"კამპანიაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია!"- ქუთაისში, „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ განიხილეს

08 Nov 2019 15:55

წყალტუბოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ცოტნე ზურაბიანმა, ქუთაისში, „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ განხილვაში მიიღო მონაწილეობა. 


"გუშინ, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შევხვდით და „ბავშვთა უფლებების კოდექსზე“ ვესაუბრეთ. დაინტერესებულ საზოგადოებას კოდექსის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები გავაცანით. რეგიონებში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საინფორმაციო კამპანია გრძელდება და ამ კამპანიაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია."-აღნიშნავს ცოტნე ზურაბიანი.


შეხევდრაზე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მოსახლეობას, ის პროგრამები გააცნეს, რომელიც „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში მომზადდება და რეგიონში განხორციელდება. შეხვედრა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ხელმძღვანელობდა.   


შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ ქუთაისის მერი - გიორგი ჭიღვარია, მერის მოადგილე - ნინო თვალთვაძე და პარლამენტარები - გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე. 


ცნობისთვის: „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ მე-9 მოწვევის პარლამენტმა, საშემოდგომო სესიაზე მესამე მოსმენით მიიღო. „ბავშვის უფლებათა კოდექსში “ 10 მთავარი პროგრამაა მუნიციპალიტეტებისთვის. ახალი კოდექსი ბავშვის და ოჯახის მხარდაჭერას, მშობლების კონსულტაციას, ბავშვის ჯანმრთელობის დაცვას, სოციალურ აქტივობაში ჩართვას და სხვა პროგრამების განხორციელებას გულისხმობს.  „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ძალაში 2020 წლის 1 ივნისს შევა. 



კომენტარები:

ფართი შოპი