"ადამიანი დედამიწასა და ცას შორის გადებული ხიდია..."- ბლიც-ინტერვიუ ჟურნალისტ ლანა ბიბილურიძესთან

04 Dec 2019 01:22

ვინ ვარ მე - სამყაროს იმ ქაოსის ნაწილი ვარ,ვინც სრულყოფას ცდილობს, ცდილობს ალაგმოს ქაოსი, მაგრამ უფრო დიდ ქაოსში ერთვება. თითქოს ქაოსში იბადება ჭეშმარიტება, როდესაც ქარიშხალია  ყველაზე მეტად იბრძვი, ეძებ გზებს და სინათლეს, სინათლის ძებნის პროცესი კი ყველაზე დიდი გამარჯვებაა, ამ დროს შეიცნობ „მე“-ს.


იყო ადამიანი ნიშნავს -  შენში დაიწყოს ბრძოლა... სულისა და სხეულის ორთაბრძოლაა ადამიანობა... სული სხეულის პატიმარია... მიუხედავად ბორკილისა საჭიროა ისწავლო ატანა, გაძლება, „გაფრენა“, დაემსგავსო ყველააზე დიდ პატიმარს ახალშობილს დედის მუცელში... იგი ელოდება გზას სიახლეს, ელოდება იშვას დაიბადოს... სული იბადება სხეულში, ადამიანი კი სამყაროში... ადამიამი დედამიწასა და ცას შორის გადებული ბეწვის ხიდია... ადამიანობის თანმდევია ბრძოლა, დამარცხება, ტკივილი, გამარჯვება, ზეიმი... ბედნიერებაა იყო ადამიანი!


ვინც გულს გტკენს - ნუ შეიძულებ! არწივი წიწილებს რომ გამოსტაცებს დედას, სისასტიკეა, გულსატკენია, მაგრამ ეს ბრძოლაა გადარჩენისთვის და ადამიანშია თითქოს კოდი ჩადებული, გადარჩეს სხვისი ტკვილის ხარჯზე, სამწუხაროდ. გააძრობს ცხოველს ტყავს შეიკერავს ქურთუკს ,დააცლის ფარშევანგს ფრთებს ჩაალაგებს ლარნაკში სილამაზისთვის და ა.შ ადამიანი თითქოს "ბედნიერდება" სხვისი ტკივილით..


მოგონება,რომელიც არ მტოვებს - მოგონებები ძველი შენობებია,რომლის არქეოლოგი თავად უნდა გახდე,ეძებო ძველ ნანგრევებში ის რაც გამოგადგება. მოგონებები ძველი ღვინოა, რომელიც უნდა დალიო, სხვებთან ერთადაც და გაუზიარო, დაატკბო. მოგონებები, ის ქუჩის გზებია, რომელიც გაიარე, მაგრამ ხელმეორედ გადიხარ, ისევ იმ გზებს, ქუჩებს..


უსიყვარულოდ - სიყვარულით იკურნება ყოველი..სიყვარული ორი დაჭრილი სულის საავადმყოფოა... უსიყვარულოდ დასნეულდება დედამიწა.


წარმატების საიდუმლო - ყველაზე დიდი წარმატებაა გქონდეს სიყვარულის ნიჭი. გიყვარდეს, გებრალებოდეს, გწამდეს... წარმატების საიდუმლო ესაა.. ქვეყანა, სადაც დაბადება ფასიანია, სიკვდილი, ქორწილი. უფასო მხოლოდ სიყვარულიღაა დაა გვიყვარდეს..


ადამიანებთან ურთიერთობამ მასწავლა - ისე გაგწირონ შეიძლება ბევრჯერ დაეცე,მაგრამ მაინც უნდა გააგრძელო გზა.სხანაირად ვერ იცოცხლებ. თოვლი ძირს ეცემა ,მაგრამ წვიმად გადაიქცევა ბუნებას შეერთვება,როცა ეცემი სამყაროს უერთდები,სამყარო კი არ დაგტოვებს მარტო,დაცემა ყველაზე დიდი გამარჯვებაა. იყო ადამიანი ჯილდოაა და თან სასჯელი!


მარტო დაჩენა მირჩევნია -  ხანდახან მარტოობა აუცილებელია, მიატოვე ზღვაა, რომელიც ლამობს შენ შთანთქმას, დატოვე თოვლიანი გაყინული გზა, მიატოვე სახლი სადაც მზის შუქი არ ანათებს, მიატოვეთ განმარტოვდით რადგან განახლდეთ, გაძლიერდეთ, დამშვიდდეთ, როგორც ვაზს სჭირდება გასხვლა, განახლება, ასევე ჩვენს ფიქრებსაც სჭირდება გამარგვლა. დროებით მარტოობა კარგია, არა სამუდამო.


ნუ დახარჯავ დროს -  ნუ დახარჯავ დროს უაზროდ,დააფასე ყოველი წამი სიცოცხლის. ადამიანები ახალგაზრდობისას ბერდებიან, სიბერეში კი ახალგაზრდავდებიან. როცა მოხუცდებიან არ ყოფნით წლები, ცდილობენ იცხოვრონ ყოველი წუთით, როცა ახალგაზრდები არიან კი ებევრებათ წლები, ფიქრობენ წინ ბევრი დრო აქვთ.

 

სავიზიტო ბარათი - ალბათ თვალები,თითქოს სამყარომ ადამიანის თვალებზე დაიდო ბინა,თითქოს მერცხლებმა ადამიანის თვალებზე აიშენეს ბუდე,თითქოს ადამიანის თვალებზე აიგო ტაძრები..თვალები სიცოცხლის წყაროა და საწყისი.


ბედნიერების გასაღები - ცნობიერებაშია... ადამიანის ცნობიერება წელიწადის დროებს უნდა ჰგავდეს... შეეძლოს შემოდგომასავით იცვალოს ფერი, როგორ ხმება, ცვივა ფოთლები ხეებს, ახლდება... ზამთარს ემსგავსოს თოვას, წვიმას, რომელიც ატენიანებს კვებავს დედამიწას... ზაფხულს მზით რომ ასხივებს სამყაროს... გაზაფულს ფერადი ყვავილებით, რომ სიცოცხლეს სძენს გარემოს,ცნობიერება გავაზაფხულოთ... რაც ზედმეტია შემოდგომის გამხმარი ფოთლებივით მოვიშოროთ. ბედნიერებას თუ ეძებ სული უნდა მოიქსოვო, აიღო საქსოვი ჩხირები და დაიწყო შენი ცხოვრების მოქსოვა...


ვარდისფერი სათვალე - ხშირად ისე მწარეა ტკივილი, თითქოს საკუთარ თვითგვემას უყურებ, უყურებ სამყარო არწივივით გჯიჯგნის, გაცლის ყველა იმ წუთს რა წუთებითაც შენ არსებობ, რა წამებმაც ჩამოგაყალიბა.. .სამყარო გშლის ისე როგორც წვიმა,თოვლი მიწას. ძნელია მოირგო ყოველთვის ვარდისფერი სათვალე...


სიცოცხლე არ არის -  სიცოცხლე არაა გასაფანტი დღეების ციკლი. როგორ უღმერთოდ ვყრით წამებს, ერთხელ ბოძებულ სიცოცხლეს, ოდესღაც მწარედ ვინანებთ, გარდასულ დღეთა თეთრ ლანდებს. 


ის, რაც დავივიწყე - დიდი ხანია დავივიწყე რომ ადამიანი შეიძლება სიცოცხლეშივე დაფასდეს,თითქოს არსებობ,მაგრამ არ არსებობ,როცა ცოცხალი ხარ რაღაც ხარ,მოკვდები და ვიღაც ხდები.

 

ჩემი სულის ნავსაყიდელი - სულიერებას მძენს ბუნება, ლამაზი სამყარო, ყვავილები. თუ ოდესმე აღმოჩენილხართ გვირილების მდელოზე, იცოდეთ უფლის გოლგოთაზე ყოფილხართ. ამქვეყნიური სამოთხეა, ქრიზანთემისფერი მარგალიტებივით განფენილი და მარმარილოსავით ნაზია. თუ საღამოს ქარიც გელამუნებათ  გიშრისფერ თმებს გიწეწავთ და გვირილებში წნავთ, დიდებულია!ცის კიდეზე მირაჟი ,ფაფუკი ღრუბლების ქულა ეხვევა ობობის ქსელივით ზეცას. იადონისა და პეპლების ფრენა მყოფადს ხდის გარემოს... ყვავილები ლამაზი სიცოცხლისა და ლამაზი სიკვდილის სიმბოლოა...  დიდებულია ბუნება, აი სწორედ ესაა ჩემი სულის ნავსაყუდელი.


ბავშვობაში დაბრუნება მინდა - ბავშვობის პერიოდი „ოქროს ხანაა“. ბავშვობა მიწაზე ახლად ამოსულ ყვავილს ჰგავს, მან ჯერ არ იცის რა მწველია მზე, რა მრისხანეა ქარიშხალი, ქარბუქი... სანამ ბავშვი ხარ თითქოს სხვანაირად გწამს, გიხარია, გწყინს... ბაბუაწვერას ყვავილის სულის შებერვით ჩაფიქრებული ნატვრის ახდენის რწმენა, ბავშვური რწმენა ყველაზე სანატრელია... მინდა დაბრუნება ბავშვობაში რადგან, საოცარი პერიოდია... 


მაღიზიანებს - ამპარტავნება, დუმილი, თავმდაბლობა სჯობს. რაც დუმს ყველაზე წრფელია, ბავშვი სანამ მუნჯია, როგორი წრფელია... ნამდვილი სიყვარულიც როგორი მუნჯია, როცა წრფელია. სადაც ბევრია სათქმელი იქ ყოველთვის ცოტა ითქმის, სადაც არაფერია სათქმელი იქ ხმაურია დიდი.


მიკვირს იმათი - ვინც მუდმივად ნეგატივს ასხივებს. სულში ნეგატიური ფიქრები ღრუბლებივით უნდა გაფანტო, დადებითი ფიქრები მზესავით აანთო, ცრემლები წვიმასავით გესხმოდეს, ღიმილი ცისარტყელასავით დაგნათოდეს, სიკეთე ქარიშხალივით დაატეხო, ოცნებები ვარსკვლავებივით გაამრავლო, სიყვარულმა მთვარესთან აგიყვანოს, ბუნებამ უფალი გაგრძნობინოს, ზღვამ სევდა გაგიფანტოს, იმედები სიყვარულმა ჩაგისახოს...


გულწრფელობა - გულწრფელობა ილუზიაა, ისეთივე როგორც თავისუფლება... სრული თავისუფლება არ არსებობს, შეხედე ზეცა რა თავისუფალია, მაგრამ ჰყავს მბრძანებელი ღმერთი, დედამიწაც დიდია თავისუფალი, მაგრამ ადამიანს ემონება. გულწრფელობა მითია, ადამიანს მუდმივად სურს იყოს "მართალი "...


ვტირი როცა - მესმის ადამიანთა სევდიანი ისტორიები. ხანდახან ადამიანი თავად ქმნის ტრაგედიას, კომედიას და ტრაგიკომედიას.


იყო ქართველი ნიშნავს - ქართველობაა სასჯელიცაა და ჯილდოც, ვარდიც და ეკალიც, ზღვაც და ხმელეთიც, სულიც და სხეულიც, გრძნობაც და ტკვილიც, იმედი, წყალი, ტაძარი... იყო ქართველი ნიშნავს შენს წინ გიძღოდეს ჯვარი და უკან გდევნიდეს ეშმაკი.


ჩემი ცხოვრების დევიზი - გავხდე ჰუმანური და სამყაროც გავხადო უფრო კეთილი.


იყო ჟურნალისტი ნიშნავს - გრძნობდე უფლის ხმას,გესმოდეს ხალხის სუნთქვა,ხედავდე დიდი კედლის მეორე მხარეს,  და გადმოსცემდე აღქმულს.


კმაყოფილი ვარ - კმაყოფილი ვარ, რომ ვარ ქალი. ქალი ზღვა არის დიდი, ქალი სუნთქვაა გედის, ბულბულის ნამღერს წააგავს, ანტიკურ ხანის ქვითკირს, მარმარილოა ნაზი, უკვდავებისთვის ილტვის, ნიაღვრია, ტალღა, ცეცხლის ალივით იწვის, განთიადია დილის, ვარდის ნამიაა თეთრი.


"ეჰ წუთით მაინც დაბრუნდებოდეს“... - დაბრუნდებოდეს დრო, როცა ადამიანები იყვნენ ერთსულოვანი.. უდაბნოს ემსგავსება სამყარო. მარტოობის საბანი ახურავს დედამიწას. სიშორე ჩამდგარა ადამიანებს შორის. ცა ისე შორს არაა ჩვენგან, როგორც ადამიანი ადამიანისგან, მეფობს სიმარტოვე. არადა დედამიწა ვერ იტევს ხალხს. თან დედამიწას აკლია ხალხი... უფრო და უფრო ვშორდებით ღმერთს და ადამიანებს... შორს ნუ ეძებ უფალს, ცაში ნუ ვუყურებთ, ღმერთია ადამიანი, ადამიანშია დიდი ღმერთი. ახედე ცის ცარგვალზე ფრინველთა გუნს,როგორ სერავენ დასალიერს,როგორ ჯგუფად მიქრიან,არა ცალ-ცალკე.ფრინველთა ერთობა მეტია,ვიდრე ადამიანთა. შეხედე ვარსკვლავებს როგორ ერთიანად მიწყობილან,ერთიანობა ბრწყინავს. დააკვირდი მდინარეებს როოგორ ერთიანდებიან და ერწყმიან ერთმანეთს რათა გაძლიერდნენ. დაიშალა კაცთა მოდგმა, დაიფერფლა.. მაგრამ მჯერა აღდგება სფინქსივით!


ავტორი: ია ნანეიშვილი

კომენტარები:

ფართი შოპი