"მესიზმრება საშიში რაღაცები და ღამ-ღამობით ღრიალის ხმა ისმის ფანჯიკიძის ქუჩაზე, ღამის 4-5 საათზე" - ნიკოლას მაჩაბელი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

21 Nov 2019 23:39

ნიკოლას მაჩაბელი არის მწერალი, პალიტრა L-ის ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2019" გამარჯვებული, ჟიურის რჩეული და გახლავთ თბილისიდან


მაღიზიანებს - საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია;

ვგრძნობ - საკუთარ პერსონაჟს;

მეშინია - უბედური შემთხვევები;

ვიცი - რომ გარანტირებული არაფერია;

არ ვიცი - არაფერი ღმერთის შესახებ;

შემიძლია - ზრუნვა საყვარელ ადამიანებზე;

არ შემიძლია - ცურვა;

ვმეგობრობ - უსულო საგნებთან;

ვაპატიებ - უფროს თაობას;

ვტირი - როცა ჩემი ქვეყნის უსუსურობას ვხედავ; 

ვიცინი - კაცების შოუზე“ და ამერიკული იუტუბ არხების ე.წ. ფრენკებზე BigDawsTV და ა.შ.

ვეძებ - ისეთ სამსახურს, ჩემს საყვარელ საქმეს რომ გავაკეთებ, დავწერ, წიგნებს გამოვცემ, ლექციებს წავიკითხავ, დავუკრავ, ვიმღერებ, კონცერტებს ჩავატარებ და კარგი შემოსავალიც მექნება;

ღირსი ვარ - იმის რაც მაქვს და რაც არ მაქვს;

ვჩხუბობ - აფექტურად;

ვკარგავ - დროს; 

მშურს -  ადამიანების ვისაც უშრომელად, უწვალებლად თავზე დაეცათ კაი კაი ცხოვრება;

ვემალები - საკუთარ წიგნს წიგნის მაღაზიებში;

ვემტერები - უსამართლობას;

მაინტერესებს - ადამიანის ბრმა და ყრუ შინაგანი კუნჭულები;

არ მაინტერესებს - პლასტიკური ქირურგია;

მახსოვს -  სტუდენტობა;

მრცხვენია - საკუთარი საქციელების;

უარვყოფ - ადამიანთა ჩაგვრას;

ვავადმყოფობ - წელიწადში ერთხელ;

ვმალავ - ამბიციებს;

ვინახავ - დიდ სიყვარულს;

მწამს მეუღლის, საკუთარ თავზე მეტად;

მიკვირს - როგორ შეიქმნა პირველი რუკა, როგორ მოვედით აქამდე რომ საკუთარ საცხოვრისს ზევიდან გუგლ მეფიდან დავცქერით და შეგვიძლია ასე მარტივად ნავიგაცია;

მიხარია - როცა ახალ სიმღერას დავწერ, ან ახალ მოთხრობას შევქმნი და ვუზიარებ ჩემს საყვარელ ადამიანებს (მეუღლეს, დედას, დას, მეგობრებს...)

ვჭორაობ - სიდედრთან და ცოლის დეიდებთან ერთად;

ვდარდობ - ხვალინდელ დღეზე;

ვამაყობ - საკუთარი თავგადასავლებით, თბილისელი ბებოთი, დედათი, მშვენიერი მეუღლით, განვლილი წარმატებებით;

ვაკეთებ -  ჩაის და ყავას;

ვეფერები - თევზ, „კლეოპატრას“ როცა ჩავუვლი ხოლმე;

მსიამოვნებს - წიგნის კითხვა რომელიც ჩამითრევს, ან ახალი მუსიკის მოსმენა რომელსაც ავიკვიატებ;

მესიზმრება -  საშიში რაღაცები, მოულოდნელობები, რომელიც ღამ-ღამობით მაყვირებს და ასე წელიწადში 5-6-ჯერ მაინც ისმის ღრიალის ხმა ფანჯიკიძის ქუჩაზე, ღამის 4-5 საათზე;

ვეხმარები -  ჩემს მეუღლეს და დედას;

ვეწევი - საინტერესო ცხოვრებას;

მწყინს - დაიგნორება და უყურადღებობა;

ვხარჯავ - გამოზომილად;

ვღალატობ - საკუთარ თავს და ვერა და ვერ ჩავუჯექი საქმეებს, რომლის გაკეთებაც მინდა;

ვკამათობ - ყველასთან ! ! ! 

ვუხეშობ - აფექტურად, სამწუხაროდ;

ვუსმენ - ყველანაირ მუსიკას, რომელსაც აზრიანი მუსიკალური და იდეოლოგიური სათქმელი აქვს, ჯექსონი და თუ ფაქი, ძველი კლასიკური როკი Led Zeppelin, The Doors, ძალიან მიყვარს The Cure, ამ ბოლო დროს ძალიან შემიყვარდა Audioslave, ახლებიდან გამოვარჩევდი Jorja Smith და Billie Eilish. ქართველებიდან მიყვარს ქიშო და მეფე;

ვყოყმანობ - ტოტალიზატორში დადებაზე;

ვკითხულობ - ამჟამად რევაზ ინანიშვილის „კეთლ მიწას“, ბოლოს წავიკითხე მარია ვარგას ლიოსას წიგნები და ძალიან მომეწონა. საერთოდ, ვკითხულობ სისტემურად: 100 გვერდს სამ საათში. წიგნებს ვკითხულობ რიგ-რიგობით ჯერ ქართული ლიტერატურა შემდეგ უცხოური, მერე ისევ ქართული, მერე ისევ უცხოური და ა.შ.

ვამზადებ -  ახალ სიმღერას მეუღლესთან ერთად და ჩვენს იუტუბ არხზე “HO-da”-ზე გავუზიარებ ჩვენს მსმენელს, დაგვისაბსქრაიბდით და ადევნეთ თვალი ჩვენს სახალისო ვიდეოებს;

ვუყურებ -  ყოველ საღამოს Friends-ის სერიებს (უკვე მეორედ);

ვკლავ - ამბიციურ ბიჭს საკუთარ თავში;

ვაფუჭებ -  ხასიათს, „ხასიათი გამიფუჭაო“ აი ეგ გამომდის ხოლმე;

ვცხოვრობ -   ბედნიერად ორ საყვარელ ადამიანთან ერთად;

ვცემ -   წარმოდგენებს, დამანგრეველ აკვიატებებს;

ვყვირი - ნერვებმოშლილზე;

ვმღერი - გემრიელად;

ვასრულებ -  რიგით სამუშაო დღეს;

დავდივარ -  ფეხით სამსახურში;

ვმკურნალობ -   ამჯერად არაფერზე;

ვერიდები -  პოლიტიკურ პარტიებს;

ვთამაშობ -  PES 2019 მარტო და დომინოს/ნარდს/ინტელექტუალურ თამაშს სახლში მეუღლესთან და დედასთან ერთად, ეს ჩვენი ერთგვარი ოჯახური საღამოებია;

ვიტყუები - დღეში 11-ჯერ მაქვს დათვლილი, მაგრამ ალბათ უფრო მეტადაც, ვიტყუები უმნიშვნელო დეტალებზე, ძირითადად ინსპირირებულს ვარიაციებისგან;

ვეთაყვანები -  უბრალო ადამიანებს;

ვგიჟდები – ნივთებზე, რომელთანაც რაღაც გაუგებარი მეგობრობა მაკავშირებს;

მიყვარს -  ცხოვრება, ახლობელი ადამიანები, ბრაუნი და ჩიტის რძე;

ვოცნებობ - როკსტარობაზე და ხალხის საყვარელი კითხვადი მწერალი რომ გავხდე;

ვფიქრობ - დილაობით როცა სამსახურში მოვდივარ ფეხით, მდინარეს რომ გადმოვლახავ ხოლმე, და საღამოს როცა შინ მივდივარ, სეირნობა-სეირნობით ხიდს რომ გადავალ - ვფიქრობ ყველაფერზე, განსაკუთრებით რას დავწერ და როგორი იქნება ჩემი პერსონაჟების სათქმელი;

მძულს - ალადობა, ფსიქოლოგიურ ზეწოლა;

ვნანობ - ჩემი ცხოვრებისთვის უმნიშვნელო ადამიანებთან ერთად გატარებულ დაკარგულ დროს;

კმაყოფილი ვარ - ახლანდელი ცხოვრებით;

მენატრება - და;

მსურს -   საკუთარი მანქანით მეუღლესთან ერთად მოვიარო ევროპა, ისე რომ თითო ქვეყანაში 10-20 დღე მაინც გავჩერდე, ეს იდეა მომივიდა სწორედ კერუაკის „გზაზე“ კითხვისას;

ვაგროვებ -  არყის (ე.წ. შოთ) ჭიქებს იმ ქალაქებისგან სადაც მიმოგზაურია;

ვიხდი - წყობით;

ვეჭვიანობ - ახლობელ ადამიანებზე, ხომ არ დავკარგე მათი სიყვარული ;

ვკაიფობ“ - წერისას, ჩემს პერსონაჟებს როცა ვაკეთებინებ რაღაცებს;

ვიზიდავ -  ყველა სახის მწერს, ზამთარ-ზაფხულ, სულ დაკბენილი ვარ, ხუმრობით ვაბრალებ ხოლმე იმას რომ „ცისფერი სისხლი“ მაქვს, არიული, გემრიელი სისხლი მაქვს :)

ვალამაზებ - ჩემს სახლს.

 

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები 


ნიკოლას მაჩაბელი: ვოუ, ბოლოს წავიკითხე, სასიამოვნოა რომ მეც და ირაკლისაც მოუწია ამ კითხვებზე პასუხის გაცემა :)

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი