"აქაური დედამთილები უარესები არიან, დამიჯერეთ!" - ინდოელ ბიჭზე გათხოვილი ქართველი გოგოს მონათხრობი

23 Nov 2019 19:39

25 წლის თამარ ლაშაური ბავშვობიდან დაინტერესდა ინდოეთით. მოგვიანებით ოცნება აისრულა, ინდოეთში იმოგზაურა, შემდეგ იქაურ ყმაწვილს შეუყვარდა და ინდოელების რძალიც გახდა.


- 2016 წელს, საქართველოში ჩატარდა კონკურსი - „იცხოვრე თამამად“, რომლის გამარჯვებულსაც გადაეცემოდა ინდოეთში 1-კვირიანი მოგზაურობის საგზური. კონკურსში გავიმარჯვე და რადგან პირობა ასეთი იყო, რომ გამარჯვებულს ცნობილ ადამიანთან ერთად უნდა ემოგზაურა, ნინო გაჩეჩილაძესთან ერთად წავედი.
ისე, ინდოეთით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული. ალბათ, 6-7 წლიდან და ენის შესწავლაც პატარამ დავიწყე. ინდოეთში პირველად რომ ჩამოვედი, ენაც ვიცოდი და ყველანაირი ინფორმაცია მქონდა ამ ქვეყნის, მისი ხალხისა და ტრადიციების შესახებ.  ჩემი მოლოდინი სრულიად გამართლდა და რა წარმოდგენაც მქონდა ქვეყანაზე, ზუსტად ის დამხვდა.


შეიძლება ითქვას, რომ ოცნება ავიხდინე.


ინსტაგრამზე საკმაოდ ბევრი „ფოლოვერი“ მყავს, მათ შორის - ინდოელებიც. ერთ-ერთი მათგანი გადამღებ ჯგუფში მუშაობდა. 2017 წელს მისი საშუალებით დამიკავშირდა რეჟისორი. მითხრა - საქართველოში ჩამოვდივართ კლიპის გადასაღებადო და მთხოვა, რომ დავხმარებოდი გადაღებისთვის ადგილების შერჩევაში.
ჩემი მომავალი მეუღლეც სწორედ მაშინ გავიცანი და მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა. ძალიან მალევე დამპატიჟა ინდოეთში, ოჯახის გასაცნობად და რამდენიმე თვეში დავქორწინდით.


ახლა უკვე 8 თვის ბრაიანი გვყავს.



- როგორ მიგიღოთ დედამთილმა?

- აქაურებს არ უყვართ, როცა ოჯახში სხვა ქვეყნის წარმომადგენელი შედის. მით უმეტეს, რომ ჩემი დედამთილი ძალიან რელიგიურია და მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვინ იქნებოდა მისი რძალი, მაგრამ მშვენივრად მიმიღო და ქორწილიც მალე გადავიხადეთ. აქ ყველაზე პატარა ქორწილში 350 ადამიანს პატიჟებენ. ისეთი დაბალი ფენის წარმომადგენლებიც კი, ვისაც სახლი არა აქვს და ქუჩაში ცხოვრობს, მაინც გამონახავენ შესაძლებლობას და აუცილებლად გადაიხდიან დიდ ქორწილს. შესაძლოა, სუფრა ისეთი დატვირთული არ იყოს, როგორც ჩვენთან, საქართველოშია ან ინდოეთში, შეძლებულ ოჯახებში, მაგრამ გართობა და ცეკვა-თამაში მაინც იქნება. 



ტრადიციის მიხედვით, აქ ქორწილი 3-დღიანია. პირველ დღეს არის მეჰენდის რიტუალი, როცა პატარძალს ხელებს უხატავენ, მეორე დღეს დილით ძალიან ადრე, ასე 6 საათზე მოდიან პატარძალთან სასიძოს ოჯახის წევრები და იქ იმართება ლხინი და იმავე საღამოს ან მესამე დღეს რესტორანში ან სადმე, დაქირავებულ დარბაზში იმართება ლხინი უამრავი სტუმრისთვის.


- მეუღლე ვინაა პროფესიით?


- მეუღლე პროფესიით ეკონომისტია, საბანკო საქმის სპეციალისტი, მაგრამ ამ სფეროში არ მუშაობს, კლიპების გადაღებების ჯგუფის წევრია. გურმანია და უყვარს ახალ-ახალი, უცხო კერძების გასინჯვა. საქართველოშიც, თითქმის ყველა ქართული კერძი დააგემოვნა და ძალიან მოეწონა, მაგრამ ყველი არ მოეწონა. როგორი ყველი არ გავასინჯე, მაგრამ ვერაფრით მოვაწონე. ინდოეთში ყველის კულტურა დიდად განვითარებული არაა, აქ რძეს ლიმონის წვენით ჭრიან და რაღაც ჭყინტი ყველის მაგვარი, ცოტა თხიერი ყველი გამოდის. ძალიან დიდი რაოდენობით მოიხმარენ რძეს და რძის პროდუქტს. თითო ოჯახი დღეში სულ მცირე, 2 ლიტრ რძეს მაინც მოიხმარს და კიდევ - უამრავ კვერცხს. ისე, აღსანიშნავია, რომ აქ გარეთ ჭამა უფრო იაფია, ვიდრე სახლში მომზადება, რადგან ძირითადად ყოველ ჭამაზე ახალი რაღაც უნდათ რომ მიირთვან. იშვიათად, რომ  დილით გაკეთებული საღამოს ჭამონ და მეორე დღეს ხომ ლაპარაკი ზედმეტია. მცირე ულუფებს აკეთებენ. არ უყვართ, როცა საჭმელი გადასაყრელი ხდება. თავიდან დედამთილთან ვცხოვრობდით, ძალიან დიდი ოჯახია, ბევრნი ვიყავით შინ. ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ცალკე გადმოვედით. 



- რით ხართ ამჟამად დაკავებული?


- სამხატვრო აკადემია დავამთავრე, ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტი და მინდოდა, რომ ამ სფეროში აქ რაღაც გამეკეთებინა, მაგრამ ახლა ბავშვის გამო ცოტა ხანს გადავიფიქრე, მერე კი აუცილებლად ჩემს საქმეს წამოვიწყებ. ჩემი ქმარი ხელს მიწყობს ძალიან და უნდა, რომ ვიმუშაო. 

 
ხანდახან ძალიან მენატრება საქართველო, მაგრამ მანდ რომ ჩამოვდივარ, ძალიან ცუდი დამოკიდებულება მხვდება. თავს დაცულად არ ვგრძნობ. ჩემს ქმარს ისე ამრეზით უყურებენ, არ არის გამორიცხული, შეურაცხყოფა მიაყენონ. აქ კი ძალიან უსაფრთხოდ ვგრძნობ თავს.


- კლიმატურ პირობებსაც შეეგუეთ?


- ყველაზე ცხელი პერიოდია ივნისი, ივლისი და აგვისტო. ვცდილობ, გარეთ არ გავიდე, თუმცა თუ გადიხარ, ყველგან კონდიციონერია და სიცხეს მაინც და მაინც ვერ გრძნობ.


დეკემბერში კი ძალიან ცივა. შარშან, მაგალითად, მინუს 1 გრადუსი იყო და გამათბობელიც კი ჩავრთეთ.


- ნაციონალური ტანისამოსი მოგწონთ?


- სარი მე მანამდეც მეცვა, სანამ აქ ჩამოვიდოდი და ყოველდღიურ ჩაცმულობაში ინდური ნაციონალური ტანისამოსის რაღაც დეტალი მაინც მქონდა.
თუმცა, აქ სარი და სამკაულები უფრო დაბალი ფენის ხალხის ჩაცმულობაა. მაღალი ფენა ცდილობს, რომ თანამედროვედ გამოიყურებოდნენ - ჯინსები, მაისურები აცვიათ.



- დელი ძვირი ქალაქია?


- სახლის ყიდვა ძალიან ძვირი ჯდება, თითქმის შეუძლებელია. აქ ერთი ბინის ფასად თბილისში ცენტრში, 2 დიდ ბინას ვიყიდი. რაც შეეხება ქირას, ძალიან იაფია. მაგალითად, 2-ოთახიანი ბინა, 2 საძინებლით, მისაღებით (საძინებლებს თავისი აბაზანა და ტუალეტი აქვთ), საკმაოდ დიდი ფართის ბინა 400-500 ლარის ეკვივალენტი ღირს, თვეში.


რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, რიქშა იაფია, მაგრამ ტაქსი - საკმაოდ ძვირი.


ავტობუსით ძირითადად დაბალი ფენის წარმომადგენლები მგზავრობენ. აქ ძალიან თვალში საცემადაა საზოგადოება დაყოფილი ფენებად. საშუალო და მაღალი ფენის ადამიანი საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ ადის. ჩემი ოჯახი საშუალოზე მაღალ ფენას მიეკუთვნება.


ყველა ოჯახს ჰყავს მოსამსახურე. ზოგიერთ ოჯახში მოსამსახურე მუდმივად ცხოვრობს, ზოგთან - დღის განმავლობაში რამდენიმე საათით მოდის და ალაგებს.თუ მუდმივად დამსაქმებელთან ცხოვრობს, ხელფასი აქვს დაახლოებით 400 ლარის ეკვივალენტი, რაც ძალიან ცოტაა.


- მოახლე პრესტიჟის გამო ჰყავთ თუ სჭირდებათ და აუცილებელია?


- ვერ ვიტყვი, რომ სჭირდებათ. საერთოდ, ძალიან ზარმაცები არიან და დამოკიდებულები არიან მოახლეზე. თან, ფიქრობენ, რომ სხვას თუ ჰყავს, მასაც უნდა ჰყავდეს.


- დედამთილი აღაფრთოვანეთ, ბოლო ბოლო?


- ძალიან რთულია, რომ აქ ვინმე აღაფრთოვანო. მიიჩნევენ, რომ როგორც თვითონ ექცეოდა დედამთილი, ისე უნდა მოგექცეს შენც. ვალდებულად გთვლის, რომ დილის 7 საათზე ადგე, ჭურჭელი დარეცხო, დაალაგო. აქაური დედამთილები უარესები არიან, დამიჯერეთ. 



- ქალთა უფლებები დაცულია ინდოეთში?


- ქალების უფლებები წინათ საერთოდ არ იყო დაცული, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა. ქალმა რომ განცხადება დაწეროს, რომ ვინმემ შეზღუდა, იძალადა, კაცს პატიმრობა არ ასცდება.


უამრავი ისეთი საქმეც არსებობს, რომ  ქალი ტყუილად უჩივის ძალადობაზე, გაუპატიურებაზე და მერე მამაკაცს სთხოვს ფულს იმის სანაცვლოდ, რომ განცხადება უკან გამოიტანოს. შანტაჟის გზით შოულობენ ფულს.


წყარო: პრაიმტაიმი


კომენტარები:

ფართი შოპი