28 ნოემბერს, პუშკინის სკვერში გამოფენა - „დაუბრუნე თავისუფლება“ გაიხსნება

28 Nov 2019 00:44

28 ნოემბერს, 17:00 საათზე,  თავისუფლების მოედანზე - პუშკინის სკვერში გაიხსნება გამოფენა „დაუბრუნე თავისუფლება“, სადაც წარმოდგენილი იქნება National Geographic-ის ფოტოგრაფის, Ami Vitale-ის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის და ინკლუზიის თემაზე შექმნილი ფოტო პროექტი.


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) 2018 წლის მონაცემებით, ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის 76,508 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 4,859 ახალი შემთხვევა იყო.


რეალობა ასეთია - გამოკითხულთა თითქმის ნახევარი დარწმუნებულია, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის საკმარისი სერვისები არსებობს ქვეყანაში და მათი მკურნალობა იზოლირებულ ინსტიტუციებში არაა მოძველებული ფორმა. ეს ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მოსახლეობის მინიმუმ ნახევარმა არ იცის, თუ როგორ მძიმე პირობებში ცხოვრობენ ადამიანები ინსტიტუციებში (ფსიქიატრიული საავადმყოფოები, პანსიონატები, თავშესაფრები, სადაც ხანგრძლივივად ცხოვრობენ ადამიანები). შესაბამისად, არ იციან, რომ დიდი ინსტიტუციები, სადაც სხვადასხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დიდი რაოდენობა იზოლირებილად ერთად ცხოვრობს, ხელს უწყობს მათ პასიურობას, კარჩაკეტილობას და მომსახურე პერსონალიც ხშირ შემთხვევაში სწორედ ვერ აფასებს მათ შესაძლებლობებს.


მოსახლეობის მინიმუმ ნახევარმა არ იცის, რომ არსებობს ინსტიტუციების ალტერნატიული, საუკეთესოდ მიჩნეული საცხოვრისები, რომლებსაც საოჯახო ტიპის საცხოვრისები ეწოდება. ეს თანამედროვე სერვისი საქართველოშიც ვითარდება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს აძლევს საზოგადოებაში ცხოვრების ისეთივე საშუალებას, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს გააჩნია.


ღირსეული ცხოვრების უფლება ყველას აქვს და ამის მიღწევა შესაძლებელია თუკი ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯს დეინსტიტუციონალიზაციისკენ, რომელიც ევროკავშირის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა. პაციენტები უნდა ცხოვრობდნენ საოჯახო გარემოში და არა ფსიქიკურ საავადმყოფოებში, ხოლო მკურნალობა ზოგადი პროფილის კლინიკებში სჯობს.


ინკლუზია პიროვნების თვითშეფასებას ზრდის. ინკლუზიურ გარემოში ადამიანი თავის საჭიროებას და მნიშვნელობას გრძნობს.  ინკლუზიურ გარემოში ადამიანები თავიანთ უნარებს ეფექტურად/მაქსიმალურად იყენებენ). გარემოში, სადაც ადამიანი თავს კარგად გრძნობს, მკურნალობა ეფექტურია. ინკლუზიურ გარემოში საზოგადოებაში არსებული სერვისები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომია.


სტატისტიკურად, ყოველ მე-4 ადამიანს, ცხოვრების მანძილზე, შესაძლოა განუვითარდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა. პრობლემის წინაშე შეიძლება ნებისმიერი ჩვენგანი აღმოვჩნდეთ. სწორი დახმარების შედეგად უმრავლესობა უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას და პროდუქტიულად და დამაკმაყოფილებლად ცხოვრობს.


გამოფენის ორგანიზატორია ორგანიზაცია Artinfo Georgia ხოლო კურატორი, ანა რიაბოშენკო. გამოფენა მხარდაჭერილია საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის,  ორგანიზაცია „ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ“ და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ.


გამოფენა 2020 წლის 30 ნოემბრამდე გასტანს, ხოლო შემდეგ თბილისის სხვა ცენტრალურ სკვერში გადაინაცვლებს 20 დეკემბრამდე. გამოფენის გახსნაზე გიმასპინძლებთ თბილი კერძებითა და სასმელით.


გამოფენის საკონტაქტო პირები:

დათო ნადირაძე - 555 000 931

მაგდა სარსევანიძე - 599 49 82 82


კომენტარები:

ფართი შოპი