხარჯვას. მუნიციპალიტეტში დანერგილმა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო ორგანიზაციის საქმიანობაში არსებული ხარვეზების დროული გამოვლენა და არსებული შეუსაბამობების აღმოფხვრა/პრევენცია. მუნიციპალიტეტი იურიდიულ პირებს აფინანსებდა ისე, რომ არ ჰქონდა სათანადო რწმუნება, რამდენად ეფექტიანი იყო მათი საქმიანობა და შეესაბამებოდა განსაზღვრულ მიზნებს. შედეგად, ზემოთ აღნიშნული იურიდიული პირების დაფინანსებაზე გაცემული თანხები დახარჯულია არაეფექტიანად.


იურიდიული პირების დაფინანსების ხარვეზები


„საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 58 მუნიციპალიტეტებს დაევალათ, განახორციელონ სათანადო ღონისძიებები, რათა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების 2017 წლის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ საბიუჯეტო ორგანიზაციებში (გარდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა) ადმინისტრაციული/საოპერაციო ხარჯები (ძირითადად ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“, „საქონლისა და მომსახურების“ და „სუბსიდიების“ მუხლებში) შეადგენდეს არაუმეტეს 2016 წლის (მოსალოდნელი) საკასო შესრულების მაჩვენებლის 90%-ს.


მოკვლების შედეგად გამოვლინდა, რომ 2017 წელს მუნიციპალიტეტმა მის დაფინანსებაზე მყოფი 19 იურიდიული პირიდან 13 იურიდიული პირის შემთხვევაში არ გაითვალისწინა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და გასცა ზღვრულ ოდენობაზე მეტი სუბსიდია. კერძოდ, მუნიციპალიტეტს აღნიშნული იურიდიული პირებისთვის უნდა გაეცა სუბსიდია არაუმეტეს 1,526.7 ათასი ლარის ოდენობით. წარმოდგენილი ინფორმაციით, მათზე გაცემული დაფინანსება ჯამში შეადგენს 1,677.1 ათასი ლარს.


მოკვლევის შედეგად დასტურდება: მერიამ დაარღვია კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები, მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს არ შეუმცირა ადმინისტრაციული ხარჯები, რის გამოც, ბიუჯეტიდან ზედმეტად დაიხარჯა 150.4 ათასი ლარი.


კომენტარები:

ფართი შოპი