"ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები სამომავლო პროექტების დაგეგმვაში გვიწყობს ხელს " - ინტერვიუ ცოტნე ზურაბიანთან

10 Nov 2019 19:43

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად ხვდება წყალტუბოს მოსახლეობას. როგორია ხალხის განწყობა და როგორ ხვდება ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რამდენად შეიცვალა მათი განწყობები წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ და რაზე ესაუბრებიან წყალტუბოს მაჟორიტარს? შეძლო თუ არა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება ცოტნე ზურაბიანმა და რას ფიქრობს ის რას წყალტუბოს აღორძინების პროექტებზე?


საინფორმაციო პორტალ "მხარეს" წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ზურაბიანი ესაუბრა:


- ,,ღია დიალოგის “ ფორმატში, სამი თვის განმავლობაში, 60-მდე შეხვედრა  გვქონდა - მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით. პირდაპირი დიალოგი ხალხთან, ძალიან კარგი შესაძლებლობაა ადგილზე არსებული რეალური ვითარების გასაცნობად. ასეთი შეხვედრები მნიშვნელოვნად გვიწყობს ხელს სამომავლო პროექტების დაგეგმვაში.


- რატომ აირჩიეთ ხალხთან კომუნიკაციის ასეთი საშუალება?


- ხალხთან შეხვედრის ასეთი პრაქტიკა, ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა დანერგა და აუცილებლად  გაგრძელდება მომავალშიც.


- როგორია ხალხის განწყობა, როგორ გხვდებიან? რამდენად შეიცვალა მათი განწყობები წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ?


- შეხვედრებზე ძირითადად ვსაუბრობთ მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე, შესაბამისად, ხალხის განწყობა და ზოგადად განწყობები დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად ახერხებს ადგილზე ხელისუფლება კონკრეტული საჭიროებების დროულად მოგვარებას. გვქონდა ცხარე დებატებიც, კრიტიკაც და მინიშნება იმაზე რომ უფრო მეტი უკუკავშირი მოსახლეობასთან დროული და აუცილებელიც იყო.


- რაზე გესაუბრებიან, რა პრობლემების მოგვარებაა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული?


- ძირითადად, ინფრასტრუქტურული პროექტები, გზები, წყალგაყვანილობა და სოციალური დახმარების საკითხია საუბრის თემა შეხვედრებზე. ძირითადი პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარებულია. მაგალითად, გაზიფიცირება 2020 წლისთვის მთელ მუნიციპალიტეტში იქნება განხორციელებული, გარდა ზედა ზონის მაცხოვრებლებისა. ასევე, ერთ წელიწადში მთლიანად მოხდება სისტემურად ჩასახლებული დევნილების განსახლება.


- თქვენც წყალტუბოელი ხართ, თქვენი შეფასებით რა არის დღეს წყალტუბოში ნომერ პირველი პრობლემა?


- წყალტუბოს კეთილდღეობა და მომავალი განვითარება პირდაპირ არის დაკავშირებული ბალნეოლოგიური კურორტის აღორძინებასთან. ჩვენი ქალაქის ისტორია სწორედ სამკურნალო ტურიზმს და იმ შესაძლებლობებს უკავშირდება, რა მთავარი სიმდიდრეც ჩვენ გვაქვს ადგილზე. ამიტომ ვამბობთ რომ, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, იქნება გარდამტეხი, წყალტუბოს როგორც ჯანმრთელობის და ტურიზმის ჰაბად ჩამოყალიბებაში, მთელს რეგიონში.  

                            

ადგილობრივ დონეზე  განსაკუთრებით ყურადსაღებია წყალმომარაგების საკითხი. გვაქვს სოფლები, სადაც ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე მოგვარებული და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს სისტემურ მიდგომაზე, რომელიც უზრუნველყოფს ამ პრობლემის, არა ლოკალურ დონეზე, არამედ ერთიანი გეგმის მიხედვით მოგვარებას.


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია დასაქმების საკითხი. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ადგილზე შევძლოთ და მოვახერხოთ ადამიანური რესურსების მობილიზება, მეტი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, მეტი ეფექტის მომტანი იქნება კონკრეტული დარგების განვითარებისთვის. ამ მიმართულებით, განათლების სამინისტროს ხელშეწყობით, ქალაქში პროფესიული სასწავლებელი შენდება, რაც მოგვცემს შესაძლებლობას უკეთ წარვმართოთ ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა.


მესამე, და არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ სოფლის მეურნეობის განვითარება წყალტუბოში, რათა შევძლოთ ადგილზე მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოება და მეორეს მხრივ გატანა ექსპორტზეც. აქაც, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსებით, სოფელ მაღლაკში შენდება სასათბურე კლასტერი, რომელიც ხელს შეუწყობს, როგორც დასავლეთ საქართველოს ტრადიციული საექსპორტო დარგის საექსპორტო პოტენციალის მაქსიმალური გამოყენების სტიმულირების გზით შემოსავლების ზრდას, ისე ახალ ბაზრებზე წვდომას.


-  ყველასთვის ცნობილია, რომ მაჟორიტარი დეპუტატების უფლებამოსილება, მოსახლეობის პრობლემის მთავრობამდე მიტანით შემოიფარგლება. რა ბერკეტებს გამოიყენებთ, რომ ადგილობრივების პრობლემა დაუყოვნებლივ გადაიჭრას?


- ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ ხელისუფლებასთან. ძალიან აქტიურად არის ჩართული იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ზემოთ აღნიშნული პროექტების განხორციელებაში.


- თქვენი დეპუტატობის მანძილზე, თქვენი წინასაარჩევნო დაპირებებიდან რის მოგვარება შეძელით და რას გვეტყვით წყალტუბოს აღორძინების პროექტზე? რას შეცვლის მისი განხორციელება თითოეული წყალტუბოელისათვის?


- შეგვიძლია ბევრი საკითხი ჩამოვთვალოთ, რომლის გადაწყვეტა მოხერხდა ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ რჩება გამოწვევები რომელიც საჭიროებს მუხლჩაუხრელ ყოველდღიურ შრომას.  მთავარია ის რომ სწორი გზით მივდივართ, გვაქვს ხედვა და კონცეფცია ქალაქის განვითარების და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რეალური წარმატების საფუძველი - მასშტაბური განვითარების პროექტი, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ეკუთვნის -  წყალტუბოს გადაქცევა თანამედროვე, ევროპული დონის კურორტად, უკვე შეუქცევადი პროცესია. ათასობით ადამიანის დასაქმება და ის ეკონომიკური სიკეთეა, რასაც ეს მასშტაბური პროექტი მოიტანს, არამარტო იმერეთის რეგიონისთვის, მთელი ქვეყნისთვის იქნება წარმატების ერთ ერთი ყველაზე საუკეთესო მოდელი.


გისურვებთ წარმატებებს!


საინფორმაციო პორტალი "მხარე"


კომენტარები:

ფართი შოპი