მსახიობ რუსკა მაყაშვილს არაერთი შოუ წაუყვანია და ამ მიმართულებით დიდი გამოცდილებაც აქვს, თუმცა შოუს წამყვანი მარტო არასდროს ყოფილა, ყოველთვის მეწყვილე ჰყავდა. ახლა, პირველად მიჰყავს მარტოს მეგაშოუ „საქართველოს ვარსკვლავი“.
„ამხელა პროექტი ორისთვისაც რთული წასაყვანია, მაგრამ აბალანსებენ ერთმანეთს. აქ მარტოს გიწევს საჭირო ემოცია ბოლომდე დაიჭირო, რომ არ დაეცეს მუხტი. ამიტომ, ხმამაღალი შეძახილები, ხმამაღლა ლაპარაკი, ჟესტები, საჭირო ემოცია გჭირდება, მაგრამ რაც უნდა ხმამაღლა წიოდე და კიოდე, თუ ემოცია შიგნიდან არ მოგყვება, საქმე ხარისხიანად მაინც არ გამოდის. ჩემთვის ეს პროექტი რაღაცნაირად საყვარელია, ძალიან მიყვარს და მგონია, რომ საქმესაც ასე უნდა მიუდგე,“ - ამბობს რუსკა მაყაშვილი და AMBEBI.GE-სთან ასე განაგრძობს საუბარს:
- კონცერტის წაყვანისას, როდესაც სცენაზე გვერდით პარტნიორი გყავს, კომფორტია და თან, ისეთი პარტნიორი, როგორიც ვანიკო თარხნიშვილია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეში დიდი გამოცდილება მაქვს, მაინც ძალიან ვინერვიულე, როდესაც გავიგე, რომ პროექტში, სცენაზე მარტო უნდა ვმდგარიყავი.
კონცერტი ზეპირად მიმყავს, ერთადერთი „ყურია,“ რაც მაქვს. პროექტი ყოველთვის ფანტასტიკურად მიდის, შოუ საათივითაა აწყობილი, მაგრამ ყველაფერი ხდება, შეიძლება, „ყური“ გაგეთიშოს და ათასი რამ მოხდეს, - ამ რაღაცებზე ვფიქრობდი. ახლა კი იმას ვიტყვი, რომ სცენაზე მარტო მუშაობაზე დიდი კომფორტი არაფერია.
ახალი გამოცდილებაა და საქმეში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ პირდაპირ ეთერში მარტომ შევძელი ამხელა შოუს წაყვანა. დიდი მადლობა პროდიუსერებს, რომ მენდნენ.
- ამ შემთხვევაში, რეპლიკას პარტნიორთან აუდიტორიასთან მუდმივი კონტაქტი ცვლის?
- კი, პარტნიორის რეპლიკას აღარ ელოდები და ამ შემთხვევაში კონტაქტს იმ აუდიტორიასთან უკეთ ამყარებ, რომელიც დარბაზში ზის. ამ დროს მეტი იმპროვიზაციის საშუალება გეძლევა... მე და ვანიკო ისეთი შეთამაშებული ვიყავით, რომ ყველაფერთან ერთად, იმპროვიზაციაც მშვენივრად გამოგვდიოდა...
- მაგრამ ამჯერად ცალ-ცალკე გიწევთ შოუების წაყვანა...
- კი, რა თქმა უნდა. ყველას თავის გამოხატვის უფლება აქვს და არჩევნის გაკეთების საშუალება... მე და ვანიკო ვმეგობრობთ, კონტაქტი მუდმივად გვაქვს... ასე რომ, ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა.
- ზოგჯერ მაყურებელი ამბობს, რომ შოუს წამყვანები ძალიან ყვირიანო... რას იტყვი ამაზე?
- ყვირილსაც გააჩნია, ეს არის ლაივშოუ და მაღალ რეგისტრში უნდა წაიყვანო. მნიშვნელოვანია, რომ აქ ხალხია მთავარი და გადამწყვეტი, რადგანაც ვემზადებით „ევროვიზიისთვის“. აღმოჩნდა, რომ გასაკვირად უკვე ბევრი ზარი და ხმა შემოდის. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სამი ლაივი იყო, ხომ ვამბობ, საოცრად ბევრი ხმა შემოვიდა. რაც კარგია და იმაზე მეტყველებს, რომ ხალხი აქტიურადაა ჩართული.
- თეატრის მსახიობი ხარ - ერთ-ერთ მთავარ სცენაზე გიწევს თამაში, ამ ორ საქმეს შორის რა სხვაობაა, - ორივე შემთხვევაში სცენაზე დგახარ...
- თეატრში რაღაც პერიოდი სარეპეტიციოდ გვაქვს და სცენაზე უკვე ყველანაირად მომზადებული გადიხარ. ლაივკონცერტები პირდაპირი ეთერია და მოულოდნელობებითაა სავსე, როგორც ვთქვი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თან, სარეპეტიციოდ იმდენი დრო არ არის, როგორც თეატრში, მიუხედავად იმისა, რომ პროექტში ყველაფერი აწყობილია, ჩვენი პროდაქშენის წევრები აკრობატებივით მუშაობენ, მაგრამ საშინელი ადრენალინია პრემიერის თამაშიც.
როდესაც ამ ლაივების წინ ბევრს ვნერვიულობდი, საკუთარ თავს ვუთხარი, - საჭირო არ არის ასეთი განცდა. ამ ყველაფრისგან თავბრუ არ დაგეხვეს-მეთქი და საქმეს, როგორც სპექტაკლს ისე მივუდექი. ახლა ვამბობ ხოლმე, რომ სპექტაკლი მაქვს სათამაშო. ოღონდ, ცოტა რეალისტური, რადგანაც ბოლომდე თეატრი ეს არ უნდა იყოს. ჩემი მიდგომები მაქვს და ამ ყველაფრით ვაბალანსებ...
- შოუსა და სპექტაკლის შემდეგ დაღლა თანაბარია?
- ძალიან იღლება ადამიანი მაშინ, როდესაც საქმეში დებს სულს, გულს და ემოციას. თეატრში ზოგჯერ შეიძლება, ყველაფერი გააკეთო, მაგრამ მაყურებლისგან იმ კონკრეტულ დღეს სწორი ემოცია არ წამოვიდეს, მაგრამ თუ შესაბამისი ემოცია ვიგრძენი, მაშინ ენერგიების გაცვლა ხდება. მოკლედ, სხვადასხვანაირადაა ყველაფერი.
„საქართველოს ვარსკვლავის“ შემდეგ ვიღლები, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, რომ კიდევ ახალ შოუს წავიყვანდი, ეს იმის ფონზე, როცა ლაივამდე ორი სრული რეპეტიცია მაქვს ხოლმე გავლილი.
- ამდენ ენერგიას გარეთ რომ ხარჯავ, სახლში თუ გრჩება დრო და ენერგია და ვის უნაწილებ?
- რა თქმა უნდა, ოჯახს, ილიას, მეუღლეს, ჩემი ოჯახის წევრებს, ჩემს ძმას, რომელიც 12 წლის არის... მგონია, რომ ადამიანს ყველაფრის მოსწრება შეუძლია. არც ერთ დროს და წამს არ ვკარგავ. ასე რომ, ბევრ რამეს გადასარევად ვახერხებ.
- ქალბატონი თამარი, როგორც შოუს წამყვანს, როგორ გაფასებს?
- მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყველაზე მკაცრი შემფასებელია, რაც ჩემთვის კარგია და ამის გამო სულ ვცდილობ, არ მოვდუნდე, ამ შემთხვევაში ჩემი ლაივი მოსწონს, კმაყოფილია, გიჭირავს ენერგიაო.
- მშვენიერი კონკურსანტები არიან, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, ნებისმიერი შეძლებს „ევროვიზიის “ კონკურსანტობას. როგორ ფიქრობ, იქ რა შედეგები გვექნება?
- ჩვენი კონკურსანტებიდან, ვინც უნდა წავიდეს, ყველა ფანტასტიკურია. „ევროვიზიას“ თავის წესები აქვს, როგორც არ უნდა იყოს, იქ მოხვედრა მუსიკოსისთვის დიდი ტრამპლინია. უარმაზარ სცენაზე გამოდიხარ და მსოფლიო გიყურებს. იმედი მაქვს, რომ ქართველი კომპოზიტორები ისეთ სიმღერას დაწერენ, „ევროვიზიის“ კონკურსანტისთვის, რომელიც მართლაც სერიოზულ ემოციას გამოიწვევს.
ამიტომ უნდა დაიწეროს რაღაც ასეთი სიმღერა, უნდა დაინთოს ცეცხლი „ევროვიზიის“ სცენაზე.