ნაშვილები გოგონა გამზრდელ დედაზე ზრუნვის გამო მხედველობას კარგავს

20 Nov 2019 00:23

ანი ჩოგოვაძე 20 წლის იყო, როცა დედა ფსორიაზითა და ფსორიაზული ართრიტით დაავადდა, რასაც ფილტვების თრომბო ემბოლია დაერთო.  ანიმ სადავეები ხელში აიღო და დედისთვის სიცოცხლის შენარჩუნება ნებისმიერ ფასად გადაწყვიტა.  


„ოჯახში მხოლოდ მე და დედა ვართ. როცა დედის დაავადების შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ რაღაც ნაბიჯები უნდა გადამედგა, სწავლის ფული მე უნდა გადამეხადა, სახლში საკვებიც მიმეტანა და დედისთვის არცერთი წამალი არ მომეკლო. მიმტანად ვმუშაობდი, სახლებს ვალაგებდი, დაბადების დღეებს ვიღებდი... თუმცა, პერსონალური კომპიუტერი გამიფუჭდა და ახლა ამასაც ვეღარ ვახერხებ. თან ეს ყველაფერი ისე უნდა მომესწრო, რომ სწავლაშიც არ შემქმნოდა პრობლემა. მეგობრები და ნათლიაჩემი მეხმარებოდნენ“, - გვიყვება ანი.


დედის ჯანმრთელობაზე ზრუნვაში, ანიმ გარკვეული პერიოდის შემდეგ შეამჩნია, რომ ბავშვობის პრობლემამ თავი შეახსენა და მისი მხედველობა სულ უფრო და უფრო ქვეითდებოდა. ერთ დღეს პოლიკლინიკაში მივიდა ცნობის ასაღებად, რა დროსაც გაიგო რომ ნაშვილებია.


„შოკი მქონდა, გონს ვერ მოვდიოდი. ვიცოდი დედასთან არ უნდა მეჩხუბა, ისედაც ცუდად იყო, უბრალოდ კითხვები მქონდა და მშვიდად ვკითხე - ნამდვილად ვიყავი თუ არა ნაშვილები, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე. მითხრა, დაბარებული მქონდა, რომ როცა მოვკვდებოდი, მაშინ ეთქვათ შენთვის, იქამდე მინდოდა ნამდვილი დედა ვყოფილიყავი შენთვისო. ეს ამბავი ცუდად არ მიმიღია, უფრო მეტად დავაფასე მისი განუწყვეტელი ზრუნვა, ის უდიდესი სიყვარული, რომლითაც სულ რამდენიმე თვიდან გამზარდა. როლები გავცვალეთ, ახლა მე ვუვლი მას.  “


ანიმ მოახერხა და ბაკალავრიატი დაამთავრა. ახლა ის ბავშვებთანერთ-ერთ საბავშვო ბაღში ფსიქოლოგად მუშაობს. მისი შემოსავალი 315 ლარია. 


გული ყველაზე მეტად იმაზე წყდება, რომ მაგისტრატურაზე სწავლა, უსახსრობის გამო, ვერ შეძლო“. ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, ანი საახალწლო სათამაშოების კეთებას იწყებდა, ხატავდა, დამატებითი შემოსავალი რომ ჰქონოდათ, თუმცა, ბევრი არაფერი იყიდებოდა, ხარჯი კი საკმაოდ დიდი იყო.


„დედა საერთოდ ვერ მოძრაობდა, ადგომა არ შეეძლო. იმის სახსრები კი არ მქონდა მასაჟზე მეტარებინა, ამიტომ, იუთუბზე ვუყურებდი ვარჯიშებს, ვისწავლე და ახლა ის მაინც შევძელი, დედამ სახლში მოახერხოს გადაადგილება. საახალწლო სათამაშოების გაკეთებაშიც დამეხმარა წინა წელს.


ანის ჯანმრთელობის პრობლემა დღითიდღე პროგრესირებს და მისი მხედველობა იკლებს.


„წესით, მხედველობის მინუსი 25 წლის შემდეგ აღარ პროგრესირებს, ჩემს შემთხვევაში კი ასე არ მოხდა. დღესდღეობით ძალიან მძიმე მდგომარეობა მაქვს, უშველებელი არაფერი მჭირს, თუმცა თანხა რომელიც იმისთვის არის საჭირო რომ, ბადურა არ ჩამომეშალოს, ჩემთვის ახლა კოლოსალურია .“


ანის დასახმარებლად ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში აქციაც კი წამოიწყეს მისმა მეგობრებმა, სახელწოდებით „დავეხმაროთ ანის“. თანხის ნაწილი 1100 ლარი შეგროვდა, თუმცა კიდევ 2250 ლარია საჭირო იმისათვის, რომ ანის მხედველობა შეუნარჩუნდეს.   


„მხედველობა იმიტომ არ მინდა, რომ უბრალოდ ვხედავდე. არ მინდა დედა 77 წლის ასაკში მარტო დავტოვო და მისი მოვლა ვეღარ შევძლო, მინდა ამაგი დავუბრუნო და მასზე ვიზრუნო“, - ამბობს ანი „პრაიმტაიმთან“.



P.S. ანის დახმარების მსურველებისთვის „პრაიმტაიმი“ საბანკო ანგარიშებს აქვეყნებს:


საქართველოს ბანკი - GE27BG0000000842232700


TBC - GE55TB7877245064300004


მიმღები ანა ჩოგოვაძე.


წყარო: პრაიმტაიმი



კომენტარები:

ფართი შოპი