ანსამბლი „ნადური“კოპიტნარის სამხედრო ბაზას სტუმრობდა-ინტერვიუ ანსამბლის ადმინისტრატორთან

18 Dec 2019 02:35

გასულ კვირაში, ანსამბლი „ნადური“ კოპიტნარის სამხედრო ბაზას სტუმრობდა. ანსამბლმა, ბაზაზე, პატრიოტული სულისკვეთებით გაჯერებული, ფოლკლორული საღამო ჩაატარა, რომელმაც ჯარისკაცების განსაკუთრებული  მოწონება დაიმსახურა.


„მე თვითონ რეზერვისტი ვარ, ჩემი იდეა იყო, რომ ჯარისკაცებისთვის ჩაგვეტარებინა მსგავსი შინაარსის კონცერტი, საიდანაც ძალიან დიდი სიყვარული და სითბო გამოგვატანეს.“-გვიყვება ანსამბლის ადმინისტრატორი, მამუკა ჩხეტიანი.


ანსამბლის ისტორიაზე, მის მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე, საინფორმაციო პორტალი „მხარე“, სწორედ მამუკა ჩხეტიანს ესაუბრა:




_ანსამბლი ,,ნადური“, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში 2001 წელს დაფუძნდა. ირაკლი შენგელია გახლავთ ანსამბლის დამფუძნებელი და მუსიკალური ხელმძღვანელი. ანსამბლს დღეს 11 წევრი ჰყავს. 


_რა მიზნით შეიქმნა ანსამბლი?


_ ანსამბლის შექმნის ძირითადი წინაპირობა გახლდათ ის ფაქტი, რომ ქ. წყალტუბოში, გარდა მოხუცთა ანსამბლ ,,შავლეგოსი“, რომელსაც დემურ გერგედავა ხელმძღვანელობდა, ასევე წყალტუბოს რაიონის სოფ. დღნორისაში არსებული ანსამბლის, რომლის წევრებიც ასევე მხცოვანი ხალხი გახლდათ და ნელ-ნელა, როგორც ერთი ისე მეორე ანსამბლი მცირდებოდა რაოდენობრივად, არ არსებობდა ახალგაზრდების არანაირი ფოლკლორული ჯგუფი, რომლებიც გააგრძელებდნენ იმ ღირსეულ საქმეს, რასაც ქართული ხალხური სიმღერის მოძიება და შესწავლა   ჰქვია.


_რაც შეეხება სახელს. ვის ეკუთვნის სახელის იდეა?


_ანსამბლ „ნადურს“ დღიდან დაარსებისა - თავის სიცოცხლის ბოლომდე გვერდით ედგა დიდი ქართველი კლასიკოსი მწერალი ბატონი ოტია იოსელიანი. სწორედ მას ეკუთვნის ანსამბლის სახელის იდეაც.



_რეპერტუარზეც გვითხარით. რამდენად ვრცელი და მრავალფეროვანია?


_ვმღერით, როგორც ხალხურ სიმღერებს, ასევე ქალაქურ სიმღერებს და საგალობლებს.


_როგორ ხდება ახალი სიმღერის, ან საგალობლის შესწავლა? რა წყაროებით ხელმძღვანელობთ?


_ სიმღერების შესწავლა ხდება ძირითადად აუდიოჩანაწერებიდან. ასევე რეპერტუარში არის სიმღერები, რომელთა შესწავლაც  უშუალოდ ადგილობრივი ეთნოფორებიდან მოხდა.


_რა გსმენიათ თქვენს მიერ დამუშავებული სიმღერების შექმნის და შესრულების წესზე, მის საუკეთესო შემსრულებლებზე, სიტყვიერ ტექსტზე, შესრულების დროზე?


_ ნადური (კლდედაღმართული) - ეს სიმღერა იმღერებოდა მხოლოდ წყალტუბოს რაიონის სოფ. დღნორისაში, ისტორიულად ამ სოფელს და მასთან ერთად კიდევ რამდენიმე სოფელს (საჩხეური, დერჩი, მექვენა - ძველი ლეჩხუმი) კლდედაღმართსაც უწოდებენ, სიმღერა უშუალოდ ეთნოფორებიდან (მაშინდელი დღნორისის მოხუცთა ანსამბლის ხელმძღვანელის რომან მიქაუტაძის) იქნა შესწავლილი 2006 წელს. სიმღერა არის ორპირული საფერხულო ცეკვის თანხლებით.




მრავალჟამიერი (იმერული) - შესწავლილია ძველი აუდიოჩანაწერებიდან;


ჩვენ მშვიდობა (იმერული) - შესწავლილია ძველი აუდიოჩანაწერებიდან;


აგიდელი (იმერული) - შესწავლილია ძველი აუდიოჩანაწერებიდან;


_ რომელ საკრავებს იყენებთ?


_ვიყენებთ: ფანდურს, ჩონგურს და დოლს. ასევე ვიყენებთ ქრომატიულ ფანდურებს, ბას-ფანდურებს, სალამურებს და გიტარას.


_სამომავლო გეგმებზეც გვითხარით...


_არაერთი შემოთავაზება გვაქვს საზღვარგარეთიდან, ხორვატიაში - საერთაშორისო ფესტივალზე, გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში, ასევე პოლონეთიდან... გარდა ამისა, ჩვენს სამომავლო გეგმებში ყოველთვის მოიაზრება ქვეყნის შინგით დაგეგმილი ფესტივალები, კონცერტები და სხვადასხვა ღონისძებები.




ცნობისთვის:  ანსამბლ ნადურს ბევრი საკონცერტო მოღვაწეობა და მიღწევებიც აქვს. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია:

2002 წლის 23 აპრილი - ანსამბლ ,,ნადურის“ პრემიერა. ქ. წყალტუბო, საკონცერტო დარბაზი ,,ივერია“

2003 წელი, სახალხო ფესტივალი. ქ. თბილისი, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი.

2003 წელი, შავი ზღვის აუზის საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი, ქ. ფოთი - ლაურეატის წოდება

2006 წელი, ქორეოგრაფიულ ანსამბლ „სიონთან“ ერთობლივი კონცერტი, ქ. თბილისი, გრობოედოვის სახ. თეატრი.

2013 წელი, საერთაშორისო ფესტივალი „ზღვის ჰარმონია“, ქ. ქობულეთი (გრან-პრი)

2014-2015-2016-2018-2019  წელი, საერთაშორისო ფესტივალი „ნარინჯისფერი ქობულეთი“, ქ. ქობულეთი (გრან-პრი)

2013-2014-1015-2015-2017-2018-2019 წელი, საერთაშორისო არტ-ფესტივალი - ქ. წყალტუბო

2015-2016 წწ. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი. ქართული ტრადიციული გალობა - პირველი ადგილი; ქართული ტრადიციული სიმღერა - მესამე ადგილი

2019 წელი არტემ ერქომაიშვილის სახელობის გალობის ფესტივალ-კონკურსი - მესამე ადგილი

10. გასტროლები (ქვეყნის, ქალაქის/სოფლის, ფესტივალის ზუსტი სახელი და წელი)

2014 წლის ივნისი, საერთაშორისო ფოლკ. ფესტივალი. პოლონეთი, ქ. ჟეშოვი - მილენიუმ-ჰალი.




კომენტარები:

ფართი შოპი