ცოტნე ზურაბიანი: "წყალტუბოს სწრაფი განვითარების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია გავიზიაროთ ევროპული თერმული ქალაქების გამოცდილება და გვქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია EHTTA-თან"

15 Dec 2019 16:32



"წყალტუბოს სწრაფი განვითარების ფონზე, ძალიან მნიშვნელოვანია გავიზიაროთ ევროპული თერმული ქალაქების გამოცდილება და გვქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია EHTTA-თან. მზარდი ინტერესის ფონზე, ჩვენი ამოცანაა ხელი შევუწყოთ ბიზნესის და საზოგადოებრივი ინტერესის თანხვედრას, შევინარჩუნოთ ჩვენი მთავარი სიმდიდრე და განვავითაროთ მომსახურეობის სფეროები." 

აღნიშნული განცხადება, წყალტუბოს მაჟრიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის წევრების - გენერალური მდივნის, პოლ სიმონსისთან  და ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის წევრის “Crecente Asociados"-ის დამფუძნებელთან  და დირექტორთან -  მარიოს სკესენტესთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 


მხარეებმა, შეხვედრაზე იმერეთის რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე, არსებულ რესურსებზე და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის წევრებმა კონკრეტული რეკომენდაციებიც გასცეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოახდინონ წყალტუბომ და ბაღდათმა საერთაშორისო დონეზე პოზიციონირება ცნობადობის გაზრდისა და უფრო დიდი რაოდენობის ტურისტების მოსაზიდად.


"მოხარული ვარ, რომ იმერეთის რეგიონი „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების“ ასოციაციის ასოცირებული წევრია. იმერეთის მხარეს აქვს კარგი ტურისტული პოტენციალი, თერმული და მინერალური წყლებით მდიდარი კურორტები, რომლებიც შემდგომ განვითარებას საჭიროებენ. აუცილებელია არსებული რესურსების შენარჩუნება და ახალი ინვესტორების მოზიდვა, რომლებიც ახალი მოთხოვნების შესაბამისად მოაწყობენ ინფრასტრუქტურას. არსებული პოტნეციალი შთამბეჭდავია, უკვე ბევრმა ადამიანმა იცის იმერეთის რეგიონის შესახებ, რასაც განსაკუთრებით უწყობს ხელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა განავითაროთ არსებული პირობები ტურისტებისთვის, გაქვთ შესანიშნავი ადგილები სასტუმროებისთვის და ბუნებრივი წყაროები სამკურნალო თვისებებით. ერთი სიტყვით, იმერეთის რეგიონს ყველა პირობა და რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ ევროპელ ტურისტებს იდეალური, მათზე მორგებული პროდუქტი შესთავაზოს“, - განაცხადა ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის წევრმა - UNESCO პროექტის "ევროპის დიდებული სპა-კურორტები" გენერალურმა მდივანმა პოლ სიმონსმა.


ცნობისთვის: იმერეთის რეგიონი „ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების“ ასოციაციის ასოცირებული წევრი 2017 წელს გახდა, სადაც იმერეთი წარმოდგენილია წყალტუბოს და საირმის სპა კურორტების სახით, რომლებიც ცნობილია ბალნეოლოგიური და მინერალური წყლებით. იმერეთი ერთადერთი რეგიონია საქართველოდან, რომელიც ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის წევრია.


აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ქუთაისი ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების ფორუმს უმასპინძლებს, რომელიც ევროპის საბჭოს მასშტაბით ერთ-ერთი მაღალი დონის ფორუმია.






კომენტარები:

ფართი შოპი