"დავიღალე იმის ყურებით, როგორ არავის გინდათ ახალგაზრდების წინსვლა ამ ქვეყანაში და მართლა რაიმეს შეცვლა"- ლაშა შაყულაშვილი

05 Dec 2019 00:28

საქართველოს ახალგაზრდობის ყოფილი წარმომადგენლი გაეროში, ლაშა შაყულაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქვეყანაში მიმდონარე პრობლემებს ეხმიანება და ემოციურ "პოსტს" აქვეყნებს. 


"ბავშვობას ატარებ 90-იანებში. დადიხარ გაყინულ, გაღატაკებულ, ჩაბნელებულ და უიმედო ბაღსა და სკოლაში. მასწავლებლებს არც შენი განათლება ადარდებთ და არც ნერვული სისტემა, ერთეულების გარდა. მდიდარი მშობლები მასწავლებლებს საჩუქრებით თაფლავენ, ამით კი იმას სწავლობ, რომ ,,ყველა თანასწორია, მაგრამ ზოგი უფრო ...". ყველას აცვია"დუბლიონკა", რომელიც შენზე დიდია და რაღაცნაირი უსიამოვნო სუნი აქვს, მაგრამ კიდევ რამდენი წელი გეცმევა და შენც მასში იზრდები. კომპიუტერის და Wikipedia-ს გარეშე ცდილობ განათლების მიღებას; ამთავრებ სკოლას და მიდიხარ უნივერსიტეტში, სადაც ძალიან რთულად ახერხებ ადგილის დამკვიდრებას, რადგან აქაც პრივილეგირებული ჯგუფები არიან მოკალათებულნი. განათლების მისაღებად უცხოეთში სტიპენდიით მიდიხარ და კვირაში 6 ღამე, 22:00-დან 05:00-მდე ღამის კლუბში მუშაობ და ასე იხდი გადასახადებს. შემდეგ ბრუნდები საქართველოში, რადგან მართლა გიყვარს შენი ქვეყანა და აქ გინდა მომავალი, სხვაგან არა, შესაბამისად, გონებითაც ხდები ქართველი და არამხოლოდ მოქალაქეობით. კარიერულ გზაზე ყველგან ნეპოტიზმია და უკვე თავით იწყებ კედლების ნგრევას, რადგან სხვებსაც ხედავ იგივე ბრძოლაში და იმედიც გესახება, რომ ნორმალურ ქვეყანას შევქმნით. შემდეგ ხედავ როგორ ნებდება ბევრი ნიჭიერი გონება და მიდის ემიგრაციაში; უიმედობისგან ჩამპალი გარემო გაცლის საუკეთესო მეგობრებს.


ბოლო 5 თვეა, ანუ "გავრილოვის ღამის" შემდეგ სულ იმ საძაგელი "დუბლიონკის" სუნი მცემს, რომელიც მახსენებს რომ არც არაფერი შეიცვლება; მხოლოდ ჩვენ ვიზრდებით აქ და ქვეყანა ჩვენ არ მოგვდევს. დავიღალე იმის ყურებით როგორ არავის გინდათ ახალგაზრდების წინსვლა ამ ქვეყანაში და მართლა რაიმეს შეცვლა; დავიღალე იმის ყურებით, რომ პოლიტიკოსობა და პარლამენტის წევრობა ყველას პროფესია და ღმერთისგან ბოძებული სამუდამო სამსახური გგონიათ; დავიღალე იმის ყურებით როგორ გეზიზღებათ ყველა თქვენზე მონდომებული და განათლებული ახალგაზრდა; დავიღალე იმის ყურებით როგორ ამტვრევენ ცხვირპირს და თოფით ნადირობენ ახალგაზრდებზე პროტესტის გამოხატვის გამო; დავიღალე იმის ყურებით როგორი დაუსჯელები არიან ძალადობრივი, უკანონო და კრიმინალური დაჯგუფებები; დავიღალე მედიით, რომელიც მხოლოდ ერთი და იგივე სახეებს ატრიალებს და კიდევ უფრო მეტად დაგვათრევს ჩაკეტილ წრეზე!


მე არსად არ წავალ და ყოველთვის და ყველგან ამოვიღებ ხმას! ეს ჩემი ქვეყანაა და მხოლოდ იმ ადამიანების, ვისაც მართლა და უანგაროდ უყვართ იგი.


პატივისცემით,


უბრალო ოჯახის შთამომავალი და საქართველოს პატრიოტი მოქალაქე!"- წერს ლაშა შაყულაშვილი. 


კომენტარები:

ფართი შოპი