"კერძო სკოლები საჯარო სკოლების მსგავს მოთხოვნებს უნდა დაექვემდებაროს" - თეა წულუკიანი

სამართალი 19 Dec 2019 15:24

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე კომენტარისას თქვა, რომ კერძო სკოლების მიმართაც უნდა იყოს ისეთივე მოთხოვნები, როგორიც საჯარო სკოლების მიმართ არის. ამის შესახებ მან დღეს, 19 დეკემბერს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა:


"უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ კერძო სკოლები დაექვემდებაროს იმავე ტიპის მოთხოვნებს, რა მოთხოვნებსაც ექვემდებარებიან საჯარო სკოლები. ეს უნდა იყოს სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ფუნდამენტი. ის რომ კერძო არიან, არ ნიშნავს, რომ განყენებულათ უნდა იყვნენ და არ უნდა შეეხოთ თუნდაც მკაცრი რეგულაციები".


15 წლის ბიჭი, რომელიც დაკითხვის შემდეგ კორპუსიდან გადმოხტა, 17 დეკემბერს გარდაიცვალა.


გუშინ მოზარდის გარდაცვალების შემდეგ აქციები გაიმართა იაშვილის კლინიკასთანაც, სადაც მოქალაქეებმა თეთრი მიხაკები და სანთლები მიიტანეს. პარალელურად კი აქტივისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მწვანე სკოლასთან წარწერები — "ამ ცხოვრების დედაც!" დატოვეს.


მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გუშინვე გამომძიებელი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის, ლონდა თოლორაიას განმარტებით, დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის ბრალდებით დააკავეს, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს.


ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა, სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის გამო სცადა.


შემთხვევა 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. მანამდე მოზარდი გვიან ღამით თავისი ყოფილი სკოლის, მწვანე სკოლის შენობაში შევიდა შიდა და გარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვა. ამასთან დაკავშირებით სკოლამ პოლიციაში დარეკა და გამოძიება დაიწყო.


კომენტარები:

ფართი შოპი